30
Oct
2019

ჩაცმა – ახალი კონცეფციის მაღაზია, ქართველი დიზაინერების პრაიმ ნამუშევრებით

30 Oct 2019

სულ რამდენიმე თვეა, რაც თბილისში ახალი ბრენდი „ჩაცმა“ გამოჩნდა. მის შოურუმებს გალერია თბილისსა და კოტე აფხაზის (ყოფილი ლესელიძე) ქუჩაზე შეხვდებით.

„ჩაცმა“ ის შემთხვევაა, როდესაც საკუთარი ოცნების ასასრულებლად და ბიზნესის დასაწყებად, კორპორატიული სამსახურის დატოვება წარმატებით სრულდება. მადო რომანაძე წლების განმავლობაში ბანკში მუშაობდა, თუმცა ცხოვრება რადიკალურად შეცვალა და დღეს უკვე თვლის, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩაცმა“ არის ადგილი, სადაც ქართველი დიზაინერების შექმნილი პრაიმ ნამუშევრები იყიდება. ტერმინი „პრაიმ ნამუშევრები“ კი ახალია და გულისხმობს, რომ ის მოდელები, რომლებსაც დიზაინერები ჩაცმაში წარმოადგენენ, ექსკლუზიურად ამ ბრენდისთვის არის შექმნილი.

„ჩვენ გვჯერა მოდის, რომელსაც არ აქვს შეზღუდვები, წინასწარ განსაზღვრული პარამეტრები და დაბრკოლებები. თანამედროვე ადამიანი უფრო და უფრო ნაკლებად არის გატაცებული საგნებით, ბევრად მნიშვნელოვანია, ვინ ხარ შენ, რას აკეთებ, ვიდრე ის, თუ რას ფლობ. გვინდა, რომ ჩვენთან ჩაიცვას ყველამ, ვისაც სურს საკუთარი თავის გამოხატვა და უყვარს მრავალფეროვნება, ამიტომ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენ არ გვექნება შეზღუდვები არც ფასით (ჩაცმაში შეიძლება 50 ლარადაც იპოვო შენთვის სასურველი ნივთი და 2500 ლარადაც) და არც კონკრეტული მიმდინარეობით (აქ კლასიკურ სამოსსაც ნახავს სტუმარი და ე.წ. trash fashion-საც).

სწორედ ამ იდეას გამოხატავს ჩვენი პირველი საკომუნიკაციო მესიჯი – No Filter,“მადო რომანაძე, ჩაცმის დამფუძნებელი.

„როდესაც ქართველი დიზიანერების თემას ხელს ჰკიდებ, ეს ეროვნულ სიამაყეს ეხება. ქართველ მომხმარებელს უნდა ეამაყებოდეს საკუთარ ქვეყანაში წამროებული სამოსის ჩაცმა და ასევე ამ ფორმით ჩვენ გვაქვს საშუალება, ტურისტებს გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის კულტურა, წარსული, აწმყო და მომავალი. ჩვენს მომხმარებლებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე ტურისტები. სულ მაწუხებდა ის ფაქტი, რომ დიდი ხნის განმავლობაში ქართველი დიზაინერების სამოსი ითვლებოდა ან ძალიან ძვირად, ან უხარისხოდ, ამიტომ ახალგაზრდა წარმატებულ ადამიანს ერჩივნა, შეეძინა ტანსაცმელი მასობრივი ბრენდების მაღაზიებში. ვცდილობთ, შევქმნათ ადგილი, სადაც მომხმარებელი დარწმუნდება, რომ ექსკლუზიური ნივთის შეძენა, კონკურენტულ ფასში და ხარისხით შესაძლებელია.“

ჩაცმას მაღაზიების ვიტრინაში პირველს თვალს მოჰკრავთ ფერად სკუტერებს. როგორც აღმოჩნდა, ეს მხოლოდ დეკორაცია არ არის და ჩაცმას იდეის ერთგვარი სიმბოლოა.

 

„რატომ გახდა სკუტერი ჩვენი სიმბოლო? რადგან მანამდე ის ახალი თაობის სიმბოლო გახდა. ქართველი ახალგაზრდობა დაემშვიდობა შავი ჯიპების, შავი ტანსაცმლის პერიოდს და ამ ფერადი ტრანსპორტითაც გაუსვა ხაზი საკუთარ სურვილებს, ხედვებს. ჩვენ ვიზიარებთ ამ თაობის იდეას, ბრძოლას თავისუფლებისა და უკეთესი მომავლისთვის. ჩაცმაში ფერებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ყოველთვის ვცდილობთ, დიზაინერების ფერადი კოლექციები ავარჩიოთ ჩვენი მაღაზიებისთვის და ბედნიერები ვიქნებით, თუ ახალ თაობას, თვითგამოხატვაში ჩვენც დავეხმარებით, თუნდაც ჩაცმით.“

ჩაცმა უკვე ფიქრობს გეოგრაფიულ გაფართოებაზე და სულ მალე რამდენიმე ახალი შოურუმის გახსნას გეგმავს.

[პარტნიორის კონტენტი]

განხილვა