ჩინურმა სტარტაპმა ქვეყანაში წარმოებული პირველი კვანტური კომპიუტერის ოპერაციული სისტემა აამოქმედა, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების დომინანტი პოზიციისთვის.
Origin Quantum-მა ორშაბათს წარადგინა Origin Pilot OS, რომელიც სრულ პოტენციალს ფლობს, ყველაფრის რადიკალურად გარდასაქმნელად – დაწყებული კოსმოსური კვლევებით, დასრულებული სხვადასხვა დაავადებების მკურნალობით. კომპიუტერული სფეროს ექსპერტები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის კონკურენცია შესაძლოა, “კვანტური შეიარაღების რბოლაში” გადაზიარდოს.
როგორც ჩინეთში, ისე აშშ-ში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ახალმა ტექნოლოგიამ მნიშვნელოვან ეტაპს, ე. წ. “კვანტურ უზენაესობას” მიაღწია. ამის თანახმად, კომპიუტერი თავისუფლად ასრულებს ისეთ გაანგარიშებებს, რომელთა სრულ გამოსათვლელდაც ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს ათასობით წლები დასჭირდებოდა.
კვანტური კომპიუტერები თავიანთ კოლოსალურ ენერგიას ტრადიციული ბიტების “1” და “0”-ის კუბიტებით ჩანაცვლებით აღწევს. კუბიტებს შეუძლია, ერთდროულად იმოქმედოს, როგორც “1” და “0”. ეს შესაძლებლობა კი ნიშნავს, რომ კვანტური კომპიუტერის გადამამუშავებელი ძალა ყოველი ახალი კუბიტის დამატებით იზრდება.
“თუ კვანტურ ჩიპს ადამიანის გულთან ვაიგივებთ, მისი ოპერაციული სისტემა ტვინის ექვივალენტურია, კვანტური პროგრამული უზრუნველყოფა კი შეგვიძლია, ხორცად და სისხლად მოვიაზროთ” – ამბობს გუო გუანგკანი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიიდან.
აღსანიშნავია, რომ კვანტური კომპიუტერის პირველი ოპერაციული სისტემა ჯერ კიდევ 2015 წელს კემბრიჯის მკლევრებმა შეიმუშავეს და განაცხადეს, რომ აუცილებელი იყო მისი განვითარება, ღრმა და მნიშვნელოვანი მიღწევებისთვის, რომლებიც ცხოვრების ყველა ასპექტს მოიცავს. ახლა კი, ჩინელების მიერ შექმნილი ოპერაციული სისტემა გამოყენებული იქნება ღრუბლოვან პლატფორმაზე, რათა კვანტური გამოთვლის შესაძლებლობები 100-ზე მეტ კომპანიას შესთავაზოს.