„ჩიკორი“, უსაფრთხოების სტანდარტებისა და წესების სრული დაცვით, წარმოებას აგრძელებს. ბრენდის მარკეტინგის ხელმძღვანელი სანდრო მათიაშვილი ამბობს, რომ მაქსიმალურად ზრუნავენ თანამშრომლებისა თუ მომხმარებლების უსაფრთხოებაზე. პარალელურად, ადგილზე მიტანის სერვისით და საკუთარი სადისტრიბუციო ქსელით, მათ პროდუქციაზე არსებულ მოთხოვნას აკმაყოფილებენ. მისივე თქმით, წარმოების დროებით შეჩერებაც რომ მოუწიოთ, თანამშრომლები ანაზღაურებას მაინც მიიღებენ.
კომპანია „ქარელის ხილი“ 2015 წელს შეიქმნა და დღეს, „ჩიკორის“ ბრენდის ქვეშ, მშრალი ხილის (ჩირი) ნუგბარსა და ხემსს აწარმოებს. ხეხილის ბაღები ქარელის რაიონში, სოფელ სამწვერისში აქვთ. აქვეა მათი საწარმოც, სადაც ადგილობრივები და ძირითადად, ქალები ჰყავთ დასაქმებული. საქართველოს გარდა, პროდუქცია, გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, პოლონეთსა და ლიეტუაში გააქვთ. ახლახან კი LIDL-ის სუპერმარკეტების ქსელში შევიდნენ, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს.

სანდრო მათიაშვილი: COVID-19-ის გავრცელების შემდეგ, პირველ რიგში, ლოკალურ ბაზარზე გაგვიჩნდა სირთულეები. პანდემიის გამო, მომხმარებელი, რაც შეიძლება ნაკლებად დადის სავაჭრო ობიექტებში. ბუნებრივია, ეს ჩვენი პროდუქციის საცალო გაყიდვებზე აისახა. თუმცა, ეს სიტუაცია მეტ-ნაკლებად დავარეგულირეთ – დაახლოებით, 1 წლის წინ, გავაკეთეთ ახალი მომსახურება – წონის ჩირი ადგილზე მიტანით. მომხმარებელი უკვეთავს პროდუქტს წონით და ჩვენს კურიერს მიაქვს სასურველ მისამართზე. თავიდან, ეს სერვისი მხოლოდ თბილისში გვქონდა. ბოლო პერიოდში განვითრებული მოვლენების გამო კი, გადავწყვიტეთ, მთელი საქართვლოს მასშტაბით გაგვეხადა ხელმისაწვდომი. კიდევ ერთი დეტალი – თუ აქამდე ეს მომსახურება ფასიანი იყო, ახლა უფასო გავხადეთ. ასე რომ, ნებისმიერ მსურველს, შეუძლია მიიღოს „ჩიკორის“ ნუგბარი, სასურველ მისამართზე.

მიტანის მომსახურებისას როგორ იცავთ უსაფრთხოების ნორმებს?
ს. მ. : შეკვეთის ჩაბარებისას, მომხმარებელი ხელს აღარ აწერს არანაირ ფორმაზე. ეს პროცედურა გავაუქმეთ. ამასთან, გამოძახებისას, შეგიძლიათ, მიუთითოთ, რომ გსურთ, კართან დაგიტოვოთ შეკვეთა კურიერმა. ამ მექანიზმებით, მინიმუმამდე დავიყვანეთ ფიზიკური კონტაქტი ჩვენს წარმომადგენლებთან. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმებს: ჩვენი კურიერები აღჭურვილნი არიან პირბადითა და სადეზინფექციო საშუალებით, რომლებიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ არის რეკომენდებული, კომერციული გამოყენებისთვის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ კურიერები ყოველდღიურ სამედიცინო კონტროლს გადიან.

