OpenAI-ის გამოთვლებით, თავისი 800 მილიონი მომხმარებლის 15% ჩეტბოტთან ყოველკვირეულად ერთვება ემოციურ საუბრებში. საუბარია დაახლოებით 1.2 მილიონ ადამიანზე, რაც პირდაპირ შეგვიძლია ვთარგმნოთ მარტოობის გაზრდილ მაჩვენებლად და ტექნოლოგიებზე ემოციურ დამოკიდებულებად. ამიტომ ქვემოთ 5 სტრატეგიას შემოგთავაზებთ, რომლითაც ამგვარი დამოკიდებულების თავიდან არიდებაა შესაძლებელი:
1. რეალურად გაიაზრეთ, როგორ მუშაობს AI ტექნოლოგია
დახვეწილ AI ჩეტბოტს, რომელიც მეტად ემპათიური ჩანს ადამიანების ემოციების მიმართ, სულაც არ შესწევს ამის უნარი, თუმცა პროდუქტის დიზაინი მომხმარებლებს სხვანაირად აფიქრებინებთ. სწორედ ამიტომ აღიქვამენ მეგობრების, რომანტიკული პარტნიორებისა თუ სხვა ნდობით აღჭურვილი პირის ტოლფასად. წინადადებაში შემდეგი ასოს, სიტყვის ან სიტყვების სერიის პროგნოზირებით მუშაობს და საუბრების სიმულირებას ახდენს. ამიტომაც გამოდის ისე, რომ ზუსტად იმას გვეუბნება, რაც გვესიამოვნება…
ცრუ ფაქტების ჰალუცინაციასაც მიმართავს განსაკუთრებით მაშინ, როცა საუბარი დიდხანს გრძელდება და მას პასუხი არ აქვს. გამომდინარე იქიდან, რომ უმეტესად პასუხის გამოცნობაზე ჰყავთ დაპროგრამებული, ხშირად საოცრად არაპროგნოზირებადია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაიაზროთ, როგორ მუშაობს AI ტექნოლოგია, რათა ნდობაც ნაკლები გქონდეთ მის მიმართ და არც მეგობრად ჩათვალოთ.
2. აზროვნებას კი ნუ მოსთხოვთ, არამედ გარკვეული ამოცანები მიეცით
ამ საკითხზე Cyera-ს სტრატეგიული ოფიცერი სოლ რაშიდი საუბრობს TEDx-ში და გვეუბნება, რომ AI-ს ინტელექტუალურ ატროფიამდე მივყავართ, ამიტომაც მკაცრი წესები აქვს, როდის და როგორ გამოიყენოს იგი. ფიქრს კი არ მიანდობს მას, არამედ უფრო რუტინული ამოცანებისთვის იყენებს — კონკრეტული საჭმლის მოსამზადებლად ინგრედიენტების სიას სთხოვს, ხოლო სამსახურში მოკლე კონტენტის სათარგმნად იყენებს:
3. უპირველესად თქვენი აზრი ჩამოაყალიბეთ
ბევრ ადამიანს ChatGPT იმის გამო იზიდავს, რომ მყისიერ უკუკავშირს სთავაზობს და ხშირად ეთანხმება… რატომ უნდა მისწეროთ მეგობარს, რა ჩაიცვათ წვებულებაზე, როცა ChatGPT გაქვთ?! AI ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ არ მოვექცეთ ამ დინამიკაში — უპირველესად, მნიშვნელოვანია, ჯერ თავად ჩამოყალიბდეთ და შემდგომ სთხოვოთ ალტერნატივები, რადგან სხვა შემთხვევაში კრიტიკული აზროვნების უნარები დაგიქვეითდებათ.
4. ნუ დაეყრდნობით ჩეტბოტის ვალიდაციას, ეძიეთ ადამიანური კავშირები
თუ ჩეტბოტს ძალიან ხშირად იყენებთ რჩევებისა თუ კომპანიონობისთვის, ნამდვილ ადამიანურ კავშირებს გამოტოვებთ, რომლებიც ზუსტად იმ სიღრმეს გთავაზობთ თავისივე დადებითი და უარყოფითი მხარეებით, რაც ჩეტბოტს არ შეუძლია, რომ მოგცეთ. ცდუნებაც დიდია — როცა ChatGPT-4o-ს მსგავსი მოდელები სულ იმას გეუბნებათ, რაც გსიამოვნებთ, რთულია, საკითხის სხვა პერსპექტივიდან დანახვა მოსთხოვო. AI ექსპერტები ამ პროცესს ატრაქციონზე დამცავი ბარიერების გარეშე დაჯდომას ადარებენ, რომელიც თავიდან კი სახალისოა, მაგრამ ბოლოს ვარდნით სრულდება…
5. შეინარჩუნეთ სიცხადე AI ჩეტბოტთან საუბრისას
როცა საუბრისას ჩეტბოტი ზედმეტად გამოიჩენს ემპათიურობას, დაფიქრდით, რატომ იქცევა ასე… უბრალოდ დამხმარე ხელსაწყოდ ჩათვალეთ, რომელსაც ღირებული ინსაითების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა სწორედ მომხმარებელია ვალდებული, მკაფიო ხედვა განივითაროს და გადაწყვიტოს, მიღებული პასუხებიდან რომელია ღირებული მათთვის. ასე დამოკიდებულებასაც აირიდებს თავიდან და თავად არც ფიქრის უნარი შეეზღუდება.











