in ,

ჩინეთმა მარსისკენ პირველი როვერი წარმატებით გაუშვა

23 ივლისს, ჩინეთმა წარმატებით გაუშვა მარსისკენ ინტერპლანეტარული მისია. მისი შემდეგი ეტაპი მარსისკენ 7 თვიანი მოგზაურობა იქნება, ხოლო წითელ პლანეტასთან მისვლისა და წარმატებული დაშვების შემთხვევაში, ჩინეთი მეორე სახელმწიფო იქნება, რომელიც მარსის ზედაპირზე როვერს დასვამს. მისია სახელად Tianwen-1 მოიცავს სამ მიმართულებას – როვერს, ორბიტალურ აპარატსა და მარსის ზედაპირზე დამშვებს (ერთგვარ პარაშუტს). სწორედ ეს ტრიო გაიყვანა კოსმოსში ჩინურმა რაკეტა Long March 5-მა.

მას შემდეგ, რაც ეს სამი ტრიო წითელ პლანეტამდე მიაღწევს, ისინი ორბიტაზე ორ-სამ თვეს დაჰყოფენ, ატმოსფეროს შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ, ორი მათგანი (როვერი და პარაშუტი) მარსზე დაეშვება. ისინი შეთანხმებულად იმუშავებენ მარსის გეოლოგიის შესასწავლად, ხოლო ორბიტაზე განთავსებული ხომალდი/კაფსულა მარსის გამოსახულებებს ზემოდან მიიღებს. აღსანიშნავია, რომ პლანეტაზე დაშვების მისია ორი ხომალდისთვის საკმაოდ რთული დავალებაა. თუმცა, თუ ისინი ამას შეძლებენ, დამშვები აპარატი იქცევა ერთგვარ დამხმარე პლატფორმად როვერისთვის, იმისათვის, რომ მან გადაადგილება წარმატებით დაიწყოს.

Tianwen-1-ის როვერისა და დამშვების რენდერი (Xinhua via Getty Images)

აქამდე, მარსზე რობოტული კოსმოსური ხომალდის/როვერის დასმა და ამ გზით, მარსის ზედაპირის შესწავლა მხოლოდ აშშ-მ მოახერხა. ევროპამ ორჯერ სცადა მარსზე კოსმოსური ხომალდის დასმა, თუმცა ორივე მისია კრახით დამთავრდა. ხოლო 1971 წელს, მარსზე საბჭოთა კავშირის ხომალდი Mars 3 დაეშვა, თუმცა მან მხოლოდ 20 წამის განმავლობაში შეინარჩუნა დედამიწასთან კონტაქტი და მისი ბედი უცნობია. თუ ჩინეთი მარსზე როვერს წარმატებით დასვამს, ის გახდება მეორე ქვეყანა, რომელსაც წითელ პლანეტაზე როვერი ეყოლება და ამ გზით, ის გლობალური კოსმოსური საზოგადოების მნიშვნელოვან წევრად იქცევა. 

აღსანიშნავია, რომ Tianwen-1 2020 წლის ივლისში მეორე მისიაა, რომელიც მარსისკენ უკვე მიემართება. 3 დღის წინ, ანუ 20 ივლისს, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა წითელი პლანეტისკენ პირველი ხომალდი გაუშვა. Tianwen-1-ისგან განსხვავებით, გაერთიანებული საამიროები ხომალდ Hope-ის მარსზე დაშვებას არ გეგმავს, ის მარსის ორბიტაზე დარჩება და მან პლანეტის ამინდი და ატმოსფეროში მიმდინარე ცვლილებები უნდა შეისწავლოს. ხოლო 30 ივლისს აშშ და ევროპა წითელი პლანეტისკენ Mars 2020 მისიას გაგზავნიან. მისია გულისხმობს მარსის ზედაპირზე, დაახლოებით, ერთ ტონიანი როვერის Perseverance განთავსებას, რომლის მიზანიცაა მარსზე ადრეული სიცოცხლის შესწავლა. ამისათვის, როვერი მარსზე მასალებს მოაგროვებს, რომელიც წლების შემდეგ, დედამიწაზე აღმოჩნდება.

დედამიწიდან მარსზე გამგზავრება 26 თვეში ერთხელაა შესაძლებელი, როცა ეს ორი პლანეტა ერთიდან მეორის მიმართულებით ფრენისთვის ხელსაყრელადაა განლაგებული. 2020 წლის ივლისის ბოლო პერიოდი სწორედ ასეთი დრო აღმოჩნდა. არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ჩინეთის მიერ კოსმოსში გაშვებული ხომალდები მარსამდე 2021 წლის თებერვალში მიაღწევს. 30 ივლისს კი, როგორც უკვე ვთქვით, აშშ-სა და ევროპის მხრიდან, წითელი პლანეტისკენ მიმართული კიდევ ერთი მისიის დაწყებას ველოდებით.

“ფელამუშიტო” – ქართული და თანამედროვე დესერტების პიკანტური კომბინაცია

ცნობილი პორტრეტები ახალშობილების მონაწილეობით