როგორც აღმოჩნდა, ყველა ჟირაფისთვის ცხოვრება მალევე ფეხზე წამოდგომით არ იწყება… მათ შორისაა მდედრი ბოჟიკი, სახელად „მსიტუნი“, რომელმაც თავის მეგობრებთან ერთად სიარული ვერ შეძლო. იგი სან დიეგოს ზოოპარკ Safari Park-ში ისეთი მდგომარეობით დაიბადა, რომელსაც კარპალურ ჰიპერექსტენსიას უწოდებენ.
ამ დიაგნოზის გამო მსიტუნის ფეხები ზედმეტად მოხრილი იყო იმისათვის, რომ ფეხზე დადგომა და სიარული შესძლებოდა. მეტიც, ეს საფრთხეს მის სიცოცხლესაც უქმნიდა. ამიტომ, ჰანგარის კლინიკა და სან დიეგოს „ზოოპარკის ველური ბუნების ალიანსი“ მის დასახმარებლად გაერთიანდა — ჟირაფს კიდურების გასასწორებლად სპეციალური ორთოზული ბრეკეტები დაამაგრეს, რითაც იგი ჩვეულებრივ სიარულს შეძლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰანგარის კლინიკა ადამიანების პროთეზირებაზე მუშაობს, მათ ჟირაფის გამოჯანმრთელებისთვის საჭირო გეგმის შემუშავებაც მოახერხეს. ბრეკეტების ფუნქციური გამართვის გარდა, მის ექსტერიერზეც იზრუნეს, რათა ჟირაფისთვის უფრო ბუნებრივი ყოფილიყო.
„მოხარულები ვართ, რომ პატარა ჟირაფის ჩვეულ ცხოვრებაში დასაბრუნებლად, საჭირო რესურსი და ცოდნა გვაქვს. ამ ბრეკეტების გარეშე მისი ფეხების პოზიცია სულ უფრო მტკივნეული გახდებოდა და ისეთ წერტილამდე მივიდოდა, რომელსაც მსიტუნი ვერ გაუძლებდა“, — ამბობს მეტ კინი, Safari Park-ის უფროსი ვეტერინარი.
სამწუხაროდ, ეს არ იყო ერთადერთი რამ, რაც მსიტუნის აწუხებდა. მას სხვა სერიოზულ დაავადებებთანაც მოუწია გამკლავება. სისხლში არსებული დარღვევების გამო ინტრავენური ანტიბიოტიკებით უმკურნალეს. უკანა ფეხების არარეგულარული პოზიციის გამოსასწორებლად კი ჩლიქების გაფართოება მოუწიათ…
საბედნიეროდ, ყველა მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა — დღეს სამი თვის მსიტუნი არც ანტიბიოტიკებს იღებს და აღარც სპეციალურ ბრეკეტებს იყენებს. მისი ფეხები უკვე გასწორებულია, მან სიმაღლეში ზრდა და წონაში მომატებაც კი დაიწყო. Safari Park-ის აღმოსავლეთ აფრიკის სავანაში სხვა ჟირაფებსაც შეუერთდა და უკვე მეგობრებიც შეიძინა, მათ შორისაა ზრდასრული მდედრი ჟირაფი „იამიკანი“ და მისი შვილი „ნურუ“, რომელიც მსიტუნიზე სულ რაღაც 4 დღით პატარაა.
„მისი ბუნებრივი განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ნახირთან დაახლოებით იმ ქცევებისა და უნარების განვითარებას შეძლებს, რომელიც მისთვის აუცილებელია“, — განმარტავს კრისტი ბურტისი, Safari Park-ის ველური ბუნების მოვლის დირექტორი.
მსიტუნის გამოჯანმრთელებას კი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად აქცევს ის ფაქტი, რომ ბუნებრივ საცხოვრებლებში უკვე 100 000-ზე ნაკლები ჟირაფი დარჩა — ეს ბოლო 20 წლის განმავლობაში 40%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
View this post on Instagram