27
Oct
2017

გია ყანჩელის მელოდიაზე შექმნილი ხელნაკეთი ქართული მუსიკალური სათამაშოები -„ჩიკატაი“

27 Oct 2017

Startauperi
Startauperi


ჩიკატაიარის წერო, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი გენიალური მუსიკით იწყება და სწორედ ამიტომ, პირველ ჰანგებს, ჩვენს ცხოვრებაში, დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩიკატაის ხელნაკეთი მუსიკალური სათამაშოები გია ყანჩელის მელოდიას – „ვალსს მიმინოდან“, იგივე „ყვითელ ფოთლებს“ უკრავს. მუსიკალური მექანიზმი არის ხელით მოსამართი და თითო დაქოქვისას, 1 წუთის განმავლობაში, 17 წამიან მონაკვეთს იმეორებს.

„შეიძლება ითქვას, რომ „ჩიკატაი“ არის მთლიანად ინტუიციით შექმნილი. არ ვიცი, რანაირად, მაგრამ ფაქტია და გვიხარია, რომ ეს  პროექტი შედგა!“- თაკო ბუიღლიშვილი, „ჩიკატაის“ დამფუძნებელი, მარკეტერს ესაუბრა იმ პროცესებზე, რაც მისი იდეის ბაზარზე არსებულ პროდუქტად გარდაქმნას უკავშირდება:

M: როგორ გაჩნდა „ჩიკატაის“ შექმნის იდეა?
მინდოდა, მქონოდა ჩემი საქმე, ერთ დღესაც, დავიძინე და გავიღვიძე  ამ იდეით. ჩიკატაი გადავწყვიტე, გამეკეთებინა დედაჩემთან, თეა ჭანკოტაძესთან ერთად. უფრო სწორად რომ ვთქვა, მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ამის გაკეთება, რადგან სათამაშოები მისი შექმნილია. მელოდიის შერჩევაზე ბევრი არ მიფიქრია, გია ყანჩელის „ყვითელი ფოთლები“ იყო ის მელოდია, რითიც ვაძინებდი ხოლმე ჩემს შვილს. შეიძლება ითქვას, ეს არაჩვეულებრიი მელოდია გახდა ამ იდეის ინსპირაციის წყარო.M: რა ეტაპების გავლა მოგიხდათ იმისთვის, რომ თქვენი იდეა განგეხორციელებინათ?
დავიწყე ინფორმაციის მოძიება, როგორ, სად და რანაირად შეიძლებოდა მუსიკალური მექანიზმების გაკეთება. მოვიძიეთ უცხოური კომპანია, რომელსაც 2 თვის განმავლობაში ვეკონტაქტებოდით, რომ მელოდია სწორად მოერგოთ და როგორც კი საცდელი ვარიანტი გამოგვიგზავნეს, ჩქარ-ჩქარა შევკერეთ სათამაშოს ნიმუში – პატარა სპილო. მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ნებართვა გია ყანჩელისგან – ამაზე იყო დამოკიდებული უკვე ჩვენი სტარტაპი. შევხვდით მის შვილს – სანდრო ყანჩელს, რომელმაც იმ დღესვე წაგვიყვანა ბატონ გიასთან. ჩემთვის ძალიან თბილი და დაუვიწყარი შეხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ მას მოეწონა ჩვენი საცდელი, „კუსტარულად“  შეკერილი მუსიკალური სპილო და ყოველგვარი პირობის გარეშე მოგვცა უფლება, გამოგვეყენებინა მისი მელოდია.

M: „ჩიკატაის“ ბრენდინგზე ვინ იმუშავა, სახელს რა კონცეფცია აქვს?
ჩიკატაის ვეძახდით ჩემს შვილს, ნიკალაის, რომელსაც ძალიან მოსწონდა ეს სახელი და ყოველ ღამე გვთხოვდა, მოგვეყოლა მისთვის ჩვენ მიერ მოგონილი ზღაპრები ჩიკატაიზე. ასე გაჩნდა ეს პერსონაჟი ჩვენს ცხოვრებაში. ბრენდინგის ნაწილში დაგვეხმარნენ ჯინჯერები (gingers.ge). ლოგოს საბოლოო ვერსია ნიკალაიმ აირჩია.
M: სად ხდება „ჩიკატაის“ სათამაშოების რეალიზება და როგორია მისი საბაზრო ღირებულება?
პროდუქციის რეალიზება ხდება ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუკის საშუალებით. წინასწარი შეკვეთითა და 3-5 დღის განმავლობაში ადგილზე მიტანის უფასო სერვისით. იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშოები ხელნაკეთია, ბუნებრივი მასალებისგან კეთდება და მუსიკალური მექანიზმი იმპორტულია, ჩვენი პროდუქტების თვითღირებულება საკმაოდ მაღალია.

M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ?
სამომავლოდ დიდი გეგმები გვაქვს. იმედი გვაქვს, ჩიკატაის მალე შეიყვარებენ, მოვახერხებთ ჩვენი პატარა სამუშაო სივრცის – სახელოსნოს გაკეთებას და ერთ მშვენიერ დღეს, „ჩიკატაი“ დიდ სათამაშოების მაღაზიად გადაიქცევა, სადაც ყველაფერი შეიქმნება ნატურალური მასალებისგან და რაც მთავარია, იქნება ხელნაკეთი, საქართველოში სხვადასხვა ტიპის სათამაშოების მრავალფეროვანი არჩევანით.

განხილვა