in

ჭიდაობა ოლიმპიადაზე

ჭიდაობა ოლიმპიურ სახეობად 1896 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში აღიარეს და მას შემდეგ ყველა ოლიმპიადის პროგრამაში იყო, პარიზის თამაშების (1900) გარდა. 1908 წლიდან მოყოლებული მოჭიდავეები ერთმანეთს ორივე სტილში (თავისუფალი და ბერძნულ-რომაული) ეჯიბრებიან, თავდაპირველად ხალიჩაზე მხოლოდ კაცები გადიოდნენ, ქალების დებიუტი კი 2004 წელს ათენში შედგა.

თავისუფალ ჭიდაობაში სხვადასხვა სახის ილეთებს იყენებენ (მოჭიდება, დაგდება, გადატრიალება, ფეხის დასმა, მოცელვა და სხვა) და ყოველი მონაწილე ცდილობს მოწინააღმდეგე ბეჭზე დააგდოს და მოიგოს.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ილეთები ეყრდნობა ხელებისა და ბეჭების მოქმედებებს (გამორიცხავს წელს ქვევით მოჭიდებასა და ფეხის გამოდებას). ორივე ჭიდაობაში ორთაბრძოლა ორი 3-წუთიანი პერიოდისგან შედგება, ფრეს შემთხვევაში კი, გამარჯვებულად ის მოჭიდავე ცხადდება, რომელსაც ბოლო ქულა აქვს აღებული ან მეტოქეზე მაღალქულიანი გდება აქვს განხორციელებული.

საინტერესოა, რომ კორუფციული სკანდალების გამო, სერიოზულად განიხილებოდა 2020 წლის ოლიმპიადიდან ჭიდაობის ამოღების საკითხი, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ წონათა რაოდენობა შეამცირეს. შედეგად, მიმდინარე ოლიმპიადაზე მედლების 18 კომპლექტი გათამაშდება: 6 თავისუფალ ჭიდაობაში (57, 65, 74, 86, 97 და 125 კგ.), 6 ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში (60, 67, 77, 87, 97 და 130 კგ.) და 6 ქალთა (50, 53, 57, 62, 68 და 76 კგ.) შორის.
ამ დროისთვის, ჭიდაობაში ოლიმპიური მედლების მხრივ პირველ ადგილზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ნაკრებია და ცხადია, რომ ამ მონაგარში ქართველი ფალავნების წვლილიც დიდია: 62 ოქრო, 31 ვერცხლი და 23 ბრინჯაო. შემდეგ მოდიან აშშ (54, 43, 35) და იაპონია (32, 20, 17). დამოუკიდებელი საქართველოს ნაკრების წევრებს 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 11 ბრინჯაოს მედალი აქვთ მოპოვებული და გუნდურ ჩათვლაში 26-ე ადგილზე იმყოფებიან.


ჭიდაობის ისტორია საქართველოში

საქართველოში ჭიდაობა ოდითგანვე პოპულარული იყო. ჯერ კიდევ XIX და XX საუკუნეების მიჯნაზე ჯერ თბილისში, მერე კი ქუთაისში, სოხუმსა და ბათუმში ე.წ. “დროებითი ცირკები” გაიხსნა. აქ, გარდა ქართულისა, რეგულარულად იმართებოდა შეჯიბრებები ფრანგულ ჭიდაობაში, რომელსაც შემდეგ კლასიკურ (ბერძნულ-რომაულ) ჭიდაობად მოიხსენიებდნენ. მოგვიანებით (1923) კლასიკური ჭიდაობის მოყვარულთა ჯგუფები ჩამოყალიბდა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 1926 წელს გაიმართა თბილისისა და ამიერკავკასიის პირველი ჩემპიონატები.იმ პერიოდის მოჭიდავეებმა, შემდგომში მწვრთნელებმა, ჩამოაყალიბეს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ქართული სკოლა, რომელმაც მალე მოიპოვა აღიარება.

1929 წელს თბილისში მოეწყო საქართველოს პირველი ოფიციალური ჩემპიონატი, რომელშიც მონაწილეობდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, სოხუმისა და ოზურგეთის 34 მოჭიდავე. საქართველოდან საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონი იყო ლეონიდ ძეკონსკი. მან ეს ტიტული 1935 წელს მოიპოვა. ამ დროიდან მოყოლებული, საქართველოს მოჭიდავეები ხშირად იმარჯვებდნენ საკავშირო შეჯიბრებებში და, როცა საერთაშორისო სარბიელისკენ გზა გაეხსნათ, იქაც ტოლს არავის უდებდნენ. ევროპის პირველი ჩემპიონი კონსტანტინე კობერიძე (1947) იყო, მსოფლიოს პირველი ჩემპიონი – გივი კარტოზია (1953) გახდა და ისვე იყო ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონიც (1956).

ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ ქორიძე, რომან რურუა, ვახტანგ ბლაგიძე; მსოფლიოს ჩემპიონები – როსტომ აბაშიძე, მიხეილ სალაძე, თეიმურაზ აფხაზავა, თემო ყაზარაშვილი, გურამ გედეხაური, მუხრან ვახტანგაძე, მანუჩარ კვირკველია. ბერძენ-რომაელებს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც, ოლიმპიური თამაშების არაერთი მედალიც აქვთ მოპოვებული. 2000 წელს სიდნეიში ბრინჯაოს მედლებს აკაკი ჩაჩუა და მუხრან ვახტანგაძე დაეუფლნენ, 2004-ში, ათენში, ვერცხლი აიღო რამაზ ნოზაძემ, 2008 წელს, პეკინში ოლიმპიური ჩემპიონობა იზეიმა მანუჩარ კვირკველიამ, 2012 წელს, ლონდონში, შესაბამისად, ვერცხლი და ბრინჯაო ერგოთ რევაზ ლაშხსა და მანუჩარ ცხადაიას, ხოლო 2016 წელს, რიოში, მე-3 ადგილი შმაგი ბოლქვაძემ დაიკავა.

თავისუფალი ჭიდაობა საქართველოში 1944 წელს შემოვიდა, მომდევნო წელს ჩატარებულ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში კი შვიდი წონითი კატეგორიიდან ოთხში საქართველოს წარმომადგენლებმა გაიმარჯვეს: ვასილ ილურიძემ, დავით ციმაკურიძემ, ვაღარშაკ მაჩკალიანმა და არსენ მეკოკიშვილმა. აქედან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ქართველი მოჭიდავეები საბჭოთა კავშირში ყველას სჯობდნენ.

1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადაზე სსრკ ნაკრებს ქართველი მწვრთნელი ვახტანგ კუხიანიძე ხელმძღვანელობდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ დავით ციმაკურიძე და არსენ მეკოკიშვილი, რომელიც იმ დროს მოსკოვის სახელით გამოდიოდა. ორი წლის შემდეგ ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს შვიდი ფალავანი წაიყვანეს. საბჭოთა მოჭიდავეთა შორის მსოფლიოს პირველი ჩემპიონი გახდა ვახტანგ ბალავაძე, რომელმაც მომდევნო ჩემპიონატშიც გაიმარჯვა. პირველი თაობის მოჭიდავეთაგან უმთავრეს საერთაშორისო შეჯიბრებებში ასევე წარმატებით გამოდიოდნენ მირიან ცალქალამანიძე, გიორგი სხირტლაძე, ნიკოლოზ მუზაშვილი, სერგო გაბარაევი, ვლადიმერ არსენიანი და სხვები.
1960-იან წლებში დიდ სარბიელზე გამოვიდა საქართველოს მოჭიდავეთა ახალი თაობა. ოლიმპიურ თამაშებში, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში მრავალი მედალი მოიპოვეს ვლადიმერ რუბაშვილმა, შოთა ლომიძემ, გურამ საღარაძემ, ზარბეგ ბერიაშვილმა, ნოდარ ხოხაშვილმა, ტარიელ ალიბეგაშვილმა, ანდრო ცხოვრებოვმა. თავისუფალი ჭიდაობის ქართული სკოლა მსოფლიო მასშტაბის მოვლენად იქცა. ამიტომაც იყო, რომ ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, 1962 წლიდან საფუძველი ჩაეყარა თბილისის საერთაშორისო ტურნირს, რომელმაც ისე გაითქვა სახელი, რომ მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატად მოიხსენიებდნენ. თითქმის 30 წლის განმავლობაში თბილისის ტურნირზე საჭიდაოდ ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ფალავნები, აქ გამარჯვება კი მეტად საპატიოდ ითვლებოდა.

