ცოტა ხნის წინ, შენჯენის ცენტრში “მაკდონალდსის” რიგში მდგომმა მომხმარებელმა, სახელად ლინგუმ, მაკ-მაფინი შეუკვეთა. ვიდრე შეკვეთას ელოდებოდა, მენიუში ახალი ვეგეტარიანული კერძი აღმოაჩინა და მისი დაგემოვნებაც გადაწყვიტა. თითქოს, არაფერი… თუმცა ეს კერძი, არც მეტი არც ნაკლები, ხორცის იმიტაცია იყო.
ახალი კერძი იმ ხუთი ახალი საუზმის ნაწილია, რომელიც სწრაფი კვების ობიექტმა გასულ კვირას ჩინეთის სამ დიდ ქალაქში წარადგინა. ლინგიუ კი სწორედ იმ ადამიანების აზრს იზიარებს, რომელთაც ხორცის შემცველი პროდუქტების გამოყენება მნიშვნელოვან წინსვლად მიაჩნიათ. მათი თქმით, ნაკლები ხორცის მიღება ერთ-ერთი მარტივი გზაა ინდივიდუალური ნახშირბადის ნაკადის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში.
“მაკდონალდსი” იმედოვნებს, რომ მისი ბარდისა და სოიოს შემცველი, ნულოვანი ქოლესტერინის ხორცის შემცვლელი ჩინეთის მასიური სასადილო ბაზრის ძირითად ნაწილად იქცევა. აქვე აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის კონკურენტებმა KFC-მ და Dicos-მა გასულ წელს საკუთარი მცენარეული პროდუქტები წარადგინეს.
ფაქტია, იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ალტერნატიული ცილის პოპულარიზაცია სურთ, სწრაფი კვების ობიექტებთან თანამშრომლობა საუკეთესო გზაა. მართალია, ზოგიერთი ინვესტორი აღნიშნული პროდუქტის ასეთი მატების გამო წუხს, მაგრამ ამ პროცესს, ალბათ, ვერაფერი შეაჩერებს.
“იფიქრეთ იმაზე, თუ რამდენ ხორცს მოიხმარს ჩინეთი წლის განმავლობაში. მაშინაც კი, თუ ალტერნატიული ცილა მოხმარების 0.01%-ს შეცვლის, ეს შესაძლოა, ათეულობით მილიარდი დოლარის საქმე იყოს” – ამბობს ჩინეთის სოიოს პროტეინის სტარტაპის ინვესტორი.
მართლაც, ამ თვალსაზრისით, 2020 წელს ჩინეთი განსაკუთრებით აქტიური იყო. ქვეყანა უკვე დიდი ხანია, ხორცის იმიტაციის სხვადასხვა ვერსიას იყენებს. თავის მხრივ, ამას განაპირობებს ის ფაქტი, რომ სულ უფრო მეტი ადამიანი აფასებს ჯანმრთელობას, დანარჩენს კი უბრალოდ, ექსპერიმენტების ჩატარება სურს. თანაც, ქვეყანას საკმარისი რესურსი აქვს შიდა მცენარეული ცილის საწარმოებლად.
“მჯერა, რომ ხუთ წელიწადში ჩინეთში უამრავია ადგილობრივი მცენარეული პროტეინის კომპანია იქნება, რომლებიც ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ინდუსტრიებს არაფრით ჩამოუვარდება” – აცხადებს ზი ზიჰანი, სოიოს შემცველი ხორცის კომპანია Vesta-ს დამაარსებელი.