დღესდღეობით ბრენდის იდენტობას მხოლოდ ლოგო, შეფუთვა ან სარეკლამო კამპანია აღარ გამოხატავს. ახლა იმ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც ბრენდი შეიძლება ნებისმიერ ფორმას იღებდეს, იქნება ეს სივრცე, გამოცდილება, ციფრული პროდუქტი თუ სამოსი.
სწორედ ამ იდეას ეფუძნება ქართული მოდის ბრენდის, Situationist-ისა და Pernod Ricard-ის კოლაბორაცია. Pernod Ricard მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა ალკოჰოლური პრემიუმსასმელების ინდუსტრიაში. მისი პორტფელი აერთიანებს 240-ზე მეტ ბრენდს, მათ შორისაა: Chivas Regal და The Glenlivet. ამ ბრენდებს ქართველი მომხმარებელიც კარგად იცნობს და marketer-ის მკითხველიც, რადგან მათი ისტორიისა თუ საინტერესო კამპანიების შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გაგვიზიარებია, თუმცა მათ კოლაბორაციაზე დღეს პირველად გიყვებით.
პროექტის ფარგლებში Pernod Ricard-ის ბრენდამბასადორის, ალექსანდრე ცაგურიასთვის, შეიქმნა ექსკლუზიური კოსტიუმი, რომელშიც ინტეგრირებულია ორი დიზაინობიექტი – The Glenlivet-ისა და Chivas Regal-ის შთაგონებით შექმნილი დეტალები. ბრენდირებულ ელემენტებსა და სრულ კონცეფციაზე Situationist-ის კრეატიულმა დირექტორმა, ირაკლე რუსაძემ იმუშავა, რომელმაც Chivas Regal-ისთვის წარმოადგინა ბროში და აბრეშუმის ჯიბის ცხვირსახოცი, ხოლო The Glenlivet-ისთვის – მაჯის აქსესუარები. თითოეულ ნამუშევარში ბრენდის ხასიათი და ვიზუალური ესთეტიკა დიზაინის ენაზეა გადმოცემული.

აღსანიშნავია, რომ პროცესში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არა მხოლოდ ვიზუალურ მხარეს, არამედ ფუნქციურობასაც. ორივე დეტალი პრემიუმხარისხის მასალისგან არის დამზადებული და მრავალფუნქციურობით გამოირჩევა. კოსტიუმის კონსტრუქცია ისეა აწყობილი, რომ დეტალების ცვლილებით მისი მორგება შესაძლებელია როგორც კლასიკურ, ისე ყოველდღიურ სტილზე.
სიმბოლურია, რომ Pernod Ricard-ის ბრენდამბასადორი ალექსანდრე ცაგურია Situationist-ის შექმნილი სამოსით დაესწრო მათი პირველი ფლაგმანური მაღაზიის გახსნას, სადაც სტუმრებს სპეციალურად ამ დღისთვის The Glenlivet-ის ბაზაზე შექმნილი კოქტეილებიც წარუდგინა.
მსგავსი თანამშრომლობები კიდევ ერთხელ გვიდასტურებს, რომ თანამედროვე ბრენდინგი სულ უფრო ხშირად სცდება ტრადიციულ ჩარჩოებს. როდესაც ბრენდის იდენტობა სამოსის დეტალად იქცევა, ის მხოლოდ ვიზუალურ ელემენტს აღარ წარმოადგენს, არამედ ხდება კომუნიკაციის ნაწილი, რომელიც ბრენდის ისტორიას სრულიად განსხვავებული ენით ჰყვება.
[R]















