ზოგჯერ, ერთი ჩვეულებრივი შეტყობინებაც შეიძლება გამოდგეს იმ ნაპერწკლად, დიდი ხნის წინ შეგროვილ აზრებს ერთბაშად რომ წაეკიდება და ადგილიდან დაძრავს. „გამოვიცვლი, გამოვალ და ჩავუფინოთ!“ – ამ გზავნილმა (და ცოტა ალკოჰოლმაც) თაკო ვარამაშვილისა და ირინკა აბაშიძის დიდი ხნის სურვილი – ერთობლივი ძალებით წამოეწყოთ საქმე, რეალობად აქცია. იდეა სპონტანურად, შეზღუდვების პერიოდში ზღვაზე დასვენებისას მოუვიდათ და PR სპეციალისტებმა, სამსახურების პარალელურად, „ჩაუფინეს“ ფრთების გაშლაზე დაიწყეს მუშაობა: „ჩვენს ცხოვრებაში ჯერ გაჩნდა სიტყვა „ჩაუფინე“ – რომელმაც ერთმანეთთან კომუნიკაციაში ჩაანაცვლა წინადადება -„ წამო დავლიოთ“. იმდენად ავიტაცეთ ეს სიტყვა, გადავწყვიტეთ გვეყიდა დომენი chaupine.ge და ამის შემდეგ უკვე სერიოზულად დავიწყეთ „ჩაუფინეს“ კონცეფციაზე ფიქრი.“
კონცეფცია
სასმელი და გასართობი ბარათები, რომლებიც გვკარნახობენ, როდის უნდა „ჩავუფინოთ“: „ჩაუფინე, თუკი, მეორე დღეს არაფერი გახსოვს“, „ჩაუფინე, თუკი ჩაფენილზე ყოფილისთვის სისულელეები მიგიწერია“.
„შექმნილი შეზღუდვებიდან გამომდინარე ბევრი ფიქრი დაგვჭირდა, თუ როგორ უნდა მივსულიყავით პოტენციურ მომხმარებლებამდე. იდეის განხორციელებამდე, ჩავატარეთ სიტუაციური ანალიზი, რა ვითარება იყო ბაზარზე და შემდეგ, ნელ-ნელა გადავდგით პირველი ნაბიჯები.
პროდუქტი აუცილებლად გართობასთან და მეგობრებთან ერთად, დროის სასიამოვნოდ გატარებასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. პირველად ეტაპზე, გადავწყვიტეთ, „ჩაუფინე“ ყოფილიყო ყუთი, რომელიც ყველაზე სახალისო, ბედნიერ და დასამახსოვრებელ მომენტებს შეინახავდა და შეზღუდვების ფონზე, ცოტა ხნით მაინც მოგვწყვეტდა არსებულ რეალობას.
ჩვენი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გავაღიმოთ, კარგ ხასიათზე დავაყენოთ და დადებითი ემოციებით დავმუხტოთ. სწორედ ამიტომ, მომხმარებლებისთვის სახალისო სიტუაციებს ვქმნით.“
M: როდის და რა გარემოებაში არის „ჩაუფინეს“ დრო?
პირველ ეტაპზე, შევქმენით სტანდარტული ყუთი, რომელსაც მუდმივად შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს. ამ ყუთში დაგხვდებათ: წიპწის არაყი – ყურძნის კურკის და შოკოლადის არომატების ნაზავი, სხვადასხვა მისაყოლებელი, იმისთვის რომ კიდევ უფრო გემრიელად ჩაუფინოთ და თამაში, რომელიც ბევრი ფიქრის და ცხოვრებისეული მაგალითების გახსენების შედეგად, ჩვენ თვითონ შევქმენით და მორგებულია ჩვენს არსებულ რეალობას, რაც კიდევ უფრო გასართობსა და ინტერაქციულს ხდის ურთიერთობებს.
როდესაც პირველი ყუთები ჩავუშვით, წამოგვეწია წინასაახალწლო პედიოდი, რაც საჩუქრების ჩუქებასთან და ერთმანეთის გახარებასთანაა დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა საახალწლო ყუთი გლინტვეინით. ეს ყუთი საკმაოდ კარგი იდეა აღმოჩნდა „secret santa”-ს თამაშის დროს.
მუდმივად ვცდილობთ, ჩვენი ყუთები იყოს აქტუალური, შესაბამისად, ვერგებით სხვადასხვა დღესასწაულს. 14 თებერვლისთვის შევქმენით წყვილის ყუთი. მოვიფიქრეთ თამაში – „ იდეალური წყვილი“, დავამზადეთ სასმელი – სანგრია და ვითანამშრომლეთ კომპანია „აიისასთან“, რომელმაც სპეციალურად „ჩაუფინესთვის“ შექმნა პრეზერვატივები.
