მთვარესთან დაკავშირებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მიმდინარე „დაპირისპირება“ სულ უფრო მწვავდება. გამოცემა Politico-თვის მიცემულ ინტერვიუში NASA-ს ხელმძღვანელმა, ბილ ნელსონმა, განაცხადა, რომ თუ ამ კოსმოსურ შეჯიბრებაში ჩინეთი გაიმარჯვებს, შესაძლოა, მან მთვარეზე გარკვეული ტერიტორიები მიისაკუთროს — კერძოდ, ისეთი არეალები, სადაც მინერალები და სხვა რესურსები მოიპოვება. ასევე, მოსალოდნელია, რომ ჩინეთი მთვარის მისიების განხორციელებაში სხვებსაც შეუშლის ხელს.
„ფაქტია, რომ კოსმოსური რბოლა მიმდინარეობს. სიმართლე ითქვას, უკეთესი იქნება, თუ ჩინეთი სამეცნიერო კვლევის სახელით არ დაიმკვიდრებს ადგილს მთვარეზე. არ არის გამორიცხული, გვითხრან, რომ იქაურობას მოვერიდოთ, რადგან ეს მათი ტერიტორიაა“, — აღნიშნავს ბილ ნელსონი.
ახალი კოსმოსური რბოლა
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ჩინეთის კოსმოსური პროგრამების ფარგლებში, მეცნიერები უახლოეს მომავალში განსახორციელებელ მთვარის მისიებზე მუშაობენ და წარმატების მისაღწევად იბრძვიან. ამის დასტურია ბოლო რამდენიმე წელში ჩინეთის მიერ მთვარესა და მარსზე ზონდების, დასაჯდომი მოდულებისა და მავალების გაშვება. „ბოლო დეკადის განმავლობაში ჩინეთმა დიდ წარმატებასა და წინსვლას მიაღწია“, — ამბობს ნელსონი.
ამავდროულად, ჩინეთმა დედამიწის ორბიტაზე ახალი კოსმოსური სადგურიც ააგო. ახლა კი, ამ ათწლეულის ბოლომდე ჩვენს ბუნებრივ თანამგზავრზე ასტრონავტების გაშვებასაც გეგმავენ. ხოლო ნასას მთვარის უეკიპაჟო მისია Artemis-ის ფარგლებში უკვე წარმატებით განხორციელდა — ეკიპაჟი 2025 წლისთვის გაემგზავრება.
გარდა ტერიტორიული დავისა, აშშ-ში გამოთქვამენ შიშს, რომ ჩინეთი მათი კოსმოსური სისტემების ფუნქციონირებასაც შეუშლის ხელს. ეს კი პოლიტიკური თვალსაზრისით სახიფათოა.
„შეიძლება ითქვას, ეს პოლიტიკური შეჯიბრია, რათა გაირკვეს, რომელი ქვეყნის სისტემა მუშაობს უკეთ. მათ სურთ, მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფოს სტატუსი, დედამიწაზე კი ყველაზე დომინანტური ძალაუფლება მოიპოვონ. თუ ისინი მთვარეზე გვაჯობებენ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენზე ძლიერები არიან“, — განმარტავს NASA-ს ყოფილი ასტრონავტი, ტერი ვირტსი.