in

Chaynik: „ყველაფერი ისე დაუგეგმავად დავიწყეთ, ალბათ, ამიტომაც დავუშვით უამრავი შეცდომა“

„… რომლის გამოც, ძალიან ბევრი ვინერვიულეთ, თუმცა, ვისწავლეთ!“

Startauperi
Startauperi

ერთ საღამოს, კულინარიული ექსპერიმენტი სამმა მეგობარმა ქეითერინგის ბიზნესად აქცია. ჰოთ-დოგს, რომელშიც სოსისის ნაცვლად, ოჯახური კუპატი და ტყემლის საწებელი დაურთეს, „კუპადოგი“ დაარქვეს და მას შემდეგ, კერძი გუნდის მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებას ამშვენებს. ქეითერინგის ბიზნესს კი ბათუმში, „ჩაინიკის“ სახელწოდებით იცნობენ. კომპანიის თანადამფუძნებელი ნანუკა გორგილაძე ბიზნესთან დაკავშირებულ შეცდომებზე გვესაუბრა.

„თავიდან გვეგონა, რომ 100 კაცზე ყველაფერი 100-100 უნდა გვეკეთებინა და ერთგან მთელი ბათუმის სამყოფი შეკვეთა მივიტანეთ. მერე მთელი ღამე ბავშვთა სახლიდან – მოხუცთა თავშესაფრებში დავდიოდით, საჭმელი რომ დაგვერიგებინა.“

„არანაირი ბრენდინგი“

კუპადოგის მეგობრებთან დაგემოვნება და მეორე დღეს, ფესტივალზე გატანა ერთი იყო. მზად მხოლოდ კერძი გვქონდა, არანაირი ბრენდინგი… ვიცოდით მხოლოდ ჩვენ მიერ შექმნილი კერძის სახელი და კერძი, ფესტივალზე კი ისეთი მოთხოვნა იყო, თავგზააბნეულები დავრბოდით, თუმცა ფესტივალმა ძალიან დიდი შედეგი გამოიღო – ერთ-ერთი ჩვენი მეგობარი კომპანია დაგვიკავშირდა, ქეითერინგი გვჭირდება და ხომ არ დაგვეხმარებითო.  მომსახურება მეორე დღეს სჭირდებოდა და დავთანხმდით. ასე შეიქმნა Chaynik Catering & Event. ასე გადავერთეთ ქეითერინგში, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად მზარდი აღმოჩნდა. დავინახეთ, რომ ნაკლებადკონკურენტულ გარემოში ვიყავით ამ მხრივ. დღეს, კუპადოკი არის ქეითერინგის ნაწილი, რამაც ჩვენი გეგმები ამოაყირავა.

„გვეგონა ყოვლისშემძლეები ვიყავით“

1-2 შეკვეთა ჩვენით ვაკეთეთ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვითხოვდით ევროპული კერძების ქართული სახით წარმოდგენას, მზარეულები იბნეოდნენ და თავს შორს იჭერდნენ ჩვენგან. მზარეულიც, მიმტანიც, გაყიდვებიც, PR-ც, შესყიდვებიც, ტრანსპორტმენეჯერიც თავად ვიყავით. ერთხელ დაგვემთხვა, რომ ერთსა და იმავე დღეს, იმავე საათზე, ორი დიდი შეკვეთა ავიღეთ, მაგრამ ვერცერთს ვერ გავაუქმებდით. იქიდან გამომდინარე, რომ ბათუმი პატარაქალაქი გვეგონა, ვფიქრობდით, იქამდე  მისვლას რა უნდაო და სინამდვილეში, ყველგან ვაგვიანებდით. ისეც მოხდა, რომ ერთ-ერთ კომპანიასთან მანქანაში დაგვრჩა სასმელები, მანქანამ კი ბათუმი დატოვა… რა უნდა გვექნა?! ვირბინეთ იქვე მდებარე მაღაზიებში და რაც კი წყალი და წვენი იყო, ყველა ჩვენ ვიყიდეთ. დამწყები სტარტაპი ვიყავით, ყველა შეკვეთას ვთანხმდებოდით. ვფიქრობდით, რომ ასე ბევრი ადამიანი გაგვიცნობდა, თუმცა გამოგვრჩა, რომ რეალურად მხოლოდ იმ ადამიანებმა იცოდნენ ჩვენ შესახებ ვინც რეალურად გვიკავშირდებოდა და გვიკვეთავდა, პოპულარიზაციისა თუ ბრენდინგის სახით არაფერს ვაკეთებდით. ამ შეცდომაზე ვისწავლეთ და ახლა ყველაფერი დაბრენდილი გვაქვს. ამ თითქოს პატარა, მაგრამ დიდი შეცდომის გამოსწორებამ კარგი შედეგი მოგვიტანა, კვირაში 3-4 შეკვეთა გვააქვს, რაც ბათუმის ბაზრისთვის საკმაოდ მაღალია.

და მაინც…

„ვფიქრობ, რომ არა შეცდომები, დღეს, ალბათ ერთ-ერთი წარუმატებელი სტარტაპი ვიქნებოდით ჩვენც. ამ შეცდომებით ვისწავლეთ და კმაყოფილი მომხმარებლების ჯაჭვი ჯერ არ გაწყვეტილა.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

ხელოვნურებს განსაცდელი ელით! – Burger King-მა რეკლამაში დიდი ჟლეტა მოაწყო

ბათუმის ახალი სტადიონის სახელწოდების უფლება „აჭარაბეთმა“, 8.7 მილიონ ლარად შეიძინა