8
Aug
2018

დისტანციური Check in ოკუპირებულ სოფლებში! – Kraken-ის ციფრული კამპანია „დაჩექინდი სამაჩაბლოში“

8 Aug 2018

„დაჩექინდი სამაჩაბლოში“ – #checkinsamachablo – სარეკლამო სააგენტო „კრაკენის“ კამპანიაა აგვისტოს ომის 10 წლისთავთან, რუსეთ-საქართველოს 2008 წლის შეიარაღებულ კონფლიქტთან დაკავშირებით, იმის საილუსტრაციოდ, რომ ცნობიერებასა და ციფრულ სამყაროში მავთულხლართი ვერ იქნება ბარიერი. ვინაიდან, ფიზიკურად, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ჩასვლის შესაძლებლობა ქართველებს არ აქვთ, სააგენტომ პროტესტის ფორმად ასეთ სოფლებში დისტანციურად დაჩექინება მოიფიქრა. ნებისმიერი ფეისბუკმომხმარებლის აქტიურობითა და დაჩექინებით კი, ეს ადგილები დაფიქსირდება, როგორც სოფლები ქართული დასახელებებით. ამ ეტაპზე რამდენიმეს უკვე დაუმტკიცდა ქართული სახელი.

ამ დროისთვის, შექმნილია ათი ოკუპირებული სოფლის გვერდი. ამ გვერდებზე შესაძლებელია სხვადასხვა სახის ინფორმაციის ნახვა ამ სოფლებისა და მათი მაცხოვრებლების შესახებ: კეხვი • Kekhviბერულა • Berulaსაცხენეთი • Satskhenetiერედვი • Eredviაჩაბეთი • Achabeti, ვანათი • Vanatiაწრისხევი • Atsriskheviავნევი • Avneviქსუისი • Ksuisiბელოთი • Beloti.

კამპანია ემსახურება ციფრულ რუკებზე, რომელსაც იყენებს ფეისბუკი, რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული სოფლების გამოჩენას ქართული დასახელებებით. გავაკეთეთ სოფლების ფეისბუკგვერდები, სადაც ადამიანები აგვისტოს ომზე, ოჯახზე, მშობლიურ ადგილებზე ჰყვებიან ისტორიებს, რომ მავთულხლართების გამო, ვეღარ მიდიან იქ, სადაც ბავშვობის მოგონებები აკავშირებთ. ძალიან ბევრი მომხარებელი გვწერს და გვიზიარებს ინფორმაციას საკუთარ სოფელზე და დღეს უკვე, გადავედით იმ რეჟიმში, რომ ყველა, დაახლოებით, 300-მდე სოფელი დავიტანოთ რუკაზე და გავუკეთოთ ფეისბუკგვერდი. დიდი მასალაა, მაგრამ არ ვაპირებთ გაჩერებას, რადგან გვინდა, ჩვენი ციფრული ვალი მოვიხადოთ დაკარგული სოფლების წინაშე. აფხაზეთიდანაც მოგვწერეს და მათაც აქვთ რუკაზე გამოჩენის სურვილი, უნდათ, იგივე გავაკეთოთ აფხაზეთის სოფლების შემთხვევაშიც, – თორნიკე ტურიაშვილი, „კრაკენის“ დამფუძნებელი პარტნიორი. 

როგორ უნდა დავჩექინდე:
სმარტფონებიდან ოკუპირებული სოფლების ფეისბუკგვერდზე გადასვლის შემდეგ, მარჯვენა ზედა მხარეს მოძებნეთ ღილაკი, სადაც გამოსახულია მრავალწერტილი, ჩამოშალეთ და მიუთითეთ Check in, გააზიარეთ საჯაროდ და სტატუსად მიუთითეთ: #checkinsamachablo

განხილვა