in

ჩრდილოეთ კორეამ, კიბერ თავდასხმებით, $400 მილიონი მოიპარა!

სახელმწიფო, რომელიც მოქალაქეებს სიცილს უკრძალავს, კიბერ შეტევებზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს

veon
veon

ჩრდილოეთ კორეა მასშტაბურ კიბერ შეტევებს განაგრძობს. ტოტალიტარული სახელმწიფოს ჰაკერული საქმიანობისთვის 2021 წელი განსაკუთრებით წარმატებული აღმოჩნდა. გასულ წელს ასეთი  კიბერ თავდასხმების რაოდენობა 4-დან 7-დე გაიზარდა და კორეელების მიერ მოპარულმა საერთო თანხამ 400 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს რიცხვი 2020 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 40 პროცენტით მეტია. სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, საკუთარ მოქალაქეებს სიცილი აუკრძალოს, აცხადებს, რომ ასეთი მასშტაბის კიბერ შეტევებზე კონტროლი არ აქვს. 

აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ბლოკჩეინის ანალიტიკური კომპანია Chainanalysis ავრცელებს. მოხსენების თანახმად,  ჰაკერებმა თავდასხმა ძირითადად კრიპტო საინვესტიციო ფირმებსა და ცენტრალიზებულ ბირჟებზე განახორციელეს. მათ სხვადასხვა ჰაკერული ტექნიკის გამოყენებით, ორგანიზაციების “ცხელი” კრიპტო საფულეებიდან თანხა ჩრდილოეთ კორეის კონტროლირებად ანგარიშებზე გადაჰქონდათ. 

“ცხელი” საფულე კრიპტოვალუტის ტრანზაქციებისთვის გამოიყენება და ის მუდმივადაა ინტერნეტთან დაკავშირებული. ამდენად, ის ჰაკერული თავდასხმებისგან ნაკლებად დაცულია. ექსპერტები გვირჩევენ, რომ დიდი რაოდენობის თანხა, რომელსაც ყოველდღიურად არ ვიყენებთ, შევინახოთ “ცივი”  საფულის მეშვეობით, რადგან ის ინტერნეტთან კავშირს ნაკლებად საჭიროებს. 

Chainalysis-ის თქმით, სავარაუდოა, რომ 2021 წლის თავდასხმების უმეტესობა ე. წ. Lazarus Group-ის მიერ განხორციელდა. ეს გახლავთ ჰაკერული ჯგუფი, რომელსაც სავარაუდოდ ჩრდილოეთ კორეის პირველადი დაზვერვის ბიურო (Reconnaissance General Bureau) აკონტროლებს. 

Lazarus Group სანქცირებულია აშშ-ის მიერ. მას ბრალი არაერთ გახმაურებულ კიბერ შეტევაში ედება. მათ შორისაა ჩრდილოეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჰაკერული თავდასხმა, რომელიც კინოსტუდია Sony Pictures-ზე 2014 წელს განხორციელდა.  

გაეროს ბრალდების თანახმად, ჩრდილოეთ კორეა მოპარულ თანხას ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების შესაქმნელად იყენებს. ამ გზით, ტოტალიტარული სახელმწიფო საერთაშორისო სანქციების თავიდან აცილებას ცდილობს.

წყარო: BBC

„პროექტების მართვის გამოცდილება ნებისმიერ სფეროში დაგჭირდება“ – „ალტე უნივერსიტეტი“ Project Management-ის კურსს იწყებს

Tesla-ს პროდუქციის შეძენა Dogecoin-ით გახდა შესაძლებელი