ნიუ-მექსიკოს უდაბნოში აღმოჩენილი ნაკვალევი პირველად 2021 წელს კი დაათარიღეს, მაგრამ მიღებულ შედეგს მეცნიერები ეჭვქვეშ აყენებდნენ… აი, ახლა კი ჯგუფმა, რომელშიც ძველი დათარიღების პროცესში მონაწილე მკვლევრებიც მონაწილეობდნენ, ეს საკამათო საკითხი გადაჭრა. მსგავსად კი მეტად სავარაუდო ხდება, რომ ადამიანები ახლანდელ ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო გამყინვარების დროს (LGM) ცხოვრობდნენ.
„არქეოლოგიური საზოგადოების ნაწილის მიხედვით, ჩვენი დათარიღება არ იყო საკმარისად ზუსტი, რათა დაგვემტკიცებინა, რომ ადამიანები ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო გამყინვარების მაქსიმუმუმის დროს ცხოვრობდნენ, თუმცა მიმდინარე კვლევამ ნამდვილად გამოიღო შედეგი“, — აცხადებს ჯეფ პიგატი, გეოლოგი.

თავდაპირველი რადიოკარბონული დათარიღება 21 000-23 000 წლამდე იყო, რადიოკარბონი კი ნახშირბადის რადიაქტიური ფორმაა, იგივე C-14, რომელიც დედამიწის ატმოსფეროში წარმოიქმნება და წვიმის სახით მცენარეებსა და ცხოველებზე გვხვდება. მეცნიერებისთვის მისი დაშლის სიჩქარეც ცნობილია, რითაც კონკრეტული ნიმუშის ასაკის დადგენაც შეუძლიათ.

და რატომ არ მიიჩნეოდა ძველი დათარიღება სანდოდ? — 2021 წლის კვლევა იმიტომ დადგა კითხვით ნიშნის ქვეშ, რომ წყალმცენარე Ruppia cirrhosa-ს ეფუძნებოდა — წყალი შეიძლება ნახშირბადის რეზერვუარი იყოს. შედეგად, ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ დათარიღებული მცენარე იმაზე ძველია, ვიდრე სინამდვილეში.

სწორედ ამიტომ, უახლეს კვლევაში მეცნიერებმა იმავე ადგილიდან წიწვის მტვერი შეაგროვეს, სამი ნიმუშიდან 75 000 მტვრის მარცვალი გამოყვეს და რადიოკარბონულ დათარიღებას მიმართეს. ამასთან, ნაკვალევში აღმოჩენილ კვარცზე სხვა ტიპის დათარიღებაც გამოიყენეს — მათ შორის ოპტიკურად სტიმულირებად ლუმინესცენციას, რაც მათ საშუალებას აძლევდა, დაედგინათ, რამდენი ხნის წინ მოხვდა მზის სინათლე კონკრეტულ ნიმუშს.
საინტერესო კი ის არის, რომ მიღებული ორივე შედეგი წინა აღმოჩენების შესაბამისია. წიწვის მტვერი 22 600-დან 23 400 წლამდე მერყეობდა, ხოლო კვარცმა მზის სინათლე ბოლოს 21 500 წლის წინ ნახა. ამ ყველაფერს კი იმ დასკვნისკენ მივყავართ, რომელიც მუდმივად ცვალებად პლანეტაზე ადამიანების მიგრაციისა და ცხოვრების ისტორიის გააზრებაში დაგვეხმარება.
„ახალი ეპოქები ძლიერ გეოლოგიურ, ჰიდროლოგიურ და სტრატიგრაფიულ სამხილებთან ერთად მხარს უჭერს დასკვნას, რომ ადამიანები ამჟამინდელ ჩრდილოეთ ამერიკაში ბოლო გამყინვარების მაქსიმუმის დროს (LGM) ცხოვრობდნენ“, — აცხადებს კეთლინ სპრინგერი, გეოლოგი.













