28
May
2016

#ჩემი ნაბიჯი – საგზაო უსაფრთხოების დაცვის ახალი ქართული კამპანია

28 May 2016

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ინიცირებული პროექტია, რომელიც ახალი კონცეფციით გაგრძელდა. პროექტის ახალი ეტაპი პოზიტიური ვიდეო რგოლით დაიწყო, რომელიც საზოგადოებას მიმართავს: – „დაიცავი მოძრაობის წესები შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის!“. ახალი კამპანიის შესახებ სარეკლამო სააგენტო Redberry-ს დამფუძნებელმა გაგა დარსალიამ ისაუბრა „მარკეტერთან“.

 

M: რა არის ამ კამპანიის არსი და რით განსხვავდება წინა პროექტებისგან?

კამპანიის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მოსახლეობა უფრო მეტად გათვითცნობიერდეს საგზაო უსაფრთხოების დაცვის კუთხით. ძველი კამპანიებისგან განსხვავებით, მიზნად დავისახეთ საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვა სამაგალითო საქციელად წარმოვაჩინოთ. ახალი კამპანია, პირადი პასუხისმგებლობის ამაღლებას ემსახურება და უფრო პოზიტიურია.

M: რა არის ამ კამპანიის მიზანი?

მიზანია, რომ ხალხმა უფრო მეტად დაიცვას საგზაო მოძრაობის წესები, მეტად იზრუნოს თავისი უსაფრთხოების დაცვისთვის  და არ შეუქმნას საფრთხე სხვას. კამპანიის შედეგად გვინდა საზოგადოების ცნობიერებაში გავზარდოთ საგზაო მოძრაობის წესების დაცვის მნიშვნელობა, როგორც საკუთარი და გარშემომყოფთა უსაფრთხოების, ასევე ქვეყნის პროგრესული განვითარებისთვის. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მათ მიერ გადადგმული რამდენიმე ზედმეტი ნაბიჯი ქვეყნისთვის დიდი ნახტომია. სწორედ, აქედან გამომდინარეობს კამპანიის მთავარი გზავნილიც: “#ჩემინაბიჯი შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის”.

M: ვინ არის ჩართული ამ პროექტში?

პროექტის ორგანიზატორები არიან შსს და ციფრული სააგენტო Redberry. ჩვენი კომპანიის გარდა, პროექტში ერთიანდება კიდევ 5 სარეკლამო სააგენტო: JWT Metro, Holmes and Watson, Windfors, ABK, Leavingstone. ეს სააგენტოები კამპანიის ფარგლებში პოსტერებს შექმნიან, რომლებიც პროექტის Facebook გვერდზე განთავსდება.

13227179_1705599586359165_5810591576054088984_n

ცხოვრება თამაში არ არის! ნუ გადადგამ ნაბიჯს დაუფიქრებლად!

M: რა ფორმით გაგრძელდება კამპანია?

კამპანიის გავრცელების ძირითადი არეალი ონლაინ მედია და სოციალური ქსელები იქნება. პოსტერების განთავსების გარდა, ფუნქციონირებას დაიწყებს კამპანიის ვებ გვერდი, დაიგეგმება ქუჩის სხვადასხვა აქტივობები და მოიხატება ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელები. კამპანიაში  სხვადასხვა ცნობილი სახეებიც ჩაერთვებიან.



განხილვა