ონლაინ სივრცე ბავშვებისთვის სულაც არ არის უსაფრთხო, მშობლები კი ძალიან ფრთხილობენ, მაგრამ საკმაოდ მომრავლდა ე. წ. გრუმერების საკითხი, როცა ადამიანები საყვარელი ავატარების ფოტოების უკან იმალებიან, ბავშვების ნდობის მოპოვებას ცდილობენ, რათა შემდგომში ზიანი მიაყენონ მათ… ზუსტად ამ საკითხს ეხმიანება ChildX ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაა. დეველოპერებს მოუწოდებს თამაშები ისე შექმნან, რომ ახალგაზრდა მოთამაშეები მსგავსი შემთხვევებისგან დაიცვას.
„მშობლები უძლურები არიან და ბავშვები დაუცველები რჩებიან. ამიტომ, სათამაშო კომპანიებმა აუცილებელია, უფრო მეტი რამ გააკეთონ თავიანთ პლატფორმებზე ბავშვების დასაცავად. ჩვენ ვხედავთ, რომ მოხალისეობრივი ზომები არ არის საკმარისი და უკვე აკრძალვაა საჭირო“, — აცხადებენ ChildX-ში.
როგორც ამბობენ, ონლაინ ვიდეო თამაშებით 8-19 წლამდე ასაკში მყოფი 10-დან 9 ბავშვი ერთობა და ახლა ეს სივრცე მოძალადეების ადგილად იქცა. საყვარელი ავატარების პროფილებით ცუდი განზრახვის მქონე ადამიანები ბავშვებს სასიამოვნოდ ესაუბრებიან და ისე ახერხებენ, რომ ფოტო და ვიდეო მასალები გააგზავნინონ… სწორედ ამ ფაქტს ეხმიანება ფოტოზე ნაჩვენები განცხადებებიც, რომლითაც მიგვანიშნებენ, რომ ბოროტმოქმედების ადგილს ახლა საყვარელი პერსონაჟები ანაცვლებენ. ხოლო ფილმში ბავშვი გამომძიებელს საკუთარ ამბავს უყვება:
ამ სიტუაციაში რომ არ აღმოჩნდნენ, ChildX მშობლებს გარკვეულ რჩევებსაც უზიარებს:
პირველი — მნიშვნელოვანია ჩაერთოთ რეგულარულ საუბრებში, ზუსტად ისე, როგორც ამას მაშინ აკეთებთ, როცა შვილს ეკითხებით, როგორი დღე გაატარა სკოლაში. თუმცა ახლა აღნიშნული თემა ონლაინ აქტივობებით უნდა შეცვალოთ. რეგულარულად შეამოწმეთ მათი ციფრული გამოცდილებები. დასვით ისეთი კითხვები, როგორებიცაა: „შენ ან შენმა მეგობარმა ონლაინ სივრცეში ვინმე უცხო მოზარდი შემთხვევით ხომ არ იპოვეთ?“ ეს დაგეხმარებათ მათ უფლებებსა და ინტერნეტის გამოყენების პასუხისმგებლობებზე წამოიწყოთ საუბარი.
მეორე — ბავშვების პროფილის გაკეთების პროცესშიც ჩაერთეთ და ეცადეთ, ისეთი სურათი დააყენოთ, რომელიც პირად ინფორმაციას არ ასახავს, როგორც სახელის, ისე მდებარეობის შემთხვევაში. უმჯობესია, თუ საყვარელ ანიმაციური პერსონაჟის სურათს დააყენებთ ან უბრალოდ ავატარს. ასევე დაეხმარეთ მათ, შექმნან ძლიერი და დაცული პაროლები.
მესამე — კარგი იქნება, თუ თავადვე გადმოწერთ და გატესტავთ იმ თამაშებსა და აპლიკაციებს, რომელთაც თქვენი შვილი გამოიყენებს.
მეოთხე — მნიშვნელოვანია, ბავშვებთან განიხილოთ, რომ ზოგიერთი ონლაინ მომხმარებელი შეუსაბამო კონტენტს ათავსებს, მათ შორის შიშველ ფოტოებს ონლაინ სივრცეში. დარწმუნდით, რომ თქვენმა შვილმა იცის არალეგალური ქმედებების შესახებ, რომელთაც თუ ინტერნეტში გადააწყდება, გეტყვით და დაბლოკავს. აუხსენით, რომ ზოგ მომხმარებელს არ აქვს კარგი განზრახვები და მავნედ სარგებლობს ბავშვების ნდობითა თუ ცნობისმოყვარეობით.
შესაძლოა, ამ საკითხზე საუბრების წამოწყება სულაც არ იყოს კომფორტული, მაგრამ აუცილებელია…