
Cnick (კნიკი) არის ხის პირველი ჭკვიანი ბეჭედი, რომელიც ერთდროულად საფულის ფუნქციასაც ასრულებს და თქვენს პირად სამედიცინო ინფორმაციასაც ინახავს. სტარტაპის იდეა თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტს ეკუთვნის. პროექტმა „სტარტაპ საქართველოს“ კონკურსში გაიმარჯვა და 100 000 ლარის დაფინანსებაც მიიღო. მარკეტერის შეკითხვებს Cnick-ის ოპერაციების დირექტორმა (COO), გიორგი მიქაცაძემ უპასუხა და უფრო დეტალურად ისაუბრა სტარტაპზე, პროდუქტსა და სამომავლო გეგმებზე.
M:რა ფუნქციებს ითავსებს “კნიკი”?
ბეჭედი მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადოს ტერმინალებზე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში და ამავდროულად, შეინახოს პირველადი სამედიცინო ინფორმაცია (სისხლის ჯგუფი, გადატანილი დაავადებები, ალერგიულობა). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახლავთ, რადგან ამ ფუნციის საშუალებით „კნიკს“ მომხმარებლის სიცოცხლის გადარჩენაც კი შეუძლია. „კნიკი“ აბონემენტების, ორგანიზაციის საშვებისა და ლოიალობის ბარათების ფუნქციასაც ითავსებს, რისი მეშვეობითაც ის სრულიად ანაცვლებს საფულეს.
M: როგორ გაჩნდა პროექტის წამოწყების იდეა?
პროექტის იდეა უნივერსიტეტის ყოველდღიურობიდან გამომდინარე გაგვიჩნდა. ჩვენს უნივერსიტეტში საშვების სისტემაა აწყობილი, რომელიც მიმაგრებულია პირადობის მოწმობაზე, ან სხვა უკონტაქტო ბარათზე. გვინდოდა, ისეთი რამ მოგვეფიქრებინა, რაც საფულის ამოღებისა და ბარათის მოძებნის ნაცვლად, ხელის ერთი მოძრაობით გაგვატარებდა უნივერსიტეტის შესასვლელში. ასე შეიქმნა პირველი ბეჭედი, რომელსაც, თავდაპირველად, მხოლოდ უნივერსიტეტის საშვის ფუნქცია ჰქონდა.
M: როგორ წამოიწყეთ სტარტაპი და რა სირთულეები შეგხვდათ?
სტარტაპის წამოწყებისას დიდი ხნის განმავლობაში ვიკვლევდით ტექნოლოგიასა და მისი განვითარებისთვის ხელშემწყობ ფაქტორებს. ვაგენერირებდით სხვადასხვა იდეებს და ვცდილობდით, ჩვენი ბეჭედი რაც შეიძლება მოსახერხებელი და მრავალფუნქციური ყოფილიყო. თავდაპირველად, ვადნობდით მეტრომანსა და „თიბისის“ სტიკერს, რათა შემდეგ 3D პრინტერით ამობეჭდილ ბეჭედში ჩაგვედო, გადაგვეხადა მაღაზიებში და გვემგზავრა საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დღესდღეობით, ჩვენმა პროტოტიპებმა, ამ და სხვა ფუნქციების მეშვეობით, სრულიად ჩაანაცვლეს ჩვენი საფულე და ძალიან გაგვიმარტივეს ყოველდღიურობა. ამის შემდეგ, დავიწყეთ მომწოდებლების მოძიება. საბოლოოდ მივაღწიეთ იმას, რომ დღეს საზღვარგარეთ სპეც-შეკვეთით გვიმზადებენ იმ ტიპის მეხსიერების ბარათს, რომელიც სრულიად მოერგება ჩვენი მომხმარებლის მოთხოვნებს.
