11
Jul
2019

ჩერნობილი ტურისტებისთვის, ოფიციალურად, გაიხსნა 

11 Jul 2019

ჩერნობილის ზონა, სადაც 1986 წელს ბირთვული აფეთქება მოხდა, ტურისტებისთვის ოფიციალურად გაიხსნა. გადაწყვეტილებას ხელი უკრაინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ უკვე მოაწერა. BBC-ის ინფორმაციით, მომზადდება სპეციალური ტურისტული მარშრუტები. ასევე დაიწყება სამუშაოები, ტერიტორიაზე, სრულფასოვანი მობილური კავშირის მისაღებად.

„ჩერნობილი, წლების მანძილზე, უკრაინის, როგორც ბრენდის ნეგატიური მხარე იყო. მოვიდა დრო, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს“, – ამბობს ვლადიმირ ზელენსკი.

პრეზიდენტის განკარგულება ითვალისწინებს ჩერნობილის ზონაში ტურისტული ობიექტის განვითარების სტრატეგიის შემუშავებას და დამტკიცებას. ასევე, იგეგმება ახალი მარშრუტების შედგენა.

ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ჩერნობილში ტურისტებსა და მეცნიერებისთვის, სპეციალური,  „მწვანე კორიდორი“ შეიქმნება.

„ ეს არის უნიკალური ადგილი მთელ პლანეტაზე, სადაც ბუნება ხელახლა დაიბადა. ამიტომ, ჩერნობილი უნდა ვაჩვენოთ მსოფლიოს მეცნიერებს, ეკოლოგებს, ისტორიკოსებს, ტურისტებს“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღარ იქნება რიგები ჩერნობილის ზონაში მოსახვედრად საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, რაც თავის მხრივ იქ არსებულ კორუფციულ სქემას მოშლის. პრეზიდენტის განკარგულებით მოიხსნება ამ ტერიტორიაზე ფოტო-ვიდეო გადაღებაზე დაწესებული შეზღუდვები.

„მოდით, შევწყვიტოთ ხალხის და ტურისტების შეშინება და დახურული ზონა სამეცნიერო და ტურისტულ მაგნიტად ვაქციოთ. შევქმნათ აქ თავისუფლების მიწა, რომელიც ახალი უკრაინის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება კორუფციისა და სულელური აკრძალვების გარეშე, ინვესტიციებით და მომავლით. გავაკეთოთ ეს ერთად“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ

1986 წლის 26 აპრილს მომხდარი „ჩერნობილის აფეთქება“ მსოფლიოს ატომური ენერგეტიკის ისტორიაში უმსხვილესი ტექნოლოგიური კატასტროფაა. იმის მიუხედავად, რომ რადიაციის დონე, ნორმაზე მაღალია, ტურისტები, რამდენიმე წელია, საკუთარი ინიციატივით სტუმრობენ ჩერნობილს.

 

განხილვა