14
სექ
2018

43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა „ბლექ სი არენაზე“ გრანდიოზული შოუთი გაიხსნება

14 სექ 2018

23 სექტემბერს, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა გრანდიოზულად გაიხსნება „ბლექ სი არენაზე“. ეს იქნება მასშტაბური შოუ, რომელზეც 1000-ზე მეტი ადამიანი მუშაობს. ორგანიზატორები დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან არა მარტო ქართველ, არამედ მსოფლიოს 180 ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმრებს.

bog qulebi
Bog Xelfasi mob

 

სპეციალურად, ბათუმის ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ცერემონიალისთვის, მუსიკა შექმნეს ნიკოლოზ რაჭველმა და DJ კორძიმ, საბალეტო ნომერი დადგა ნინო ანანიაშვილმა, ახალი ცეკვით, რომელზეც ილიკო სუხიშვილმა იმუშავა, მაყურებლის წინაშე ანსამბლი „სუხიშვილები“ წარდგება.

გახსნის ცერემონიალი აერთიანებს როგორც კლასიკური, ისე თანამედროვე კულტურის წარმომადგენლებს. „ბლექ სი არენაზე“ მისული სტუმრები სცენაზე იხილავენ – ნინო ქათამაძეს, ლადო ათანელს, ლიზა ბაგრატიონს, გიორგი უშიკიშვილს, გიორგი ცაგარელს, ნიკა კოჩაროვსა და Young Georgian Lolitaz-ს, ფოლკლორულ ანსამბლს „ლაშარი“, აჭარის სახელმწიფო კაპელას და რასაკვირველია, ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით და ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასს. დროშების აღლუმს წარადგენენ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსანტები.

სპეციალურად გახსნის ცერემონიისთვის განკუთვნილი ბუკლეტის ტექსტი შექმნა აკა მორჩილაძემ.

გახსნის საზეიმო ცერემონიალის დამდგმელი რეჟისორია ზაალ ჩიქობავა, მხატვარი – თამარ ფოცხიშვილი, მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი, დამდგმელი ქორეოგრაფი ილიკო სუხიშვილი. აღმასრულებელი პროდიუსერები: თეა ყიფშიძე და ბაჩი ზურებიანი.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონია „ბლექ სი არენაზე“ დაიწყება 23 სექტემბერს, 21.00 საათზე და საზოგადოებას მიეცემა საშუალება, გრანდიოზული შოუ ოლიმპიადის პარტნიორის, „პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში იხილოს.

14 სექტემბერს 16.00 საათზე ჭადრაკის სასახლეში (ვერის ბაღი) ფიდეს კონსულტანტები და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის აღმასრულებელი პროდიუსერები ბათუმის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელებთან, გახსნის ცერემონიალის შემოქმედებით ჯგუფთან და „ბლექ სი არენას“ წარმომადგენლებთან ერთად მართავენ პრესკონფერენციას.

23 სექტემბრის გრანდიოზული შოუთი „ბლექ სი არენას“ წლევანდელი სეზონი საზეიმოდ დაიხურება.

[R]

 

განხილვა