მართალია, ეს ნათება ჩვეულებრივ დედამიწის მაგნიტური ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებიდან ჩანს, თუმცა მზის ქარიდან შემოსული ენერგიის მიხედვით ავრორას აქტივობის ოვალი ფართოვდება ან იკუმშება… სწორედ ამ ფაქტს შეგვიძლია დავუკავშიროთ ის, რომ ჩრდილოეთის ციალი ახლა ისეთ ადგილებშიც გამოჩნდა, სადაც ჩვეულებრივ არ გვხვდება. მათ შორის იყო საქართველოც — რაჭიდან და უშბიდან გადაღებული წითელი, შთამბეჭდავი ფოტოებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მაინც არ გვაქვს მყარი მტკიცებულებები, კოსმოსური სურათის მიხედვით, ღამით მთელი ევროპა ჩრდილოეთის ციალით იყო დაფარული.
ნათელ, კაშკაშა ავრორებს როგორც დაბალ, ისე მაღალ განედებზე სწორედ დედამიწის მაგნიტური ველის გარღვევა იწვევს. უფრო კონკრეტულად, ამ ნათებას მზისგან წამოსული ნაწილაკების ურთიერთქმედება განაპირობებს, რაც ჩვენთვის მზის ქარების სახელით არის ცნობილი. ნაწილაკებს მილიონობით კილომეტრის გავლა შეუძლია, რომელთაგანაც ზოგი დედამიწამდეც აღწევს. შემდეგ ისინი ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველის მეშვეობით პოლარული რეგიონისკენ მიემართება.
ხოლო იმისდა მიხედვით, თუ რომელი მოლეკულა მოხვდება და ატმოსფეროს რომელ ნაწილში, განსხვავებული ოდენობის ენერგია განსხვავებული სინათლის ტალღის სიგრძით გამოთავისუფლდება. როგორც წესი, ჟანგბადი მწვანე შუქს წარმოქმნის, ხოლო აზოტი — წითელს.
NOAA-ს Space Weather Prediction Center-მაც დაადასტურა, რომ მზის ქარებმა, რომლებიც ცნობილია, როგორც Coronal Mass Ejections (CMEs) და Coronal Hole High Speed Stream, უკვე მოაღწია დედამიწამდე კვირას, რომლის ეფექტებიც ორშაბათსაც, 6 ნოემბერსაც შეიძლება ვიხილოთ. საინტერესოა ისიც, რომ მათ გეომაგნიტური ქარიშხლის გაფრთხილება გამოსცეს საკომუნიკაციო სისტემებში და კოსმოსური ხომალდების ოპერაციებში პოტენციური ჩარევის შესახებ. ეს კი იმიტომ, რომ ძლიერი გეომაგნიტური ქარიშხლების დროს შესაძლებელია ელექტროენერგიის გათიშვა და საკომუნიკაციო სისტემების მარცხი.

თუმცა ავრორას ინტენსივობის განსაზღვრა მეცნიერებისთვის საკმაოდ რთულია… NOAA-ს SWPC ვარაუდობს, რომ პლანეტის ნაწილში ეს ნათება კიდევ მიაღწევს სულ მცირე Kp Index-ის 7 დონეს 9-დან. ბოლო 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებული KP კი უკვე 6 დონეს აღწევს.

სახელი ავრორა ბორეალისი (ჩრდილოეთის ციალი) კი გალილეო გალილეიმ ჯერ კიდევ 1619 წელს შემოგვთავაზა რომაული ქალღმერთის ავრორასა და ჩრდილოეთის ქარების ღმერთის ბორეას პატივსაცემად. ხოლო ნათების ყველაზე ადრეულ ჩანაწერად საფრანგეთის 30 000 წლის გამოქვაბულის ნახატი მიიჩნევა.
როგორც ვიგებთ, ავრორას ნათება, ბოლო ათწლეულთან შედარებით, შემოდგომისა და ზამთრის თვეებში კიდევ უფრო გაძლიერდება. გეომაგნიტური შტორმები მომდევნო წელსაც უფრო ხშირი იქნება, რადგან მზე გადაადგილებას იწყებს თავისი აქტივობის 11-წლიანი ციკლის მაქსიმალურ ფაზაში…