„მე თვითონაც სიამოვნებით მოვამზადებდი, მაგრამ დრო არ მაქვს“ – თუკი ერთხელ მაინც გითქვამთ ეს ფრაზა, გირჩევთ, გულისთვალით წაგვიკითხოთ. ისეთ აჭარულ ხაჭაპურზე უნდა გიამბოთ, რომელსაც ადვილადაც გააკეთებდით და თანაც – საკუთარი ხელით. ეს ამბავი, პანდემიისას, მყუდრო ოჯახურ გარემოში დაიბადა. მოგეხსენებათ, ისეთი დრო იყო, სახლში კულინარიული ექსპერიმენტები მეტნაკლებად ყველამ რომ დავიწყეთ. „ჩიზზზიც“ ასეთ გარემოში შეიქმნა – გიორგი ბოჭორიშვილისა და ნათია ჯგუბურიას გასტრონომიული თავგადასავლისას.
„ჩიზზზი“ არის ნაკრები, რომლითაც აჭარული ხაჭაპურის გამოცხობა, სახლში, 10 წუთში შეგიძლიათ. ეს მომხმარებელს უზოგავს დროსა და ენერგიას, რომელიც მნიშვნელოვანი ფაქტორია თანამედროვე სამყაროში.“
გიორგი პროფესიით მარკეტერია, ნათია – პირადი სტილისტი. აჭარული ხაჭაპურის სახლში გამოცხობამ ცოლ-ქმარს ბიზნესიდეა შთააგონა და შვილთან, მაშო ბოჭორიშვილთან ერთად, „ჩიზზზი“ დააფუძნეს. დღეს, კი, უკვე ექსპორტისთვის ემზადებიან.
„ჩვენი პროექტი სწორედ პანდემიის დროს განხორციელდა და მან მოგვცა ამ სტარტაპის განვითარების ბიძგი. ლოქდაუნმა გვაჩვენა, რომ სახლში სწრაფად მოსამზადებელი ხაჭაპურის ნაკრები არ არსებობდა. იდეა მანამდე გაჩნდა, თუმცა მიმდინარე მოვლენებმა განხორციელება დააჩქარა,“ – გვიამბეს „ჩიზზზის“ დამფუძნებლებმა.
M: აჭარული ხაჭაპურის პროდუქტად სწორედ ამ ფორმით ქცევა როგორ გადაწყვიტეთ?
პრაქტიკული მიგნებების საფუძველზე, აჭარული ხაჭაპურის ინოვაციური მეთოდით მომზადების შესაძლებლობა დავინახეთ. ჩვენი ხედვით, ეს იქნებოდა პრემიუმ ხარისხის პროდუქტი, რამდენიმე დამატებითი ფაქტორით: გამოცხობის სიმარტივით, მაღალი ხარისხის ინგრედიენტებით, თანამედროვე შეფუთვითა და ტრადიციული გემოთი. ასევე, street food ვერსიაც შევიმუშავეთ.
M: როგორ იყო პროდუქტის განვითარების ეტაპები. როგორ მოიზიდეთ მომხმარებლები ადგილობრივ ბაზარზე?
ბაზარზე არ არსებობს ანალოგიური პროდუქტი, ჩვენი მეგობარი კომპანიების, სარეკლამო სააგენტო JWT Metro-სა და სექტორი D3-ის, დახმარებით შევქმენით ტრადიციული აჭარული ხაჭაპურის თანამედროვე ვერსია, რომელიც მომხმარებლის დიდი მოწონებით სარგებლობს
იდეის გაჩენისა და პირველი ეტაპის განხორციელების შემდეგ, ფუდ-ფესტივალი „გაუსინჯე თბილისს გემო“ ძალიან დაგვეხმარა. პროდუქტის საცალო გაყიდვაში ჩაშვებამდე გვქონოდა პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან, რაც მნიშვნელივანი იყო „ჩიზზზის“ პოპულარიზაციისთვისა და პროდუქტის გაუმჯობესებისთვის.
