in

ალექსანდრე ჩომახიძე გვიყვება, რას ნიშნავს, იყო ციფრული მარკეტერი

ბიზნესების მზარდი გაციფრულების პარალელურად, იზრდება ციფრული მარკეტერის პროფესიის აქტუალობა. ონლაინ ვაჭრობისა და სოციალური მედიის გაფართოებასთან ერთად, ბიზნესებს სჭირდებათ სპეციალისტები, რომლებიც მათ ციფრულ კომუნიკაციას ეფექტურად წარმართავენ. რას ნიშნავს, იყო ციფრული მარკეტერი, დღეს? როგორ უნდა დაეუფლო ამ პროფესიას და რა პერსპექტივა აქვს მას? ამ კითხვებით ციფრული მარკეტინგის პროფესიონალს, ალექსანდრე ჩომახიძეს მივმართეთ, რომელიც GIPA-ს ტრენინგებისა და კონსულტაციების ცენტრის ციფრული მარკეტინგის კურსის თანაავტორია.

ალექსანდრე ჩომახიძე Meta-ს სერტიფიცირებული პროფესიონალია. ალექსანდრეს 16-წლიანი გამოცდილება აქვს ციფრულ მარკეტინგში. ამჟამად, ის არის m²-ის ციფრული მარკეტინგის დირექტორია და ქმნის ინოვაციურ სტრატეგიებს საერთაშორისო ლიდების გენერირებისა და SEO-ს მიმართულებით. ის გახლავთ Ad Summit-ის თანადამფუძნებელი და 2024 წლის, კანის ლომების ადგილობრივი კონკურსის ჟიურის წევრი. მისი გამოცდილება მოიცავს როგორც on-page/off-page SEO-ს, ასევე მომხმარებელთან ურთიერთობის მართვას. ალექსანდრე თავის ცოდნასა და გამოცდილებას უამრავ ადამიანს უზიარებს, საავტორო პროგრამის მეშვეობით, ციფრული მარკეტინგის მიმართულებით.

M: ალექსანდრე, შენი შეფასებით, დროსთან ერთად, როგორ იცვლება ციფრული მარკეტერის ცნება?

წლების განმავლობაში ძალიან შეიცვალა ეს აღქმა. თავდაპირველად, როდესაც ამ საქმის სწავლა დავიწყე, „ციფრულ მარკეტოლოგს“ ვეძახდი. დღეს, უმრავლესობა, ვისაც აქვს შეხება ციფრულ მედიებთან, ამბობს, რომ ციფრული მარკეტერია, თუმცა ყველას არ ესმის ამ ცნების მნიშვნელობა და მკაფიოდ არ არის გააზრებული მის მიღმა არსებული ფუნქციები. პროფესიონალმა ციფრულმა მარკეტერმა აუცილებლად უნდა იცოდეს საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია (SEO), საძიებო სისტემების მარკეტინგი, სადაც რეკლამები ეშვება, სოციალური მედიის მარკეტინგი და ის ძირითადი პლატფორმები, რომელთა ერთობლიობაც ქმნის ამ ყველაფერს.

ციფრული მარკეტინგი ე.წ. ტრადიციული მარკეტინგის ციფრული ვარიანტია და ანალოგიურ ტაქტიკას მიყვება ონლაინ არსებული ხელსაწყოების დახმარებით. ამავდროულად, ტრადიციული მარკეტინგი არსად წასულა და კვლავინდებურად განაგრძობს ფუნქციონირებას.

M: რა ფუნქციებს აერთიანებს ციფრული მარკეტერის პროფესია?

ჯერ კიდევ არსებობს აღქმა, რომ ციფრულმა მარკეტერმა ყველაფერი უნდა აკეთოს. უნდა გავმიჯნოთ მისი ფუნქციები – ციფრულ მარკეტერს არ ევალება ქოფირაითერობა, გრაფიკული დიზაინი, ვიდეოს გადაღება, მონტაჟი, სტრატეგიის გაწერა… ჩემი შეფასებით, სოციალური მედიის მენეჯერი არის, ასე ვთქვათ, კომპანიის სოციალური ქსელის დიასახლისი, რომელიც გამზადებულ პოსტებს ათავსებს სოციალურ ქსელში, ყურადღებას აქცევს კომენტარებსა და მიმოწერას. დიდ კომპანიებში ეს როლი კიდევ უფრო დანაწევრებულია, ჩამონათვალის მიხედვით. თუმცა, რეალურად, სულ სხვა როლია ედვერთაიზერი – ის უბრალოდ კი არ  უშვებს რეკლამებს, არამედ საჭირო ხელსაწყოების ეფექტური გამოყენებით, სწორი მიმართულებით უშვებს მათ. შეცდომაა, როცა ციფრულ მარკეტერად მოიხსენიებენ ქოფირაითერს, რომელსაც თავის მხრივ, ტექსტის უბრალო მწერლად აღიქვამენ, სინამდვილეში კი, კარგად უნდა ესმოდეს ბრენდის შინაარსი და მასთან ჰქონდეს სწორება. დიდი დეფიციტია SEO-ქოფირაითერების კუთხით – შესაძლოა, ძალიან კარგად წერდე, მაგრამ არ იცოდე SEO პრინციპები.

M: რა უნარები უნდა ჰქონდეს პროფესიონალ ციფრულ მარკეტერს?

ამ პროფესიის არჩევისას გადამწყვეტია ე.წ. რბილი უნარები. უნდა გქონდეთ ანალიტიკური აზროვნება და სიტუაციურად შეგეძელოთ პრობლემის სწრაფად გააზრება, დამუშავება და რეაგირება. რიცხვების გააზრებით, რეკლამიდან სწორი ანალიზის გამოტანა უნდა შეგეძლოთ, ხოლო თუ ციფრული მარკეტინგის ანალიტიკოსობას უმიზნებთ, არითმეტიკის ცოდნაც გამოგადგებათ. შედეგად, რეკლამის ვარაუდით გაშვება კი აღარ დაგჭირდებათ, არამედ ზუსტად გეცოდინებათ, რა, როდის და რატომ მუშაობს.

M: მიმოვიხილოთ თავად ციფრული მარკეტერის პროფესიის მნიშვნელობა…

თუკი ადრე მაღაზიის რეპუტაციას ლამაზი ფასადი ქმნიდა, დღეს, იგივე მნიშვნელობა შეიძინა კომპანიის საკომუნიკაციო არხებმა. შეიძლება ძალიან კარგი დაწესებულება იყოს, გამოცდილი და კარგი სერვისით, მაგრამ არ ჰქონდეს მოწესრიგებული ციფრული კომუნიკაცია – ეს კი დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. დღეს, კომპანიის წარმატება მნიშვნელოვნად არის განპირობებული ციფრული მარკეტინგის გამართულობით – თუ მომხმარებელს ციფრულ სივრცეში არ მიაწვდით ინფორმაციას და არ გასცემთ პასუხს, შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ. ამიტომ, ბუნებრივია, ეს სფერო ვითარდება და მეტი შესაძლებლობა ჩნდება.

M: როგორია ამ პროფესიის დასაქმების პერსპექტივა საქართველოსა და საზღვარგარეთ?

ჩვენს ქვეყანაში არიან ორი ტიპის „ციფრული მარკეტერები“ – ერთი კატეგორია აბსოლუტურად ყველაფერს თავად აკეთებს და  რამდენიმე პროფესიის ადამიანის საქმეს იღებს საკუთარ თავზე;. მეორე კატეგორია კი ერთ კონკრეტულ მიმართულებას უძღვება. სამწუხაროდ, საქართველოში ხშირად მიმართავენ პირველ კატეგორიას, რის გამოც სრულიად მცდარი წარმოდგენა ექმნებათ ციფრულ მარკეტინგზე. მეორე მხრივ, დიდი კომპანიები სანთლით ეძებენ კარგ ციფრულ მარკეტერებს.

