South China Morning Post-ის თანახმად, ჩინელმა მეცნიერებმა კლონირების პროცესის სრულად ავტომატიზება შეძლეს და, როგორც ჩანს, ის კარგად მუშაობს. როგორც თავად აცხადებენ, AI-ზე დაფუძნებულმა სისტემამ ხელით კლონირების მცდელობებში დაფიქსირებული შეცდომები მკვეთრად შეამცირა.
ნანკაის უნივერსიტეტის ხელოვნური ინტელექტის კოლეჯის მკვლევართა მიერ შექმნილ ამ ტექნოლოგიას კომერციული კლონირების ნორმად ქცევა შეუძლია. ამ შემთხვევაში მეცნიერებმა სუროგატი ღორისგან 7 გოჭი მიიღეს… კლონირება, რომელიც ყველაზე ხშირად ხორციელდება ეგრეთ წოდებული სომატური უჯრედების ბირთვული გადაცემით, დელიკატური და შრომატევადი პროცესია. უჯრედები ადვილად ზიანდება და ადამიანური შეცდომები კომერციალიზაციის მთავარი დაბრკოლებაა.
„ჩვენს AI-ზე დაფუძნებულ სისტემას შეუძლია ძაბვა უჯრედის შიგნით გამოთვალოს და რობოტს მინიმალური ძალის გამოყენება უბრძანოს კლონირების პროცესის დასასრულებლად, რაც უჯრედების დაზიანებას ამცირებს“, — განმარტავს კვლევის ერთ-ერთი ავტორი, ლიუ იაოვეი.
როგორც იცით, ჩინეთში ღორის ხორცი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი საკვებია. 2018-19 წლების აფრიკული ღორის ვირუსის გავრცელებამ კი ძლიერ იმოქმედა მეცხოველეობაზე. უფრო კონკრეტულად, ამდენი ჯანსაღი ძროხის დაკარგვამ იმპორტის საჭიროება გამოიწვია. მკვლევრები კი იმედოვნებენ, რომ ავტომატური კლონირების პრაქტიკა მასებისთვის უფრო ხელმისაწვდომ და მაღალხარისხიან ხორცის მარაგს შექმნის.
ადამიანთა ფართო სპექტრისთვის ხელმისაწვდომი საკვების მიწოდება, რა თქმა უნდა, კარგი იქნება. თუმცა ჯერ კიდევ სათუო საკითხს წარმოადგენს კომერციული კლონირების ეთიკა… მით უმეტეს მაშინ, როცა მეცნიერები მცენარეული ხორცის წარმოებაზე აქტიურად და წარმატებით მუშაობენ.