M: თქვენ ახსენეთ, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხართ კონცენტრირებული. როგორ გეგმავთ გლობალურ მასშტაბზე გასვლას?
„ჩიზზზის“ წარმატებაში თავიდანვე დარწმუნებული ვიყავით, თუმცა მეგობრების და მომხმარებელების პოზიტიურმა გამოხმაურებამ დამატებითი სტიმული მოგვცა. ამ ეტაპზე, უკვე გვაქვს მოლაპარაკებები იაპონიასთან და პოლონეთთან. უკრაინა იყო პირველი ჩვენს გეგმებში, თუმცა ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. გაყიდვების დაწყებიდან რამდენიმე დღეში „ჩიზზზიმ“ საერთაშორისო დაინტერესება გამოიწვია, რამდენიმე ქვეყნიდან დაგვიკაშვირდნენ და გამოთქვეს სურვილი ჩვენთან თანამშრომლობის. რაც შეეხება ყურადღებას,როგორც სტატისტიკა გვაჩვენებს აჭარული ხაჭაპური ყველაზე პოლულარული ქართული პროდუქტია ინტერნეტ გამოკითხვებით.
M: როგორ შეაფასებდით პირველად შედეგებს და რა გამოწვევების წინაშე ხართ ამ დროისათვის?
პირველი შედეგები საკმაოდ კარგია და ყოველდღიურად ვიზრდებით. გვემატება გაყიდვის წერტილები, რაც სწრაფი ზრდის იმედს გვაძლევს. ჯერ მხოლოდ 2 თვეა ვოპერირებთ და მომგებიანობაზე საუბარი რთულია, თუმცა პოტენციალი დიდია. პირველი პრობლემა „ჩიზზზის“ საბაზო ინგრედიენტების ყოველდღიური ფასის ზრდა და არასტაბილური ვალუტის კურსია. ასევე, ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სიტუაცია, პრემიუმ ხარისხის პროდუქტის ბაზარი მცირეა.
ამ ეტაპზე, „სრულიად“ ჩიზზზის პროექტით ვართ დაკავებულები. ყველაფერს ერთად ვაკეთებთ და 24/7-ზე ვმუშაობთ ჩვენი სტარტაპის განვითარებაზე, ასორტიმენტის გაზრდაზე, ექსპორტსა და სტრიტ ფუდ კონცეფტზე.
M: როგორია „ჩიზზზის“ განვითარების ხედვა და გეგმები?
ვგეგმავთ დავამატოთ რამდენიმე განსხვავებული ქრასტი და შიგთავსი. ასევე, მნიშვნელვანია ექსპორტზე გასვლა. გვჯერა, რომ ცნობილი საერთაშორისო ბრენდი გავხდებით. მიზნად გვაქვს, ჩვენი სარეკლამო რგოლი გამოჩნდეს სუპერთასის ფინალურ თამაშზე, რომელიც ყველაზე რეიტინგული სპორტული შოუა მსოფლიოში.
აქვე, გაგიზიარებთ იდეალური გამოცხობის საიდუმლოს:
ყველის ნაზავი, როცა გალღვება, ჩადეთ აჭარული ქრასთის (ბაზის) გულში, თანაბრად გადაანაწილეთ; მანამდე ღუმელი გააცხელეთ 220 გრადუსზე, 10-15 წუთის განმავლობაში (ზედა+ქვედა ცხობის რეჟიმი). 7-8 წუთის მანძილზე გამოაცხვეთ 200 გრადუსზე და როცა ქრასთი ოქროსფერი გახდება, ჩაამატეთ ახალი კვერცხის გული (კოვზი ჩააჭირეთ ყველს და მერე ჩააგდეთ გული) და გამოაცხვეთ 45 წამი. ბოლოს დაამატეთ კარაქი. ორი სამი წუთის მანძილზე დაელოდეთ გაგრილებას და გემრიელად მიირთვით.
ავტორი: თამარ მეფარიშვილი