16
Jan
2019

სად იქნება შესაძლებელი გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარება?

16 Jan 2019

კამპანიის „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ ფარგლებში, თბილისის მერია დედაქალაქის მოსახლეობას საახალწლოდ გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარებას სთავაზობს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. აღნიშნული ინიციატივის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, სერიოზული პრობლემაა გამოყენებული ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ნაგვის კონტეინერებში მოხვედრა, რაც თავიდან უნდა იყოს არიდებული.

„ჩვენი, ყველას ინტერესია გავუფრთხილდეთ ბუნებას. თბილისის მერია უახლოეს მომავალში აპირებს წამოიწყოს კამპანია „გავუფრთხილდეთ ქალაქს“ და ამ კამპანიის ფარგლებში იწყებს აქციას, რომ ჩავაბაროთ უკვე გამოყენებული ნაძვის ხეები და ჩიჩილაკები“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძის თქმით, ჩაბარება შესაძლებელი იქნება ვაკის პარკში, კიკვიძის ბაღში, რიყის პარკში, ვერის ბაღში ამისთვის განკუთვნილ სპეციალურ ადგილებზე. ჩაბარების შემდეგ ისინი დამუშავდება და სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენება.

კახა კალაძის დავალებით მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები დედაქალაქის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მიაწვდიან საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას ნაძვის ხეებისა და ჩიჩილაკების ჩაბარების შესახებ.

განხილვა