ჩინეთსა და Google-ს შორის „ცივი ომი” გრძელდება – რა ბედი ელის ტექნოლოგიურ გიგანტს ჩინურ ბაზარზე? ჩინეთის მთავრობამ Google-ის წინააღმდეგ ანტიმონოპოლიური გამოძიება დაიწყო. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ უახლესი ეპიზოდია მათ საკმაოდ რთულ ურთიერთობაში, რომელიც ჯერ კიდევ 2000-იანი წლებიდან იღებს სათავეს.
გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინურ იმპორტზე 10%-იანი ტარიფი დააწესა. ამ გადაწყვეტილებას ჩინეთის მხრიდან მყისიერი რეაქცია მოჰყვა – ქვეყანამ ამერიკულ გათხევადებულ აირსა და სხვა პროდუქტებზე საპასუხო ტარიფები დააწესა.
როგორ დაიწყო ყველაფერი?
Google-მ ჩინურ ბაზარზე შესვლა 2006 წელს სცადა, როდესაც ჩინურენოვანი საძიებო სისტემა google.cn გაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა პეკინის ცენზურის წესებს ემორჩილებოდა, მან მალევე მოიპოვა პოპულარობა და 2009 წლისთვის ბაზრის 36% დაიკავა.
თუმცა, 2010 წელს კომპანიამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა – კიბერშეტევებისა და მზარდი ცენზურის გამო, Google-მ ჩინური საძიებო სისტემა დახურა და მომხმარებლები ჰონგ-კონგის პლატფორმაზე გადაამისამართა.
საპასუხოდ, პეკინმა კომპანიის ყველა სერვისი დაბლოკა – Gmail, Chrome და თვით საძიებო სისტემაც კი. დღეს ჩინეთში პრაქტიკულად ყველა დასავლური პლატფორმა, მათ შორის Facebook და Instagram, მიუწვდომელია.
რა ხდება დღეს?
მიუხედავად იმისა, რომ Google-ის სერვისები ჩინეთში დაბლოკილია, კომპანიას კვლავ აქვს ოფისები პეკინში, შანხაისა და შენჟენში. ისინი ძირითადად სარეკლამო ბიზნესზე, Google Cloud-სა და კორპორატიულ გადაწყვეტილებებზე მუშაობენ.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიება Android-ის ოპერაციულ სისტემას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ პრაქტიკულად ყველა სმარტფონის მწარმოებელი, Apple-ისა და Huawei-ს გარდა, Google-ს Android-ის გამოყენებისთვის სალიცენზიო გადასახადს უხდის.
საინტერესოა, რომ Huawei-მ საკუთარი ოპერაციული სისტემა HarmonyOS მას შემდეგ შექმნა, რაც 2019 წელს აშშ-ს სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა და Google-თან თანამშრომლობის უფლება დაკარგა.
აღსანიშნავია, რომ Google-ს მსგავსი პრობლემები სხვა ქვეყნებშიც აქვს – ევროკავშირი, სამხრეთ კორეა, რუსეთი, ინდოეთი და თურქეთი კომპანიას საბაზრო დომინირების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებენ.
წყარო: inc.