M: რა ნიშის დაკავება გსურდათ ბაზარზე?
ჩვენი ნიშა წარმოგვიდგენია ძირითადად ახალგაზრდებში, რომლებსაც უყვართ ერთმანეთთან კომუნიკაცია, გართობა და არ ერიდებათ ნებისმიერ თემაზე საუბარი. ყველაფერი დაკეტილია, შესაბამისად, გაჩნდა საჭიროება, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან დაგვეკავშირებინა და გარე სივრცის სიტუაცია გადმოეტანათ სახლში, დროებით მაინც რომ მოწყვეტილიყვნენ ამ რთულ გარემოებას.
M: ვისთვის არის „ჩაუფინე“?
სამიზნე სეგმენტი არის ყველა, ვისაც უყვარს მეგობრებთან ერთად დალევა და გართობა. ახალი მომხმარებლების მოზიდვა, სოციალური ქსელებისა და პირადი კავშირების დახმარებით დავიწყეთ. მომხმარებლებიც, ძირითადად, ამ გზით გვიკავშირდებიან.
M: რა შთაგაგონებთ, აკეთოთ ეს საქმე პანდემიის კრიზისულ პერიოდში?
იმაზე რთული აღმოჩნდა 2020, ვიდრე წარმოგვედგინა. ორ ექსტროვერტ მეგობარს, რომელიც ყველაზე დიდ განტვირთვას ბევრ ხალხთან კომუნიკაციაში და ახალი აღმოჩენების გაკეთებაში პოულობს, საკმაოდ დიდი ხნით მოგვიწია სახლში ჩაკეტვა. გაგვიჩნდა უდიდესი სურვილი, რომ ჩვენი პარასკევი-შაბათის ტრადიცია არ დაგვეკარგა. სწორედ ამიტომ შევქმენით „ჩაუფინე“ – და ჩვენი საყვარელი ტრადიცია მაქსიმალურად მოვარგეთ პანდემიის პირობებს. ამ საქმის კეთება არის ჩვენი მთავარი მამოტივირებელი ძალა.
M: რა სირთულეები შეგხვდათ ამ დროის მანძილზე და როგორ დაძლიეთ?
„ჩაუფინეს“ მიზნები ბევრად უფრო დიადია, ვიდრე ჩვენი არსებული შეთავაზებები. მიზნების მისაღწევად, შეზღუდვები საკმაოდ გვაფერხებს, თუმცა იმედი გვაქვს, ძალიან მალე შევძლებთ განვახორციელოთ ის მთავარი იდეა, რისთვისაც დავიწყეთ. პანდემია, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვის არის ერთი დიდი გამოწვევა და სწორედ ამიტომ, მაქსიმალურად ვეცადეთ მოვრგებოდით არსებულ სიტუაციას – შევქმენით ყუთები, რომელთა გამოძახებაც ნებისმიერ ადამიანს, მისთვის სასურველ მისამართზე შეუძლია.
M: პარალელურად ორივე მუშაობთ – როგორ უთავსებთ სამსახურსა და “ჩაუფინეს”?
სამსახურის და საკუთარი საქმის ერთდროულად ისე კეთება, რომ არცერთს მოაკლო ყურადღება, საკმაოდ რთული აღმოჩნდა… მაგრამ, როდესაც გაქვს მიზანი, 24 საათი საკმარისია ორივე საქმესთან გასამკლავებლად. 24 საათიდან ძილს რამდენ დროს დაუთმობ, ეგ უკვე შენი გადასაწყვეტია. ჩვენ კი გადავწყვიტეთ, რომ ახლა ძილის დრო ნამდვილად არ არის.
M: რამდენად მოგებიანია, როგორც ბიზნესი?
„ჩაუფინე“ ორი თვის წინ გამოჩნდა ბაზარზე, შესაბამისად, რთულია მოგებიანობაზე საუბარი. თუმცა, ამ მცირე დროის განმავლობაში, მომხმარებელთა რაოდენობამ ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა, რისთვისაც დიდი მადლობა მათ.
M: თქვენი ხედვით, განვითარების რა პერსპექტივა აქვს “ჩაუფინეს”?
„ჩაუფინე“ არ არის მხოლოდ ყუთი, ის არის სიტუაცია, რომელში მოხვედრაც ბევრ ადამიანს სურს და უყვარს. შესაბამისად ჩაუფინეს განვითარების საკმაოდ დიდი პერსპექტივა აქვს. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი საინტერესო იდეა და მიზანი, რომელსაც ეტაპიბრიბად აუცილებლად განვახორციელებთ. მთავარია კორონავირუსი დავძლიოთ და შეზღუდვები მოიხნას – რაც ძალიან გვიშლის ხელს. სამომავლოდ კი, სიახლეებს ნამდვილად არ მოგკლებთ.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი