in

„ვცდილობთ, ბენეფიციარებს მაღალანაზრაურებადი პროფესიები შევასწავლოთ, რათა რეგიონებშივე შეძლონ დასაქმება“ – ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი

საუბარი რეგიონებში დაბრუნებასა და ადგილობრივი შრომითი ბაზრის განვითარებაზე, ბოლო წლებში, განსაკუთრებით გააქტიურდა. პანდემიის წლებმა დედაქალაქიდან რაიონებში მიგრაციის ინტერესი განსაკუთრებით გაზარდა. ამან კი, თავის მხრივ, ადგილობრივი მასშტაბით, განათლებისა და განვითარების შესაძლებლობაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა. სწორედ, ამ გარემოებიდან გამომდინარე შეიქმნა ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი, რომელმაც Digital Bus Academy-სთან ერთად, ათობით ბენეფიციარისთვის უფასოდ უზრუნველყო არამხოლოდ აქტუალური პროფესიების სწავლება, არამედ სამოქალაქო განათლების მიცემაც. ცენტრის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ამ გზით შესაძლებელია ადგილობრივი მოსახლეობის გაძლიერება, რაც სხვა დიდ ქალაქებში მიგრაციას შეამცირებს და რეგიონში ცხოვრებისადმი ინტერესის მნიშვნელოვნად ზრდა. დეტალებზე ჩვენს შეკითხვებს ჭიათურის მულტიფუნციური ცენტრის დირექტორმა ნატალია პატარიძემ უპასუხა.

M: რას მოიცავს თქვენი საგანმანათლებლო პლატფორმა?

ნატალია პატარიძე

2020 წლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც კოვიდ პანდემიამ არა მარტო საქართველო, არამედ მსოფლიო შეაჩერა, ისეთ პატარა ქალაქებში, როგორიც ჭიათურა და ზესტაფონია, გაჩნდა ახალი საგანმანათლებლო სივრცე ახალგაზრდებისთვის – ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი. ცენტრის მიზანი რეგიონში საგანმანათლებლო ჰაბის შექმნაა, რომელიც ადგილობრივებს, კერძოდ, ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრებ ახალგაზრდებს უფრო აქტიურად ჩართავს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და დაეხმარება შრომით ბაზარზე ეფექტიან ინტეგრაციაში.

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის ფარგლებში შეიქმნა. კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა იმ ქალაქებში, სადაც ოპერირებს. მთავარი მიზანია, ახალგაზრდები დაეუფლონ იმ საჭირო ცოდნას, უნარებსა და გამოცდილებას, რომელიც ეკონომიკურ ღირებულებას აწარმოებს.     

ამ მიზნით, ცენტრს აქვს ოთხი ძირითადი მიმართულება: ესენია, პროფესიული მომზადება-გადამზადების, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის, ეკონომიკური გაძლიერებისა და საგანმანათლებლო – სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულების პროგრამები.

სასიხარულოა, რომ ინტერესი ადგილობრივი ახალგაზრდებისგან, კერძოდ ჭიათურასა და ზესტაფონში მცხოვრები საზოგადოების მხრიდან ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ძალიან მაღალია.   

M: გვიამბეთ Digital Bus Academy-ის იდეაზე. როგორ ცდილობთ ქვეყანაში განათლების დონის გაუმჯობესებას და როგორია ამასთან დაკავშირებით თქვენი ხედვა?

ვცდილობთ, პროფესიული მიმართულებით ისეთი პროგრამები დავგეგმოთ, რომლებიც დღევანდელ შრომის ბაზარზე მაღალანაზღაურებადია. ეს კი გვაძლევს იმედს, რომ პროექტში ჩართული ადამიანები გადაიფიქრებენ მიგრაციას ქალაქებიდან და ადგილზე დასაქმდებიან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, აქცენტი ტექნოლოგიებზე გაგვეკეთებინა და თანამშრომლობა Digital Bus Academy-სთან დავიწყეთ.

მულტიფუნქციურ ცენტრში Digital Bus Academy-ისთან თანამშრომლობით უკვე არაერთი კურსი წარიმართა, რომელთა შორისაა: რობოტექნიკა, Python, Front-End, WordPress, UI/UX და გრაფიკული დიზაინი. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნის გამო, მიღების ახალ სეზონზე განვაახლეთ რობოტექნიკის კურსი და დავამატეთ პროგრამირების ახალი ენა – C#.