დიდ სირთულეებს ვხვდებოდით და უამრავი საფეხურის გავლა გვიწევდა პარტნიორების მოძიებისა და მათთან შეხვედრების პროცესში. ამასთანავე, სირთულე იყო ბეჭდის დასამზადებელი მასალის შერჩევა, ვინაიდან მეტალი ახშობს ბარათის სიგნალს, პლასტმასი კი, ნაკლებად ფასეული მასალაა. ამიტომ, გადავწყვიტეთ, ხის ბეჭდები გაგვეკეთებინა და ამით ტრადიციული, ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე ტექნოლოგიები ერთ პროდუქტში გაგვეერთიანებინა.
M: რით არის გამორჩეული თქვენი პროდუქტი და არსებობს მისი ანალოგი?
ჩვენი პროექტის მთავარი უპირატესობა მასშტაბურობა და ინოვაციურობაა. გამოირჩევა თავისი მრავალფუნქციურობით. მისი საშუალებით, მომხმარებელს შეეძლება დაზოგოს საკუთარი დრო და ენერგია, ეს კი, ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს. მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა თავად შეარჩიოს საკუთარი ბეჭდის დიზაინი, დაიტანოს ნებისმიერი წარწერა და აირჩიოს სასურველი ფერების განაწილება. რა თქმა უნდა, გვყავს კონკურენტები მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ანალოგიური პროდუქტი არ არსებობს.

M: როგორი გამოცდილება იყო თქვენთვის „სტარტაპ საქართველოში“ გამარჯვება?
სტარტაპის დაარსების დღიდან ვცდილობთ სხვადასხვა დაფინანსების მოპოვებას, რათა ჩვენი პროექტი უფრო სწრაფი ტემპებით განვავითაროთ. ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ამ პროექტმა საშუალება მოგვცა, საკმაოდ სოლიდური თანხა მოგვეპოვებინა და რაც ყველაზე მთავარია, მიგვეღო გამოცდილება ინვესტორებისა და ვენჩორული კაპიტალისტებისგან, რომლებიც Silicon Valley-დან იყვნენ მოწვეულნი.
“სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კონკურსში გამარჯვებით 100 000 ლარიანი დაფინანსება მივიღეთ. ეს კი, ძალიან კარგი შესაძლებლობაა, განვავითაროთ ჩვენი პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე და შემდგომ ეტაპზე მოვახდინოთ მისი საერთაშორისო რეალიზაცია.
M: რაც შეეხება გუნდის შემადგენლობას…
მენეჯმეტნის გუნდში ვართ თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის 4 სტუდენტი (აღმასრულებელი დირექტორი, ოპერაციების დირექტორი, ფინანსური დირექტორი და ტექნოლოგიური მიმართულების დირექტორი), თუმცა პროექტზე დამატებით მუშაობს ხის ორი სპეციალისტი და ერთი დიზაინერი.
M: რა სამომავლო გეგმები გაქვთ? როგორ აპირებთ თქვენი სტარტაპის განვითარებას?
სამომავლო გეგმებში ძირითადად ფიგურირებს სხვადასხვა ლიცენზიებისა და სერთიფიკატების მოპოვება კომპანიებისგან, რათა მათი სერვისი მიებას ბეჭედს და ჩვენი პროდუქტი უფრო მრავალფუნქციური გახდეს.
თავდაპირველად, B-to-B მოდელის განვითარებას ვგეგმავთ, გვსურს ორგანიზაციებს შევთავაზოთ ბეჭდები თავიანთი თანამშრომლებისათვის, რომელსაც გამოიყენებენ ორგანიზაციაში შესასვლელად; ფაილებისა და ლინკების შესანახად/გასაზიარებლად მობილური აპლიკაციის მეშვეობით. ამას გარდა, შეეძლებათ მიამაგრონ ფიტნეს კლუბის აბონემენტები.
ამის შემდეგ, ვაპირებთ B-to-C მოდელის განვითარებას, რომლის შედეგადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, შეიძინოს ჩვენი ბეჭედი. ამ მოდელის საპილოტე გაყიდვას 2017 წლის დასაწყისში ვგეგმავთ.