in

„ჩიკატაი“: ასე გავიზარდეთ და მივიღეთ ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს

Startauperi
Startauperi

ერთ დღესაც ამ გადასარევი იდეით გავიღვიძე. საიდან უნდა დამეწყო არ ვიცოდი. არც შესაბამისი ცოდნა მქონდა, არც გამოცდილება, მაგრამ ვიცოდი – ეს საქმე აუცილებლად უნდა მეკეთებინა. სახლიდან დავიწყეთ, მივყვებოდით ინტუიციას და ვატარებდით ექსპერიმენტებს. საწყის ეტაპზე, ჩვენი საცდელი სათამაშო, მუსიკალური სპილო გავაცანით ჩვენს პირველ და ყველაზე უფროს მეგობარს – ბატონ გია ყანჩელს. მან ყოველგვარი პირობის გარეშე მოგვცა უფლება მისი მელოდია სათამაშოებში გამოგვეყენებინა. ასე იქცა „მიმინოს ვალსი“, რომელსაც „ყვითელი ფოთლების“ სახელით ვიცნობთ, ბევრი პატარას პირველ ჰანგად. სწორედ გია ყანჩელისა და მისი ოჯახის დამსახურებაა, რომ ჩიკატაი არსებობს და მისი მადლიერი ვიქნებით ყოველთვის.

შემთხვევითი არაა, რომ ყველა ჩვენი სათამაშო ცხოველი, ფრინველი და წყლის ბინადარია – ვმეგობრობთ, ვზრუნავთ, ვიცავთ ბუნებას და მის ბინადრებს – ეს არის ჩიკატაის მამოძრავებელი ძალა. ეს იცის ჩვენმა მომხმარებელმა და ეს რომ მხოლოდ სიტყვები არ ყოფილიყო, ჩვენს საქმეშიც ავსახეთ. გავაკეთეთ სათამაშოებს ჰოსპიტალი – მომხმარებლებს ძველი სათამაშოების შეკეთების სერვისს ვთავაზობთ. სათამაშო სწორედ ის პროდუქტია, რომელსაც ძალიან გრძელი სასიცოცხლო ციკლი აქვს. ამიტომ, მაქსიმალურად ვუხანგრძლივებთ მოხმარების პერიოდს.

ჩიკატაის დაფუძნების დღიდანვე მივხვდი, ძალიან ბევრი რამ არ ვიცოდი, რის ცოდნაც ძალიან მჭირდებოდა. ამის გამო ძალიან ვღელავდი და საშინლად მეშინოდა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებდი. ამიტომ, თუკი რამე პროექტი, ტრენინგი, მენტორინგი და ლიტერატურა არსებობდა, მოვიძიე და სადაც ხელი მიმიწვდა, ყველაფერში მივიღე მონაწილეობა. გავიარე ყველა საჭირო ტრენინგი, რომელიც პლატფორმაზე „თიბისი ბიზნესისთვის“ უფასოდ იყო ხელმისაწვდომი,  აწარმოე საქართველოს დაფინანსებით კურსები გავიარე საქართველოში, ესტონეთსა და გერმანიაში და ექსპორტის სერტიფიცირებული მენეჯერი გავხდი. სტარტაპერი იყო პირველი პროგრამა, სადაც ჩავერთეთ და ძალიან დაგვეხმარა პირველი ნაბიჯების გადადგმაში. უზრუნველყო მედია მხარდაჭერა, რომელიც ასე გვჭირდებოდა დაწყებით ეტაპზე, სტარტაპ მარკეტები და ტრენინგები – ყველა ეს რესურსი მაქსიმალურად გამოვიყენეთ და დიდი გავლენაც იქონია „ჩიკატაის“ შემდგომ განვითარებაზე. ძალიან მეამაყება, რომ თიბისის ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებულები გავხდით. დღესაც ვსწავლობ, ამჯერად ელექტრონულ კომერციას USAID-ისა და თიბისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, რადგან ეს მიმართულება ძალიან მჭირდება დღეს. მაქსიმალურად ვცდილობ ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო.

როცა ეს საქმე დავიწყე, სხვა კომპანიაში ვმუშაობდი და პირველი ორი წლის მანძილზე ვახერხებდი შეთავსებას. ვფიქრობ, სწორი სვლაა საკუთარი საქმის წამოწყებისას. სხვა შემოსავალიც გაქვს და მთლიანად სტარტაპზე არ ხარ მატერიალურად დამოკიდებული. თუმცა რაღაც ეტაპზე დგება მომენტი, როცა სტარტაპის განვითარების ფაზა ძალიან დიდ რესურსს მოითხოვს და მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება გიწევს. რა თქმა უნდა, ჩიკატაი ავირჩიე და მას შემდეგ, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.

არ მახსენდება არცერთი უკმაყოფილო მომხმარებელი. რა თქმა უნდა, შეცდომებსაც ვუშვებდით. იყო შემთხვევები, თავიდან გახევიათ კიდეც სათამაშოები, მაგრამ ჩვენი ბრენდი თავიდანვე ისე შეუყვარდათ, ამ პატარა შეცდომებსაც გვპატიობდნენ და ჩვენც ყოველ ახალ სათამაშოს ენთუზიაზმით ვაუმჯობესებდით. ასე გავიზარდეთ და მივიღეთ ხარისხი, რომელიც საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. მუდმივი გაუმჯობესება – ეს იყო და არის ჩვენი მთავარი ამოცანა.

#სტარტაპერი5წლისაა

Bank of Georgia update: რა უპირატესობები აქვს ახალ სერვისს „ნაწილ-ნაწილ“?

სამყაროში რაღაც უცნაური ხდება! — NASA