10
Nov
2017

„ჩვენ ვეძებთ და ვქმნით ახალ გემოებს“ – ქართველი მეგობრების ხელნაკეთი შოკოლადები Chicolli

10 Nov 2017

Startauperi
Startauperi


Chicolli – შიკოლი ხელნაკეთი შოკოლადების სტარტაპია, რომელსაც დიდი ხნის მეგობრები, საჯარო მართვის სპეციალისტი, თამთა ბენაშვილი და დიზაინერი თეა ცქიფურიშვილი უძღვებიან. შოკოლადის კეთება მათთვის უფრო საყვარელი საქმიანობა იყო, აუდიტორია კი მეგობრებისა და ნაცნობების წრით შემოიფარგლებოდა, თუმცა ჰობისა და კულინარიულ-დიზაინერული შესაძლებლობების საკუთარ ბიზნესად ქცევა ორივესთვის საინტერესო აღმოჩნდა. „ყველაფერს ჩვენ ორნი ვამზადებთ, მუდამ ვხვეწთ დიზაინს და ახალ-ახალ შიგთავსებსა და გემოებზე ვმუშაობთ“, – თამარ ბენაშვილი მარკეტერს ესაუბრა „შიკოლის“ შექმნის იდეაზე, სარეალიზაციო არხებზე, მომხმარებლებისთვის შეთავაზებული შოკოლადის სახეობებზე, ბრენდინგსა და მის კონცეფციაზე:


M: როდის გაჩნდა ხელნაკეთი შოკოლადების შექმნის იდეა და რა გამოცდილებით დაიწყეთ თქვენი ბიზნეს საქმიანობა?
ხელნაკეთი შოკოლადის მაღაზიის იდეა ერთ-ერთი მოგზაურობის დროს გაგვიჩნდა, როდესაც პარიზში, რამდენიმე შოკოლადის მაღაზია მოვინახულეთ და მოგვინდა, მსგავსი თბილისშიც გაგვეკეთებინა. ერთი დღე „კულინარიუმს“ ვესტუმრეთ შოკოლადის მასტერკლასზე, შემდეგ მივხვდით, რომ კიდევ უფრო მეტის გაგება გვსურდა და ონლაინ კურსებიც გავიარეთ. ოქტომბერში, ახალ აღმაშენებელზე, თბილისობაზე, საკონდიტრო ფესტივალზე მონაწილეობა შემოგვთავაზა მეგობარმა. ამ ორდღიანმა გაყიდვებმა დაგვანახა ჩვენი პროდუქტის მიმართ დიდი მოთხოვნა, მოწონება და სურვილი, რამაც გადაგვაწყვეტინა ეს ჩვენი გატაცება უფრო სერიოზულ საქმიანობად გვექცია. დავუკავშირდით რამდენიმე საკონსულტაციო კომპანიას და დავიწყეთ ბიზნეს პროექტზე მუშაობა.

M: თავდაპირველად, ბაზარზე გამოჩნდით, როგორც Chocola TT, რატომ  შეიტანეთ სახელში ცვლილება? მოგვიყევით ბრენდინგსა და მის კონცეფციაზე…
პირველადი სახელი Chocola TT მე და თეამ 2 დღეში მოვიფიქრეთ, რადგან თბილისობაზე მონაწილეობის მისაღებად აბრა უნდა დაემზადებინათ და საჭირო იყო ჩვენი სახელის განთავსება. თუმცა შემდეგ ვიფიქრეთ, რომ სხვა სახე მიგვეცა და CHICOLLI-შიკოლი დავარქვით, რომელიც შოკოლადის ეტიმოლოგიის ძიების შედეგად იქნა მიკვლეული. ის თურმე მრავალი საუკუნის წინ წარმოიშვა და აცტეკების იმპერიის, ნაუატლის ენაზე ჯოხის მაგვარ მოკაუჭებულ ხელსაწყოს, რითაც კაკაოს მარცვლებს ბერტყავდნენ ან კრეფდნენ, „შიკოლის“ ეძახდნენ.  ბრენდის კონცეფცია მოიაზრებს ქალაქში საკონდიტრო ბაზარზე სიახლის დანერგვას, პროდუქტი, რომელიც იქნება სახალისო და ყველასათვის საყვარელი, ორიენტირებული იქნება გემოზე და არა გადაპრანჭულ შეფუთვაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში, პროდუქტზე უფრო ძვირი ჯდება. ახალ ბრენდინგზე იმუშავა ნიჭიერმა დიზაინერმა, თათული ვათეიშვილმა, რომელიც ლონდონის „სენტ მარტინის“ კურსდამთავრებულია.

M: როგორ აპირებთ ბაზარზე პოზიციონირებას? რა არის მომხმარებლებთან თქვენი დაპირება?
ვფიქრობთ, რომ ხელნაკეთი და ექსკლუზიური შოკოლადების დიდი არჩევანი საქართველოში არ არის. რაც არ უნდა გაიზარდოს რაოდენობაზე  მოთხოვნა, მომხმარებელს, პირველ რიგში, ვპირდებით მაღალი ხარისხის შენარჩუნებას. მიუხედავად იმისა, რომ შოკოლადი ძალიან ძვირი პროდუქტია, მაინც მოვახერხებთ, რომ ყველა მომხმარებელს შეეძლოს ჩვენი პროდუქციის ყიდვა. გვინდა, დავარღვიოთ სტერეოტიპი, რომ შოკოლადს მხოლოდ თხილი და ჩირი უხდება, ვეძებოთ ახალი გემოები და მომხმარებელი აქტიურად ჩავრთოთ ამ პროცეში.

M: რა სახის შოკოლადები გაქვთ, ამჟამად ?
ჩვენ გვაქვს დიდი ასორტიმენტი შავი, თეთრი და რძიანი შოკოლადების: ასაწონი შოკოლადის ფილები, სხვადასხვა გამომშრალი ხილითა და თხილეულით, ტრუფელების ნაირსახეობა, შოკოლადიანი კარამელიზებული ციტრუსი, ლამაზი პრალინები სხვადასხვა შიგთავსით; საბავშვო ხაზი (შოკოლადის ლოლიპოპსები, სადღესასწაულო ფორმებით); ფიტნეს ხაზი (კაკაოს მაღალი შემცვლობის შოკოლადით დამზადებული „ენერჯი ბარების“ ასორტიმენტი), ასევე ვაკეთებთ სასაჩუქრე ყუთების ნაკრებებს შეკვეთების მიხედვით და ფურშეტებს ვთავაზობთ კომპანიებს.

M: სად და როგორ ხდება თქვენი პროდუქტის რეალიზება? შეკვეთით თუ ამზადებთ შოკოლადებს?
ჩვენი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და იქიდან შესაძლებელია არჩევა, თუმცა თუ მოთხოვნა განსაკუთრებულია, ჩვენ ვაკეთებთ მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად. სასაჩუქრე ყუთები და შეფუთვები გვაქვს წინასწარი შეკვეთითა და მიტანის სერვისით. შეკვეთა ჩვენს მაღაზიაში, ფალიაშვილის #79-ში ან ჩვენი სოციალური ქსელის მეშვეობით ხდება.

განხილვა