ბრენდინგის სფეროში გატარებული ათი წლისა და არაერთი შემდგარი პროექტის შემდეგ, შოთა ჩინჩალაძემ გადაწყვიტა საკუთარი თავისთვის კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ მისი დაგროვილი ცოდნის ბაზა საერთაშორისო დონის პროფესიონალიზმის საპირწონეა. ამ მიზნით, ის ორგანიზაცია LEVEL C-ს სასწავლო პროგრამას შეუერთდა, რომლისგანაც, სულ ცოტა ხნის წინ, მიიღო ცნობა, კომპეტენციის დადასტურების შესახებ. რას ნიშნავს ეს? რას საქმიანობს LEVEL C ან რატომ ჩათვალა სტრატეგიული ბრენდინგის გამოცდილმა სპეციალისტმა, რომ მის კომპეტენციას “დადასტურება” სჭირდებოდა? მარკეტერის შეკითხვებზე შოთა ჩინჩალაძე გვპასუხობს:
“ბრენდინგი საკმაოდ ახალი, ქორფა ინდუსტრიაა და სამწუხაროდ, ის ჯერ ვერ იქცა MBA პროფესიად. მსოფლიოში იშვიათად თუ შეხვდებით უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ამ დისციპლინას ამომწურავად ასწავლიან. ამიტომ ამ სფეროში მოღვაწე ადამიანების უმეტესობა ამ ცოდნას „არაფორმალურად“, წიგნების და სხვადასხვა სტატიების დონეზე ეუფლება და პრაქტიკაში ამყარებს. სულ ცოტა ხნის წინ ჩვენს ინდუსტრიაში გაჩნდა LEVEL C, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ბრენდინგის სწავლებასა და ამ სფეროს სპეციალისტების განათლება-სერტიფიცირებაზე ზრუნავს. LEVEL C სულ 5 დონისგან შედგება. ამ ეტაპზე მხოლოდ ორი მოდულია შექმნილი და ჩაშვებული. პირველი ეტაპი რა თქმა უნდა საბაზოა, თუმცა, მისი გავლა შემდეგი ეტაპების გავლამდე, აუცილებელი მოთხოვნაა”.
M: შენ ახსენე, რომ ეს კომპეტენციის დადასტურებაა, განვუმარტოთ მკითხველს, რას ნიშნავს ეს და რამ მიგიყვანა გადაწყვეტილებამდე, რომ შენს კომპეტენციას დადასტურება სჭირდებოდა?
როგორც უკვე გითხარით, სფეროს სიახლის გამო, მსოფლიოშიც კი თითქმის შეუძლებელია ნახოთ ადამიანი, რომელიც ბრენდის სპეციალისტის ოფიციალურ დიპლომს ფლობს. მე ღრმად მწამს, ნებისმიერი დიპლომი, მხოლოდ დასატურებაა იმისა, რასაც გონებაში ინახავ და სხვებს უზიარებ. ამ სფეროში მუშაობის 10 წლისა და ბრენდინგის სწავლების 5 წლიანი გამოცდილების შემდეგ, მეც გამიჩნდა სურვილი „ბრენდინგის სერტიფიცირებული სპეციალისტების“ არც თუ ისე დიდ, თუმცა მზარდ არმიას შევერთებოდი და პირველ რიგში ჩემი თავისთვის, კიდევ ერთხელ დამემტკიცებინა, რომ ცოდნა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში დავაგროვე, არაფრით ჩამოუვარდება საერთაშორისო დონეზე არსებულ ცოდნასა და პროფესიონალიზმს.
როგორც უკვე გითხარით, პირველი ეტაპი საბაზო იყო. მიუხედავად იმისა, რომ მასალა, რომელსაც ამ მასტერკლასების განმავლობაში გავდიოდით, ჩემთვის ახალი არ ყოფილა, მაინც ძალიან საინტერესოა გაიზიარო 40-მდე პროფესიონალის საერთააშორისო გამოცდილება, ნახო რა ხდება ახალი მსოფლიოში ამ მიმართულებით და მიიღო შენი კომპეტენციის დამადასტურებელი სერთიფიკატი ბრენდინგის ცოცხალი გურუსა და ევანგელისტისგან.
M: თავად პროცესი როგორი იყო?
მუშაობა 40 სხვადასხვა პროფესიონალთან ერთად, ჯგუფებად მოგვიწია. თეორიულ მასალასთან ერთად, პრაქტიკულად ვმუშაობდით და კონკრეტულად ჩვენი გუნდის დავალება აეროპორტების ინდუსტრიის გარდაქმნა იყო. ცოტათი მეამაყება, რომ იდეების რბოლაში ჩემმა იდეამ გაიმარჯვა და ჩვენმა გუნდმა შექმნა აეროპორტების ბრენდი, რომელსაც ტერმინალი ქალაქის ცენტში აქვს და 2-საათიანი ლოდინის ნაცვლად, მოგზაურები პირდაპირ ქალაქის ცენტრიდან, ავტობუსების დახმარებით მიჰყავს პირდაპირ თვითმფრინავამდე. პროექტის დასრულებსი შემდეგ, მცირე გამოცდაც ჩავაბარეთ და ყველაფერი ოფიციალური სერტიფიკატით დასრულდა.
M: ახალი რა გასწავლა ამ კურსმა?
ორ რამეში დავრწმუნდი:
1. ბრენდინგი უპირველეს ყოვლისა პროდუქტის ცვლილებით, მის არსებულ ვერსიაში რეალური, ადამიანზე მორგებული ცვლილებების შეტანით იწყება და სხვაგვარად არცერთ ლამაზ წინადადებას არ აქვს აზრი.
2. ბრენდინგი ახალის შექმნის დისციპლინაა. ნებისმიერი სიახლე რისკია, არ შეიძლება არსებობდეს პასუხები ახალ შეკითხვებზე. ეს პასუხები მუდმივ ტესტირებაში, ცდასა და შეცდომებზე სწავლაში იმალება.
ეს არის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი მიდგომა, რომელიც უნდა შევცვალოთ ჩვენს ქვეყანაში. სხვაგვარად შეუძლებელია ბოლომდე გავიაზროთ და შევიგრძნოთ ბრენდინგისა და ძლიერი ბრენდის მნიშვნელობა და სარგებელი.
M: რას ნიშნავს ეს შენთვის და შენი კარიერისთვის?
ჩემთვის, ეს ყველაფერი მეტ თავდაჯერებულობას ნიშნავს. ჩემი კარიერისთის კი, პირველ რიგში საერთაშორისო აღიარებას და ახალი ცოდნისა და სამეგობროს დახმარებით საერთაშორისო ბაზარზე მეტ შესაძლებლობებს ნიშნავს. სხვა არაფერი იცვლება – მე კვლავ ვაგრძელებ ქართული კომპანიების დახმარებას საკუთარი სტრატეგიების გადააზრებაში და ჩემი უსაყვარლესი სტუდენტებისთვის ბრენდინგის სახარების კითხვას უნივერსიტეტებსა და ტრენინგ ცენტრებში.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი