in

მეცნიერბმა შეიმუშავეს ჭკვიანი სამოსი, რომელიც თქვენს ჯანმრთელობას მონიტორინგს გაუწევს

Wi-Fi-სთან დაკავშირების შედეგად ტექსტილის ბაზაზე დაფუძნებული სქემა გააქტიურდება

პერდიუს უნივერსიტეტის ინჟინრებმა შეიმუშავეს მეთოდი, რომლითაც არსებული ჩვეულებრივი ქსოვილისგან შექმნილი სამოსი ინოვაციურ “ტექნოლოგიად” გადაიქცევა. ეს იქნება აბრეშუმის ბაზაზე შეკერილი ჭკვიანი ტანსაცმელი, რომელიც უსადენოდ იკვებება.

მინიატურული ელექტრონული სქემებისა და სენსორების მეშვეობით შეგეძლებათ, უპრობლემოდ დაუკავშირდეთ თქვენს მობილურ ტელეფონს, კომპიუტერს, მანქანას ან სხვა მოწყობილობებს. ეს ჭკვიანი ტანსაცმელი არა მხოლოდ გაგიმარტივებთ გარკვეულ ყოველდღიურ ქმედებებს, არამედ ჯანმრთელობის მონიტორინგსა და საჭიროების შემთხვევაში დახმარების გამოძახებაშიც დაგეხმარებათ (მაგალითად, ავარიაში მოხვედრის დროს).

ალბათ, გიჩნდებათ კითხვა, აქამდე რატომ არ არსებობდა ასეთი ტანსაცმელი? თუმცა მისი შექმნა საკმაოდ რთულ პროცესებთანაა დაკავშირებული, რადგან სამოსი პერიოდულად უნდა გაირეცხოს, ელექტრონიკა კი წყალს უგულებელყოფს.

ამიტომაც, გარკვეული ბარიერების გადასალახად, პერდიუს ინჟინრებმა სპეციალური შესასხურებელი ხსნარი და კერვის ახალი მეთოდი შეიმუშავეს, რათა უკვე არსებული ტექსტილი რეცხვად, ელექტრონული კომპონენტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიერ კონტროლირებად სამოსად გარდაიქმნას.

“ჭკვიანი ტანსაცმელი მაღალჰიდროფობიული მოლეკულებით იქნება დაფარული. შედეგად, ზედაპირზე მოთავსებული ელექტრონული კომპონენტების დაზიანების გარეშე, მისი წყალში გამოყენება და სარეცხი მანქანით გარეცხვაც შესაძლებელია” – ამბობს რამსეს მარტინესი, პერდიუს უნივერსიტეტის ინჟინერი. თანაც, ულტრაწვრილი საფარის წყალობით, ჭკვიანი ტანსაცმელი ისეთივე მოქნილი, ელასტიკური და სუნთქვადია, როგორც ჩვეულებრივი ბამბის მაისური.

საგულისხმოა, რომ ჩვეულებრივი ჭკვიანი მოწყობილობებისგან განსხვავებით, ამგვარი ტანსაცმელი კვების ელემენტს არ საჭიროებს. საკმარისია მხოლოდ Wi-Fi ან რადიოტალღების ენერგიის მიღება, რათა ტექსტილის ბაზაზე დაფუძნებული სქემა გააქტიურდეს.

ამ ინოვაციური ტექნიკით შესრულებული სამოსის ერთ-ერთი მაგალითია ხელთათმანი, რომელიც დენის კაბელებთან ზედმეტად მიახლოების შემთხვევაში, მომხმარებელს სასიგნალო ნათებით აფრთხილებს. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ამ მიგნების გამოყენება არა მხოლოდ ტანსაცმლის, არამედ სხვადასხვა ყოველდღიურად მოხმარებადი ნივთების შემთხვევაშიც შეიძლება.

დაბოლოს, რაც მთავარია, აღნიშნული ტექნოლოგიის დამზადება ჩვეულებრივ, ფართომასშტაბიან სამკერვალო დაწესებულებებშიც შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს კიდევ უფრო დააჩქარებს ჭკვიანი ტანსაცმლის სამომავლო განვითარებასა და კომერციალიზაციას.

ნიკოლოზ შურღაია – #პირველისამსახური

„ოვერდრაფტი“ FlexFund – სწრაფი ფინანსური მხარდაჭერა