6
Sep
2018

როგორი თანამშრომელი უნდა აიყვანოთ კომპანიაში?! – სტივ ჯობსის წარმატების კოდი

6 Sep 2018

თანამედროვე სამყარო ანტრეპრენუარებისაა – მსოფლიო ბაზარი და მომხმარებლისთვის ხმის მიწვდენის შესაძლებლობა ყოველ დღე იზრდება, სამოქმედო არეალი ფართოვდება, უნიკალური ბრენდინგი კი სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ამის მიუხედავად, ანტრეპრენუარობა არ არის მარტივი.

pasha-statiebi
pasha-statiebi

სტარტაპებს შორის კონკურენცია დიდია. მომხმარებელი ყოველთვის მეტს ელის და ნაკლებად ლოიალურია. წარმატება მუდმივად მზარდ კვალიფიკაციაზე, ცოდნასა და ინოვაციაზეა დამოკიდებული. ჩნდება კითხვა: ვინ უნდა აიყვანოთ სამსახურში?! ამ რთული საკითხის წინაშე, ადრე თუ გვიან, ყველა ანტრეპრენუარი დგება. თუ საკუთარ ხედვას არასწორ ადამიანს ანდობთ, შესაძლოა, ყველაფერი თვალის დახამხამებაში გაქრეს, რასაც მთელი ცხოვრება აშენებდით. როგორ უნდა გადაწვყვიტოთ, ვის ენდოთ და ანდოთ საქმე? შესაფერისი თანამშრომელი რომ იპოვოთ, პირველ რიგში, თქვენ უნდა შეგეძლოთ ამოცანის სწორად განსაზღვრა, ანუ უნდა იყოთ კარგი ლიდერი.

ამაზე სტივ ჯობსს იდეალური პასუხი აქვს. მშობლების გარაჟში ხელით აწყობილი კომპიუტერის გარშემო იმპერიის შენების გზაზე, „ეფლის“ თანადამაარსებელს, კადრებთან დაკავშირებით, არაერთი სწორი გადაწყვეტილება მიუღია. 1980 – იან წლებში, სანამ „ეფლი“ საერთაშორისო კულტურულ ხატად იქცეოდა,  ჯობსმა ზუსტად იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო ლიდერი და როგორ შეერჩია თანამშრომლები.

„საუკეთესო ხალხი საკუთარ თავს თვითონ მართავს. მათ ხელმძღვანელობა საერთოდ არ სჭირდებათ. ერთადერთი, რაც სჭირდებათ, საერთო ხედვაა. აი, ეს არის ლიდერობა. ლიდერობა ნიშნავს, გქონდეს ხედვა, შეგეძლოს გარშემომყოფებისთვის მისი მკაფიოდ ჩამოყალიბება და თანხმობის მიღწევა“, – ამბობდა ჯერ კიდევ ახალგაზრდა სტივ ჯობსი ერთ-ერთ ინტერვიუში.

სწორედ ეს არის მთავარი შეკითხვა, როგორ იპოვოთ ისეთი თანამშრომლები, მხოლოდ იმის ახსნა რომ დასჭირდებათ, რა არის გასაკეთებელი და დანარჩენს თავად მიხედავენ. პასუხი მარტივია: ისეთი ადამიანები უნდა ეძებოთ, ვინც თქვენს ხედვას იზიარებს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ჯობსმა მართლაც მიაგნო გასაღებს, შეიძლება ითქვას, ლიდერობის კოდი გატეხა, რომლის მიხედვითაც, კომპანია წარმატებული მხოლოდ მაშინ იქნება, როცა საქმეს იმ ადამიანს ანდობთ, ვინც სრულად იაზრებს თქვენს ხედვას.

„ეფლის“ დეველოპერი ენდი ჰელცფელდის თქმით, გასაუბრებაზე კანდიდატებს მაკინტოშის კომპიუტერთან სვამდნენ და არასოდეს აჰყავდათ ის, ვინც მოწყენილი იჯდა ან უგულო კომენტარს აკეთებდა.

„ჩვენ იმ ადამიანებს ვეძებდით, ვისაც კომპიუტერის დანახვაზე თვალები გაუბრწყინდებოდა. თუ მოტოციკლის გაყიდვა გინდა, ისეთი ადამიანი არ უნდა აიყვანო, მოტოციკლზე რომ არასოდეს მჯდარა. არც მელოტი თანამშრომლის აყვანა ივარგებს, თუ თქვენი პროდუქტი თმის მოვლის ინოვაციური საშუალებაა“.

წყარო: inc.com



განხილვა