25
Jan
2019

ჩინეთში „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ გაიხსნება

25 Jan 2019

2019 წლის 28 იანვარს, ჩინეთის ქალაქ გუანჯოუს რაიონში, ხუადუში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის მხარდაჭერით, გუანჯოუს ადგილობრივი მთავრობის ხელშეწყობითა და ჩინეთში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის სპეციალური წარმომადგენლის, ბექარ მიქაბერიძის გუნდის შრომის შედეგად, „სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ გაიხსნება. ამის შესახებ საექსპედიტორო სააგენტო Tiangbei წერს.

„სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი“ უპრეცედენტო ქართულ-ჩინური პროექტია, რომელიც ერთი სივრცის ქვეშ აერთიანებს ქართულ კულტურას, ისტორიას, ტრადიციებს, ქართული ღვინის კულტურას, ქართულ სამზარეულოს, ქართულ და უცხოურ ნატურალურ პროდუქციას, ახალგაზრდა ქართველი და უცხოელი გამომგონებლების სტარტაპებს. რაც მთავარია, ბიზნეს სახლის ქვეშ ერთიანდება ახალი აბრეშუმის გზის 25 ქვეყანა, რომლის სახელმწიფო ორგანიზაციები – სავაჭრო პალატების წარმომადგენლობები, განთავსდებიან სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლის სათავო ოფისის სივრცეში“.

„სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლს“, რომელიც 2018 წელს დაარსდა, შვიდი ძირითადი მიმართულება აქვს: იმპორტი, ექსპორტი, წარმოება, ახალი ტექნოლოგიური გამოგონებები, ტურიზმი, მედია და Duty Free მაღაზიები. 

„პროექტი უშუალოდ ეხმიანება ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას სარტყლისა და გზის ქვეყნების ერთ პლატფორმაზე გაერთიანებას, მათ შორის, უპირველს ყოვლისა, მშვიდობიანი ურთიერთობების დამყარებასა და შემდეგ, მოგებიანი და წარმატებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის გაბმას“.

განხილვა