„ეს დილა ჩვენია – ჩვენს გემოზე; ეს ყავა ჩერია – ჩვენს გემოზე” – თუ ეს ფრაზა კი არ წაიკითხე, არამედ წაიღიღინე, ესე იგი, ყავა Cherie-ს ახალი კლიპი უკვე ნანახი გაქვს და შთაბეჭდილებაც მოუხდენია.
შემოქმედებითი სამყარო დიდი ხანია, რეკლამას მხოლოდ „რეკლამად” აღარ აღიქვამს და ბრენდები არ გვეუბნებიან: „იყიდე ჩემი პროდუქტი”. ისინი გვიჩვენებენ თავიანთ ღირებულებას. ხალისით, სიმღერით, ნაცნობი სახეებით გადმოცემული ეს ვიდეორგოლიც ამის დასტურია Cherie-სგან, ამიტომ გადავწყვიტეთ, მის შემქმნელებთან ერთად მოგვეყოლა, როგორ დაიგეგმა კამპანია „ჩერის უბნის მელოდიები”.
ამ ამბავს ის აღსანიშნავი გარემოებაც ემატება, რომ ბრენდი 2025 წლიდან „დიპლომატ ჯორჯიას” მფლობელობაში გადავიდა და ამით მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. ამას თავად ნატა წერეთელიც, „დიპლომატ ჯორჯიას” მარკეტინგის ხელმძღვანელიც გვიდასტურებს:
„სწორედ ამ ცვლილებამ განსაზღვრა კომუნიკაციისადმი სრულიად განსხვავებული, უფრო აქტიური და ამბიციური მიდგომა.
Cherie თავიდანვე გამოირჩეოდა უნიკალური კონცეფციით – ეს არის ყავა, რომლის გემოც სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შეიქმნა. თითოეული პროდუქტის გემოვნური მახასიათებელი დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით იყო შერჩეული, რაც ბრენდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა.
დღეს კი ამ ისტორიის, შრომისა და განსხვავებული გემოს ფართო აუდიტორიამდე სწორად მიტანის საჭიროება დადგა. Cherie-ს მიზანია არა მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება, არამედ მისი უნიკალურობის აქტიური წარმოჩენა და მომხმარებელთან უფრო ახლო, ემოციური კავშირის შექმნა”.
ახალმა გუნდმა Cherie-ს შეხედა, როგორც მომხმარებლის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს, რამაც მალევე გამოკვეთა ის რიტუალები თუ ტრადიციები, რომლებიც დაფქული ყავის დალევას ახლავს თან.
„ამ დაკვირვებამ მიგვიყვანა იდეამდე, რომ ბრენდის ისტორია უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად ორგანული და ავთენტური, ისეთი, როგორიც რეალურად არსებობს ადამიანების ყოველდღიურობაში.
ეს არის ისტორია, რომელიც იწყება ყოველ დილას ჩვენს ოჯახებში, დილის პირველ ფინჯან ყავასთან ერთად, შემდეგ კი ბუნებრივად გრძელდება დღის განმავლობაში და სხვადასხვა მომენტად გარდაიქმნება”, – ნატა წერეთელი.
„ბრენდის შექმნის პროცესში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ყავის გემოების კვლევას, მოხალვის ხარისხსა და მარცვლის წარმომავლობას, რათა შექმნილიყო გემო, რომელიც მაქსიმალურად შეესაბამება ქართულ გემოვნებას და რეალურად „ჩვენია“, მხოლოდ საქართველოსთვის შექმნილი. ამასთან, მნიშვნელოვანია ისიც, რომ Cherie პირველი ყავის ბრენდია, რომელიც საქართველოში იწარმოება, რაც ამ მესიჯს კიდევ უფრო მეტ სიმძაფრეს და სანდოობას სძენს”, – ნატა წერეთელი.
რაც შეეხება კრეატიულ გადაწყვეტას, იდეის კონცეფციად ქცევისთვის გუნდმა სააგენტო Holy Motors-ს მიმართა, რომლის კრეატიული დირექტორი გიორგი ავალიანიც გვეუბნება, რომ სწორედ ზემოხსენებული ყავის, როგორც რიტუალისა და ტრადიციების მიგნებამ მიიყვანა შემქმნელები მიუზიკლთან, მონატრებულ ჟანრთან, რომელიც ყავასაც და ხასიათსაც ერთნაირად უხდება.
„ჩერის უბნის მელოდიების” ყველაზე ძვირფასი გასაღები სწორი შემოქმედებითი კავშირები და ბედნიერი კოლაბორაცია იყო – ყველას კარგი დრო უნდა ეტარებინა და ეს ყველაფერი თან დამაჯერებელიც უნდა გამოსულიყო.
კონკრეტული არტისტი თავიდან არ მოიაზრებოდა, მაგრამ ნატამ დაგვაფიქრა, რომ სტეფანე ძალიან მოუხდებოდა ამ როლს, რის შემდეგაც თითქოს ყველაფერი დალაგდა. შევკრიბეთ ისეთი გუნდი, რომელსაც კარგად ესმის ერთმანეთის: ნიკა ჩოხელი მუსიკალურ ფლანგზე და გიორგი მეშველიანი – რეჟისორად.
მიუზიკლი არ არის მარტივი ჟანრი და ბედნიერი ვარ, რომ „ჰოლი მოტორ ფილმსთან” ერთად ირაკლი „პითა” სოლომონიშვილის მეთაურობით ვიდეოწარმოების ყველა მიმართულება ერთად და ჰარმონიულად მუშაობდა – ქასთინგიდან დაწყებული, კოსტიუმებითა და ქორეოგრაფიით დასრულებული. გამორჩეული მადლობა Nisley Studioსა და მხატვრების გუნდს, პროფკავშირების კულტურის ცენტრის სცენაზე თვალის დახამხამებაში სრულყოფილი მიუზიკლის დეკორაცია რომ წამოჭიმეს. ჩვენმა მსახიობებმა: მარიამ, ანამ და ნათიამ შეუდარებელი მეზობლობა გააცოცხლეს – ზუსტად ის ცოცხალი, ქართული ენერგია დატრიალდა, რაც ჩავიფიქრეთ”, – გვიყვება გიორგი ავალიანი.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ სიმღერის პირველი „შავი” ვერსია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეიქმნა Suno AI-სთან ერთად. თუმცა, რა თქმა უნდა, მის „გაშალაშინებაში” საბოლოო ჩართულობისა და შედეგისთვის აპლოდისმენტები ნიკა ჩოხელსა და სტეფანე მღებრიშვილს ეკუთვნით.
ის კოდები, რაც „უბნის” კულტურას უკავშირდება, თანამედროვე აუდიტორიისთვისაც აქტუალური სწორედ ამ ფორმით გახდა:
„სიმღერა ჩვენი კულტურული იდენტობის ნაწილია. ხანდახან რთულია, გვემღერებოდეს, მაგრამ ჰაერივით გვჭირდება განტვირთვა და ამოსუნთქვა. Cherie ზუსტად ის ქართული პროდუქტი და ბრენდია, რომელსაც შეუძლია ყველა აგვამღეროს”, – გვიზიარებს გიორგი ავალიანი.
[R]