მინდა აღვნიშნო, რომ ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი არა მხოლოდ არაფორმალური სივრცეა საგნობრივი განათლების მისაღებად, არამედ გვსურს, რომ ყველაფერთან ერთად ახალგაზრდებმა გაიზიარონ და შეიმეცნონ ის ღირებულებები, როგორებიცაა ჰუმანიზმი, თანადგომა, მეგობრობა და რაც ასევე მთავარია – განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების უნარები.

M: რას გულისხმობს თქვენი თანამშრომლობა და როგორ შედგა კოლაბორაცია? რა არის მთავარი მიზანი, რამაც გაგაერთიანათ? რა არის სასწავლო სისტემის ეფექტიანობის მთავარი პრინციპი?

Digital Bus Academy-ი მსოფლიოს საუკეთესო აკადემიებში შეკრებილ გამოცდილებაზე დაყრდნობით შექმნილი ორგანიზაციაა. ჩვენი და Digital Bus Academy-ის იდეა – „მოვამზადოთ სტუდენტები მუდმივად ცვალებადი ციფრული სამყაროსთვის“ დაემთხვა, რამაც განაპირობა თანამშრომლობის დაწყება. ასევე, აკადემიის „ავტობუსის საჭესთან“ გამოცდილი, პრაქტიკოსი პროფესიონალი ტრენერები არიან. კვლევები ადასტურებს, რომ ეფექტიანია ის პროფესიული სწავლება, რომელშიც სასწავლო პრაქტიკაა ჩაშენებული. თამამად ვიტყოდი, რომ ჩვენი კოლაბორაცია წარმატებით შედგა და განსაკუთრებული მადლობა მათ, რომ მხარი დაგვიჭირეს ამ წამოწყებაში, რომელიც ითვალისწინებდა რეგიონში თანამედროვე პროფესიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

M: რამდენად მნიშვნელოვანია დისტანციური სწავლების განვითარება რეგიონისთვის და როგორია თქვენი კონტრიბუცია, ამ მიმართულებით?

პანდემიამ ყველას დაგვანახა, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება სხვაგვარადაც დაიგეგმოს, თუ საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც გააზრებული აქვთ რაზე და რატომ სწავლობენ. დისტანციური სწავლების მოდელმა მოგვცა შესაძლებლობა, რომ მოქნილი სასწავლო გარემო შეგვეთავაზებინა. მოვიზიდეთ უფრო მეტი მსმენელი, ვიდრე ეს აუდიტორიაში სწავლების შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ტექნიკური მზაობაც ამ ყველაფრისთვის, რომ მოსწავლეები მაქსიმალურად მარტივად ჩართულიყვნენ ჰიბრიდული სწავლების მოდელში, რაც გულისხმობს ონლაინ სწავლას და პერიოდულ შეხვედრებს პრაქტიკული სამუშაოებისთვის. გასულ წელს გავხსენით ტექნოლოგიური სივრცე, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერული ტექნიკით და ჩვენს მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა სხვადასხვა პროგრამებში მიიღონ მონაწილეობა, ამისთვის კი უკვე მზად არის საჭირო მატერიალური და  ტექნიკური ბაზა.

M: დღესდღეობით, სტუდენტების სერტიფიცირებისა და დასაქმების თვალსაზრისით, როგორია შედეგი?

დღეის მდგომარეობით, 80-მდე ბენეფიციარი გადამზადდა და სამი მათგანი უკვე დასაქმდა. სხვა კურსდამთავრებულებს კი აქვთ შემოთავაზებები, რაც პირდაპირ ამართლებს ჩვენს მიზანს, რომ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ეს იყო ალტერნატიული პერსპექტივების გაჩენის შესაძლებლობა.

M: როგორ გეგმავთ თანამშრომლობის გაგრძელებას?

Digital Bus Academy-ისთან ერთად, ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრში ახალგაზრდებს ბევრი სიახლე ელოდებათ. მიმაჩნია, რომ  ჩვენი ცენტრის პოლიტიკის ნაწილია ერთგვარი დეცენტრალიზაცია და პირველი, რა რეფორმითაც უნდა დაიწყოს ეს პროცესი არის – განათლება, რათა ყველა ახალგაზრდას ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა. Digital Bus Academy-სთან განხორციელებული პირველი პროექტი გვაძლევს სხვა პროექტების და რაც მთავარია, მომავლის დაგეგმვის შესაძლებლობას, რომ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიების შესწავლის შესაძლებლობა გავუჩინოთ ადგილობრივებს.  

 

[R]

კომპანიის ხედვის ჩამოყალიბებისთვის დირექტორობა არ გჭირდებათ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით GLOBALIZE ევროპის კონფერენცია პარიზში გაიმართება