in

„შოკოტელა“: „დიდი განვითარების პერსპექტივას ვხედავ, ახლა უკვე პარტნიორებთან ერთად!“

მე ვარ მარიამ კაპანაძე 26 წლის, პროფესიით ბორტგამცილებელი 8 წელი ძირითადად ავიაციაში ვიყავი ჩართული. მაგრამ არტი და კულინარია ჩემი ჰობი იყი ბავშვობიდან. ჩემი შექმნილი „შოკოტელას“ იდეაა მომხმარებლამდე მივატანო შოკოლადი არა მხოლოდ, როგორც მაღალი ხარისხის, დახვეწილი გემოვნური თვისებების პროდუქტი, არამედ უნიკალური, ხელით ნახატი, დიდი შემოქმედებითი ენერგიითა და სიყვარულით დამზადებული. ამგვარად, ადამიანებს საშუალებას ვაძლევ ერთმანეთს აჩუქონ ემოცია, შოკოლადის სახით. მომხმარებელს აქვს საშუალება გაიზიაროს ეს შემოქმედება (როგორც ხელოვნება), გაუზიაროს საყვარელ ადამიანებს და მიიღონ სიამოვნება პროდუქტის გემოვნური თვისებებით. იდეის კონკურენტული უპირატესობაც სწორედ ეს არის – შოკოლადი, როგორც ხელოვნება. ყველა შოკოლადი ინდივიდუალურია და ხელით ნახატი.

იდეამდე მივედი საკუთარ თავთან მუშაობით – გაანალიზებით, თუ რის კეთება მომწონს, გამომდის და შემდგომ, მისი საქმედ ქცევით. პანდემიამ ამ პროცესის დაჩქარებაში შემიწყო ხელი. კომერციული მოგებიანობა ღრმად მაშინ ვირწმუნე, როცა გადავდგი ნაბიჯი და ფართო აუდიტორიის წინაშე წარვდექი ონლაინ, ინსტაგრამისა და ფეისბუკის მაღაზიების საშუალებით.  ნახევარი წლის განმავლობაში, ძალიან ბევრი ვიშრომე – შეფუთვით დაწყებული, მიტანის სერვისით დამთავრებული ყველაფერს მე უზრუნველვყოფდი. შევქმენი ცოცხალი ბიზნეს-გეგმა, რომელსაც ინვესტიცია სჭირდებოდა.

ეს საქმე ნულოვანი გამოცდილებით დავიწყე, მაგრამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი ექსპერიმენტი ვატარე, შოკოლადსა თუ საკუთარ თავზე. მიზანი დავისახე და დღეს, თვითნასწავლი შოკოლატერი ვარ. ჩემი ნამუშევრებით გამოცდილი შეფებიც აღფრთოვანებულები არიან, რაც ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს, კიდევ ბევრი ვისწავლო, განვვითარდე და საყვარელ საქმეს მივუძღვნა თავი.

შარქ თენქის საქართველოში ჩატარების შესახებ, მეგობარმა გამიზიარა ინფორმაცია. მოლოდინი საერთოდ არ შემიქმნია. უბრალოდ, მჭირდებოდა ინვესტორი და მაქსიმალურად ვკონცენტრირდი საკუთარ თავზე. საკუთარ თავს ვუთხარი – მარიამ, შენ შეეცდები საუკეთესოდ წარმოაჩინო შენი თავი. ყველაფერი გამოცდილებაა ცხოვრებაში და არ მიფიქრია არც გამარჯვებაზე, არც დამარცხებაზე.

საქმის განვითარებისთვის 150 000 ლარი მოვიპოვე. ამ გამარჯვებამ ბევრად გამიძლიერა საკუთარი შესაძლებლობებისა თუ ჩემი შექმნილი პროდუქტის მიმართ თავდაჯერებულობა. ასევე, რა თქმა უნდა, ახალი შესაძლებლობები და გამოცდილება შემძინა.

მთელი კონცენტრაცია საქმისაკენ მაქვს მიმართული. დიდი განვითარების პერსპექტივას ვხედავ, ახლა უკვე პარტნიორებთან ერთად. ჩემი მიზანია, შოკოლადის განსაკუთრებული კულტურა დავნერგო საქართველოში, პირველ რიგში და მის გარეთაც…

მარიამ კაპანაძე – იდეის ავტორი


„შარქ თენქს“ საქართველოში პირველი არხი, Sony Pictures და სტენლი შოუ წარმოგვიდგენს. ასევე, შოუს გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი ბიზნესი.

Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესოდ 3 კატეგორიაში დაასახელა

Nike საკუთარ მეტავერსს Roblox-ში ჩააშენებს