ეს როცა უკვე მზა პროდუქტი მიდის მომხმარებელთან. რაც შეეხება საწარმოო წესებსა და სტანდარტებს . . .
ს. მ. : ჩვენ ვართ პირველი ქართული კომპანია, რომელმაც დანერგა FSSC 22 000 სურსათის უვნებლობის მართვის სისტემის განახლებული ვერსია. ეს სტანდარტი მოიცავს სანიტარული და ჰიგიენური სპეციალური ნორმების დაცვას, წარმოებისას. მაგალითად, პროდუქტის დამუშავებისას, პერსონალს აცვია ერთჯერადი სპეც. ფორმა, ხელთათმანები, პირბადეები, თავსაბურავი. ეს აღჭურვილობა ერთჯერადია, იცვლება ყოველდღიურად. კარადებს, სადაც პერსონალი მოსვლისას საკუთარ ნივთებს ტოვებს, აქვს სათანადო ვენტილაცია. ახლა კი, როდესაც ქვეყანაში პანდემიური ვითარებაა, ეს კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდა – ყველგან გვაქვს დეზობარირი და მაქსიმალურად ვიცავთ ყველა სანიტარულ მოთხოვნას.

რაც შეეხება ოფისის თანამშრომლებს . . .
ს.მ. : საწარმო გვაქვს ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისში. იქ არსებულ ნორმებსა და სტანდარტებზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ოფისს, რომელიც თბილისშია, მთლიანად დისტანციურ რეჟიმში მუშაობს. ჩვენი ორგანიზაციული სტრუქტურა და რეგულარული ფორმატი მოიცავს ყოველდღიურ სამუშაო სქემას და რუტინას ახალი პროდუქტების, სერვისების, თუ პროექტების განვითარებისთვის.
საექსპორტო ბაზარზე რა გამოწვევები აქვს კომპანიას?
ს. მ. : ჩვენი საექსპორტო ქვეყნებია: გერმანია, ავსტრია, ჩეხეთი, პოლონეთი და ლიეტუა – ძირითადად, მაინც ამ ბაზარზე გაგვაქვს პროდუქცია, თუმცა, სხვა ქვეყნებთანაც ვთანამშრომლობთ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ბუნებრივია, ხდება კონტროლის გამკაცრება სხვადასხვა ქვეყნის მიერ. ტრანსპორტირების მხრივ, ჯერჯერობით, არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია, მაგრამ ველოდებით გარკვეულ შეფერხებებს და ამისთვისაც მზად ვართ, რა თქმა უნდა.
„ჩიკორი“ ჰორეკა ბაზარზეცაა. ამ მიმართულებით როგორ იცავთ აუცილებელ სანიტარულ ნორმებს? ან თქვენი დისტრიბუციის მანქანები რამდენად უსაფრთხოა?
ს. მ. : სადისტრიბუციო ტრანსპორტს ყოველდღიურად უტარდება დეზინფექცია. კურიერები მუშაობენ სპეციალური, სანიტარული აღჭურვილობით (პირბადე, ხელთათმანი, კომერციული სადეზინფექციო საშუალებები), ჩაბარებისას კი, როგორც უკვე აღვნიშნე, ფიზიკური კონტაქტი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს, არ შევზღუდოთ მიწოდების სიხშირე. ვთვლით, რომ განსაკუთრებით ახლა არის მნიშვნელოვანი ეტაპი. როდესაც ქვეყანაში იმპორტის წარმოება იზღუდება, ქართული წარმოება მზად უნდა იყოს, ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს უპასუხოს და ღირსეულად გაართვას თავი გამოწვევებს. ასეთ სიტუაციაში ადგილობრივი პროდუქტი ხომ იმპორტირებულის ჩანაცვლებას ახდენს.
აქვს თქვენს კომპანიას საამისო რესურსი?
ს. მ. : კომპანია არის ბაზრის ლიდერი. წარმადობა იმაზე ბევრია, რაც ლოკალური ბაზრის დაკმაყოფილებას სჭირდება და რა თქმა უნდა მზად ვართ, დავაკმაყოფილოთ ბაზარზე არსებული მოთხოვნა – მომხმარებელს შევთავაზოთ არსებული და ახალი პროდუქტებიც.
პ.ს. „ჩიკორი“, ახლა, ბიო და ორგანულ ხაზზე მუშაობს. სურთ, არსებული პროდუქციის გარდა, რომელიც მათი თქმით, ნატურალურია და ყველა ნორმისა თუ სტანდარტის დაცვით მზადდება, მომხმარებელს ახალი პროდუქციაც მალე მიაწოდონ.
[R]