in

„მე ვარ ჩემოდნის გარსაცმი „ჩინი“, დღეს საით მივფრინავთ?“

Startauperi
Startauperi

3 წლის განმავლობაში თვალისჩინივით რომ უფრთხილდებოდა, რატომღაც, წელს, გაზაფხულის ერთ ჩინებულ საღამოს, 19 წლის შვილთან ერთად გადაწყვიტა, რომ „ჩინი“ ჩემოდნებთან შესახვედრად მზად იყო.

ყველაფერი ხომ რაღაცაზე ფიქრით იწყება. არც „ჩინია“ გამონაკლისი. შინაგანად რაღაცები „მაწუხებდა“, სულ რაღაც იდეები მქონდა… ძალიან კარგი წარმოსახვა მაქვს, ჯერ ყველაფერს ვხედავ და მერე, თუ ვაკეთებ, ზუსტად ისეთს, როგორიც წარმომედგინა. „ჩინიც“ ჩემი წარმოსახვის შედეგია… და ძალიან გამიმართლა, რომ ჩემმა უახლოესმა ადამიანებმა – მათ შორის, ჩემმა შვილმა ირინკამ, რომელსაც, პრინციპში, მე ვეხმარები ამ საქმეში – დაიჯერეს, რომ „ჩინის“ აუცილებლად უნდა ეარსება, – მაკა გურგენიძე, „ჩინის“ იდეის ავტორი. 

სწორედ ასე დაიბადა „ჩინი“, ერთდროულად, ანბანის ოცდამეექვსე ასო-ბგერა, თან სიტყვაც, ტიტულს რომ ნიშნავს, მოულოდნელი სიხარულისგან გაფართოებული გუგაც და ასეთივე მშვენიერი მალაიზიური ტბაც – ათასობით ლოტოსის ყვავილით, მოტივტივე ბაღად რომ გარდაიქმნება ხოლმე, ზაფხულობით.

ყველაზე მეტად, „ჩინი“ ჩემოდნების გარსაცმია და როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, უსაზღვრო შესაძლებლობებს იტევს: ის, როგორც გენიალური ფიროსმანის „მეთევზის“ ტყავს ირგებს, ასევე, მდიდრული ქართული ანბანის წარსულში იქექება, საკუთარ თავში გამბედაობასაც პოულობს და ჩვენს ზღურბლთან მომდგარ მტერს გულწრფელად, თვალსაჩინოდ მიუთითებს: „საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“.

ჩვენს კითხვაზე, ჩინი გასამგზავრებელი ჩემოდნებისთვის უფროა, თუ ჩამოსასვლელი? – მაკა გვიყვება, რომ მისი სურვილია, ქართველები, რომლებიც სხვაგან მიემგზავრებიან, „ჩინის“ დახმარებით, უცხოელებს, ჩვენს ქვეყანაზე მოუყვნენ ამბებს, „თავისი წილი საქართველო ყველამ გააგებინოს იმათ, ვინც ჩვენზე არაფერი ან ძალიან ცოტა იცის“. 

და როგორ გამოხატავდი იმ ემოციას, „ჩინის“ თან რომ უნდა მოჰყვეს ხოლმე? – „ეე! რა მაგარია“, „უი, ქართულია?!.“

წარმოიდგინე, ბარგის კარუსელთან რომ დგახარ, შენს ჩემოდანს უცდი და უცბად, გამოანათებს! მაშინვე რომ გამოარჩევ შენსას სხვებისგან, „ჩინის“ გამო, ძალიან სასიამოვნოა. და თან როგორი შეგრძნებაა, იცი, ბავშვს რომ თბილად ჩააცვამ და გარეთ კმაყოფილი და მშვიდი გადიხარ, ასევეა „ჩინის“ შემთხვევაშიც, ჩემოდანს რომ შემოაკრავ, არაფრის აღარ გეშინია. სლოგანიც იმიტომ შევარჩიეთ ასეთი: „გაუფრთხილდი და გამოარჩიე“, – მაკა გურგენიძე

„ჩინის“ უახლოესი გეგმები ასეთია: სულ მალე, სასაჩუქრე ჩანთები და ლადო გუდიაშვილის ნამუშევრით დამშვენებული გარსაცმი შესთავაზოს მომხმარებლებს. რაც შეეხება უფრო შორეულ ხედვებს, „ჩინის“ გარსაცმზე QR კოდის დატანას გულისხმობს, რომლის დასკანირების შემთხვევაშიც, ქართველი პოეტების ლექსები უნდა გამოჩნდეს ეკრანებზე.

„ჩინის“ ამბავს, ჩვენს სტატიაში, მისივე სიტყვებით დავამთავრებთ:

„მე სწორედ შენთვის ვარ ასეთი, ჩემებური, ჩინებული… და შენს გორგოლაჭებიან მეგობარს შემიძლია, ისე მაგრად შემოვეკრა, რომ:

  • დაკაწვრისგან დავიცვა;
  • მარტივად ვერ გახსნან;
  • და რაც მთავარია, ყველასგან გამოარჩიონ.

შემარჩიე და ერთად მოვუყვეთ მსოფლიოს ჩვენს ამბავს: ხან ფიროსმანზე, ხანაც ოცხელზე, ქვეყნის ანბანსა თუ ოკუპაციაზე…

მე ვარ ჩინი, დღეს საით მივფრინავთ?“

ავტორი: თიკა გეგენავა

როგორ მოვასწროთ მუშაობაც და სახლში სადილების მზადებაც?

Google, მომხმარებელს, ვიდეო თამაშის შექმნას უფასოდ ასწავლის