სწორედ ამ ტურნირზე აიდგა ფეხი ლევან თედიაშვილმა, რომელიც შემდგომ XX საუკუნის ერთ-ერთ საუკეთესო ფალავნად აღიარეს. 1970-იანი წლები თედიაშვილის ეპოქად მოინათლა. მან გაიმარჯვა მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიურ თამაშებში, ოთხჯერ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, სამჯერ – ევროპის ჩემპიონი, მოიგო ყველა სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეჯიბრება. მომდევნო ათწლეულში დაწინაურდნენ დავით გობეჯიშვილი და ლერი ხაბელოვი. გობეჯიშვილი ყველაზე პრესტიჟულ – მძიმე წონით კატეგორიაში გამოდიოდა და დიდი კონკურენციის პირობებში შეძლო ოლიმპიური თამაშების ოქროსა და ბრინჯაოს მედლების, ორგზის მსოფლიოს ჩემპიონის სახელის მოპოვება. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ხაბელოვის სპორტული მიღწევები და ტიტულები: ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი.

ამის შემდეგ იწყება საერთაშორისო სარბიელზე დამოუკიდებელი გუნდით გამოსვლის პერიოდი. ახალ დროში საქართველოს ნაკრების ლიდერი გახდა სოხუმელი მოჭიდავე ელდარ კურტანიძე. მან პირველ წარმატებას 1995 წელს მიაღწია, როცა მსოფლიოს ჩემპიონატში ვერცხლის მედალი მოიპოვა. შემდეგ კურტანიძემ არაერთ დიდ შეჯიბრებაში გაიმარჯვა და გახდა ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი ფალავანი: მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების ორგზის ბრინჯაოს მედალოსანი.

2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე ყველაზე დიდ წარმატებას უკვე რევაზ მინდორაშვილმა მიაღწია, რომელიც ჩემპიონი გახდა, გიორგი გოგშელიძე ვერცხლს დაეუფლა, ოთარ თუშიშვილი კი – ბრინჯაოს. 2012 წელს, ლონდონში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა ისევ 3 მედალი მოიპოვეს, თუმცა, ოქროს გარეშე. ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ფინალი დათმო, დავით მარსაგიშვილმა და გიორგი გოგშელიძემ კი ბრინჯაოები აიღეს. რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ხინჩეგაშვილმა უკვე ოქროს მედალი დაისაკუთრა, ხოლო გენო პეტრიაშვილი მე-3 ადგილზე გავიდა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ქართველმა მოჭიდავეებმა მხოლოდ ლიცენზების ნახევარი მოიპოვეს, თუმცა, მაინც სოლიდური შემადგენლობებით იქნებიან წარდგენილნი და ცხადია, მათგან მედლებსაც ველით. ჭიდაობაში შეჯიბრი სტარტს 1 აგვისტოს აიღებს, ბოლო მედლები კი 7 აგვისტოს გათამაშდება. ხალიჩაზე საქართველოს ნაკრების 7 წევრი გავა, რომელთა განრიგსაც აქვე გაეცნობით.

ქართველი მოჭიდავეები ტოკიოს ოლიმპიადაზე

1 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბრ. რომ -130 კგ). წინასწარი (1/8, 1/4 და 1/2)
2 აგვისტო: იაკობ ქაჯაია (ბრ. რომ -130). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
2 აგვისტო: გიორგი მელია (ბრ. რომ -97). წინასწარი
3 აგვისტო: გიორგი მელია (ბრ. რომ. -97). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
3 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბრ. რომ -67). წინასწარი
3 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბრ. რომ -87). წინასწარი
4 აგვისტო: რამაზ ზოიძე (ბრ. რომ -67). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
4 აგვისტო: ლაშა გობაძე (ბრ. რომ -87). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
5 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავ. -74). წინასწარი
5 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავ. -125) წინასწარი
6 აგვისტო: ავთანდილ კენჭაძე (თავ. -74). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
6 აგვისტო: გენო პეტრიაშვილი (თავ. -125). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი
6 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავ. -97). წინასწარი
7 აგვისტო: ელიზბარ ოდიკაძე (თავ. -97). რეპეშაჟი ან ფინალური ბლოკი

დადგა თუ არა პირადად შეხვედრების დრო?

თამთა დავითაშვილი, პანდემიის დროს, საცხოვრებლად ბალიზე გადავიდა და თბილისის ოფისში, დღემდე, ინდონეზიიდან მუშაობს