ტექნოლოგიური პროგრესი სულ უფრო მეტად გვარწმუნებს ფაქტში, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. სფეროს სწორი ათვისებითა და წარმოუდგენელი უნარების სინთეზით, ადამიანები ისეთ მოწყობილობებს თუ პროგრამებს ქმნიან, რომლებიც ყოველდღიურობას გაცილებით მოსახერხებელს ხდის ნებისმიერი ჩვენგანისთვის. დღეს ინოვაციური ხელთათმანზე ვისაუბრებთ, რომელიც სკოლის მოსწავლეებმა სმენის პრობლემების მქონე ადამიანებისთვის შექმნეს. ნუცა ნოდიამ, შოთა ილაშვილმა, თეკლა მუხათგვერდელმა, რეზო ყაველაშვილმა და გიგილო შალიკაშვილმა დიზაინის ყველა ეტაპი გაიარეს, რათა ჭკვიანი ხელთათმანი რეალობად ექციათ — ჟესტური ენის გაციფრულებით და თარგმნით საზოგადოების სხვადასხვა წევრს შორის კომუნიკაციის გასამარტივებლად.

როგორც Design Institute-ის ბლოგში ვკითხულობთ, იდეა მეწარმეობის გაკვეთილზე ნანახი, სმენის პრობლემის მქონე გოგონას ვიდეოდან წამოვიდა. სკოლის მოსწავლეებმა დაიწყეს ფიქრი, როგორ შეიძლებოდა პრობლემის გადაჭრა, ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება, პროტოტიპების შექმნა და რაღაც ინოვაციურ გამოსავლამდე მისვლა. საბოლოოდ, შექმნეს ჭკვიანი ხელთათმანი, რომელიც ჟესტურ ენას აღიქვამს და ადამიანებს ინკლუზიურ კომუნიკაციაში ეხმარება.
„203-ე საჯარო სკოლაში სტუმრობით გავაცნობიერეთ ჩვენს საზოგადოებაში არსებული ბარიერები. გავიაზრეთ, რას ნიშნავს, როცა ვერ ახერხებ სრულად ადაპტირდე ადამიანებთან და შენი სათქმელი გაუზიარო სხვას. სმენის პრობლემების მქონე მოსწავლეების გაცნობისა და მათი რჩევების მოსმენით, მივხვდით, რომ ბავშვური გამარჯვების სურვილით დაწყებული პროექტი, საზოგადოებრივი პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარებოდა“, — ვკითხულობთ ბლოგში.

ახალგაზრდა მეწარმეების მიერ ჩამოყალიბებულ სტარტაპს ბევრი გამოწვევა ჰქონდა — დაწყებული რესურსების ნაკლებობით, დასრულებული რობოტიკაში მწირი ცოდნით. თუმცა სჯეროდათ, რომ მათ იდეას დიდი სარგებლის მოტანა შეეძლო, რაც მოტივაციის წყაროდ იქცა. ამიტომაც შეძლეს სხვა ადამიანების დაინტერესებაც; შედეგად, გენერირებული იდეები ტექნო პარკის დახმარებით პროტოტიპებად აქციეს.
„სკოლის მოსწავლეების სტარტაპმა ევროპის სამეწარმეო ფესტივალზე, Junior Achievement Europe Innovation of the Year, დიდ წარმატებას მიაღწია და პირველად გახდა კომპანია Johnson&Johnson-ის დაწესებული ჯილდოს მფლობელი.
კონკურსის შემდეგ პროტოტიპზე მუშაობა გრძელდება. ახლა უკვე მომავალი სტუდენტების გუნდი, აკადემიური ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა მიმართულებით გეგმავს იმისთვის, რომ საკუთარი კომპანია გაზარდონ, მეტი ფინანსები მოიზიდონ და უფრო დახვეწილი პროდუქტი შექმნან“.
საგულისხმოა, რომ ახალგაზრდა მეწარმეების, ნუცა ნოდიას, შოთა ილაშვილის, თეკლა მუხათგვერდელის, რეზო ყაველაშვილის და გიგილო შალიკაშვილის პროექტის პრეზენტაცია MAC Georgia-ს მიერ ორგანიზებულ საუბრების სერია „შუქი მოვიდას” რიგით მეორე ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
MAC Georgia (მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის — McLain Association for Children, Georgia) უკვე 15 წელია, უცვლელი მიზნით ფუნქციონირებს — ყველას, განურჩევლად მათი შესაძლებლობებისა, ჰქონდეს წვდომა იმ რესურსებსა და მხარდაჭერაზე, რაც საჭიროა მათი სრული პოტენციალის გამოსავლენად.
თანაც MAC Georgia დიზაინის ინსტიტუტის პარტნიორია და მისი მხარდაჭერით, დიზაინის საფუძვლების პროგრამაზე სტიპენდიაც დაწესდა.