მიუხედავად მოსწავლეების ინტერესისა, ქართული განათლების სისტემა ჯერ კიდევ ვერ უზრუნველყოფს ისეთი დარგის ეფექტურად სწავლებას, როგორიც ქიმიაა. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც იყოს, რის გამოც ეს სფერო, პროფესიული თვალსაზრისით, ნაკლებად მოთხოვნადია. სწორედ ამ პრობლემის დასაძლევად შეიქმნა Sparklab Chemistry -ქართული აპლიკაციაა, რომელიც AR/VR ტექნოლოგიით უზრუნველყოფს ქიმიის სწავლას და უკვე მისაწვდომია android და iOS ოპერაციული სისტემებისთვის. პროექტი Futurelab-ის ფარგლებში განხორციელდა და გლობალური ხედვიდან გამომდინარე კომპანია ARX-ად ჩამოყალიბდა. იდეა სკოლის მოსწავლეს – ნიკა დევაშვილს გაუჩნდა, რომელიც არსებული ქიმიის სახელმძღვანელოების არაინტერაქტიულობით და ბანალურობით იყო უკმაყოფილო. დეტალებზე სწორედ მას მივმართეთ.
M: რა ეტაპზეა ამ დროისთვის აპლიკაცია, უკვე შესაძლებელია მისი გამოყენება? ვის შეუძლია აპლიკაციით სარგებლობა?
Sparklab Chemistry – განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სურთ ქიმიის სწავლა და ასევე იმათთვისაც, ვისაც მეცნიერებისადმი ინტერესი აქვს, აპლიკაცია რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: Sparklab lessons მომხმარებელს ეხმარება შეიძინოს ცოდნა ქიმიის დარგში. მეორე კომპონენტია ექსპერიმენტები, რომლებიც შექმნილია იმისთვის, რომ მომხმარებლებს შეეძლოთ სხვადასხვა ექსპერიმენტების ჩატარება გაფართოებულ და ვირტუალურ რეალობებში, მაგალითად, შეუძლიათ ისწავლონ, როგორ გააკეთონ ქიმიური ვულკანი ან როგორ შექმნან სამოყვარულო რაკეტები.
M: რას მოიცავს აპლიკაცია? თეორიული თუ პრაქტიკული ცოდნის მიღების საშუალებას რა მიდგომით იძლევა?
სპარკლაბი ასევე მოიცავს ფუტურისტულ პერიოდულ სისტემას, ტესტებს და სხვადასხვა სამეცნიერო ვიდეოებს. ამჟამად, აპლიკაციის მხოლოდ MVP მოდელია შექმნილი და მისი განვითარება და ტესტირება ისევ გრძელდება, Sparklab Chemistry ხელმისაწვდომია როგორც Play Store-ზე, ასევე App Store-ზეც. აპლიკაცია სრულიად უფასოა, რის გამოც მომხმარებელს შეუძლია საკმაოდ ბევრი ექსპერიმენტი ჩაატაროს და უყუროს სხვადასხვა გაკვეთილებს, მაგრამ შემდგომ ვერსიებში დაემატება ფუნქციები, რომლებიც ფასიანი იქნება.
M: რა მიმართულებით გეგმავთ ამ პროექტის განვითარებას?
რაც შეეხება შემდგომ განვითარებას, შეგვიძლია ორად დავყოთ: აქედან ერთ-ერთია ის აპლიკაცია, რომელიც ამწამს წარმოდგენილია მობილურ მარკეტებზე და ხელმისაწვდომია ყველასთვის, მაგრამ ჩვენი AR/VR ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, სპარკლაბს შეუძლია ძალიან დიდი პრობლემა გადაჭრას იმ სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ ლაბორატორია და სხვადასხვა აღჭურვილობა იმისთვის, რომ ბავშვები მეცნიერებით დააინტერესონ, ძალიან ხშირად ბავშვებმა არ იციან, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ რეალურ ცხოვრებაში ფიზიკასა და ქიმიაში მიღებული ცოდნა და ამ მდომარეობით საქართველოში მასწავლებლისთვის ძალაინ ძნელია ბავშვი დააინტერესოს ქიმიით თუ მას ამ საგნის მთავარ სილამაზეს პრაქტიკულად ლაბორატორიაში არ აჩვენებს. ამჟამად, საქართველოში ასეთი რესურსის ძალიან დიდი ნაკლებობაა, რადგან ლაბორატორიების გახსნა და შემდგომში მომარაგება საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დამოკიდებული, Sparklab კი უზრუნველყობს, რომ სკოლებმა ვირტუალურად ჩაატარონ ექსპერიმენტები ქიმიასა და სხვა საბუნებისმეტყველო საგნებში, რაც საბოლოო ჯამში, ძალიან დიდ ფინანსებს დაუზოგავს ამ დაწესებულებებს, დაეხმარება მათ უფრო მეტად დააინტერესონ მოსწავლეები საბუნებისმეტყველო საგნებში და ანახონ, როგორ შეუძლიათ გამოიყენონ სკოლაში თეორიულად მიღებული ცოდნა რეალურ ცხოვრებაში.