ქვეყანაში არის საკმაოდ დიდი მოთხოვნა – დამწყებისთვის, რომელსაც უკვე აქვს ცოდნა, ანაზაღაურება 1500 ლარიდან იწყება, ხოლო გამოცდილების მქონესთვის – 3500 ლარიდან ზევით, 10,000 და 15,000-საც ლარიც კი. წარმატებულ ორგანიზაციებს ნათლად ესმით, რომ თუ ციფრული მარკეტინგი არ აქვთ გამართული, წაგებული დარჩებიან. ციფრული მარკეტინგი ძალიან მოთხოვნადია საზღვარგარეთ და ასეთ დროს მნიშვნელოვანია LinkedIn-ზე იყოთ აქტიური ან გამოიყენოთ UpWork-ის მსგავსი პლატფორმები.

M: მალე, GIPA-ში ციფრული მარკეტინგის სასერტიფიკატო პროგრამა დაიწყება. რას მოიცავს ეს კურსი?

დღესდღეობით, ძალიან ბევრი ასწავლის ციფრულ მარკეტინგს, თუმცა შეგვიძლია ვიკამათოთ, რამდენად მაღალია ხარისხი. ყოველთვის ვამბობ, რომ თუ ციფრული მარკეტინგის ლექტორი მხოლოდ ლექციების წაკითხვით არის დაკავებული და თავადაც არ მუშაობს, ის ვერ იქნება ეფექტური. ეს სფერო მუდმივად ვითარდება და საჭიროებს სიახლეების გაცნობას, მათთან ადაპტირებას.

პროგრამის კურსდამთავრებულები იღებენ უნიკალურ შესაძლებლობას მიიღონ META-ს საერთაშორისო სერტიფიკატი. პროგრამა მოიცავს სპეციალურ მოსამზადებელ კურსს, სადაც მონაწილეები სრულყოფილად ეუფლებიან Facebook, Instagram და WhatsApp-ის სარეკლამო ალგორითმებსა და აუქციონების პრინციპებს. GIPA-ს გამორჩეული პარტნიორობის წყალობით, სასერტიფიკაციო გამოცდა ტარდება ადგილზევე, გამარტივებული პროცედურებით, კომფორტულ გარემოში. წარმატებული სერტიფიცირების შედეგად მიღებული სტატუსი – „ციფრული მარკეტინგის „სერტიფიცირებული სპეციალისტი“ (associate) აღიარებულია გლობალურ დონეზე, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს კურსდამთავრებულის პროფესიულ პროფილს LinkedIn-ზე და ამარტივებს Upwork-ზე დასაქმების შესაძლებლობებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სერტიფიკატის გახანგრძლივებული 2.5-წლიანი მოქმედების ვადა სტანდარტულ 1 წელთან შედარებით, რომლის განახლებაც შესაძლებელია დამატებითი გამოცდის ჩაბარებით.

ეს გახლავთ მუდმივად განახლებადი, ყოვლისმომცველი კურსი. ვცდილობთ ყველაფერი პრაქტიკულ დონეზე იყოს გამართული – ერთად განვიხილავთ ყველა ფუნქციას, ვნახავთ თითოეულ პროცესს და რეალურ მაგალითებზე ვასწავლით სტუდენტებს, რათა კურსის დასრულების შემდგომ, დამატებით სხვა კურსის გავლის საჭიროება აღარ ჰქონდეთ.

გაციფრულების ეპოქაში, როდესაც ყველაფერი ელექტრონულ სამყაროში ინაცვლებს, GIPA ინტენსიურად მუშაობს და 2025 წლიდან, ციფრული მარკეტინგის საგანმანათლებლო პროგრამაზეც გამოაცხადებს მიღებას.

[R]

4 წესი, რომლებიც ლოგოს ფერის შერჩევისას უნდა დაიცვათ

4 გზა, რომლითაც AI ემპათიურ მენეჯერად გაქცევთ