in

რაჭის გზას თუ დაადგებით, „ჭრებალოს მარანს“ აუცილებლად უნდა ეწვიოთ

ოდესღაც, ამ ადგილს აკაკი წერეთელი სწვევია. დღეს, აქ „ჭრებალოს მარნის“ მეღვინეობა და სარესტორნო სივრცეა, დასამახსოვრებელი სამზარეულოთი, ინტერიერით, ისტორიითა და გეგმებით. საქმეს დები – სალომე და სოფო ლეკიშვილები, მეგობართან – მირიან ჭიღვარიასთან ერთად უძღვებიან. რაჭულ ბიზნესამდე მარკეტინგისა და უძრავი ქონების სფეროებში მუშაობდნენ. მირიან ჭიღვარია – მეღვინეობაში მიღებულ გამოცდილებას უზიარებს. დამფუძნებლების მთელი ძალისხმევა რაჭული ფესვებისკენაა მიმართული, რათა ჩამსვლელ სტუმრებს გულიანად დახვდნენ. „ჭრებალოს მარანზე“ დეტალურად, სალომე და სოფო ლეკიშვილებმა და მირიან ჭიღვარიამ გვიამბეს.

ცნობილ ქართულ ფილმში, „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“ სწორედ ამ შენობაში შეეგება ჭრებალოში რაჭის საზოგადოება აკაკის. ეს კადრები არსებობს. გადმოცემით ვიცით, რომ ჩვენი დიდი ბაბუის სასტუმროში გაუტარებია ღამე.

„ჭრებალოსთან ჩვენი ოჯახი, ბავშვობა, წინაპრები და ძალიან დიდი სიყვარული გვაკავშირებს.
საინტერესო ისტორია აქცს ჩვენს ოჯახებს. მირიანის დიდი ბაბუა და ჩვენი დიდი ბაბუა კიდევ რამდენიმე ოჯახთან ერთად, არიან ამ სოფლის პირველი მოსახლეები. მანამდე ჭრებალო როგორც სოფელი არ არსებობდა, ამის დოკუმენტი გვაქვს, სადაც წერია, პირველად როდის და როგორ დასახლდნენ ეს ოჯახები ამ სოფელში. შეიძლება ითქვას, ჩვენი დიდი ბაბუის ნიკია ლეკიშვილის საქმეს ვაგრძელებთ, რადგან მას ამ სოფელში ჰქონდა პატარა სასტუმრო, დუქანი, აწარმოებდა საოჯახო ღვინოს და ა.შ,“ – გვიამბობენ სოფო და სალომე ლეკიშვილები.

M: როგორ ჩამოყალიბდა რესტორნის კონცეფცია?

სოფო: რესტორნის კონცეფციაზე ბევრი არ გვიფიქრია, რადგან მთლიანად ჩვენი ბრენდის იდეა ესაა. გვინდოდა არ დაგვეკარგა, შეგვენარჩუნებინა მისი ავთენტურობა და შეგვექმნა ახალი, თანამედროვე, მაღალ სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისი და მაღალი ხარისხის პროდუქტი. მირიანს მეღვინეობის სფეროში დიდი გამოცდილება აქვს. ჩვენ ახლა დავიწეთ ამ მიმართულების შესწავლა, გავაერთიანეთ სხვადასხვა გამოცდილება და ასე შეიქმნა ეს კომპანია.

სრულიად შემთხვევით, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის გრანტის შესახებ მომაწოდეს ინფორმაცია. განაცხადი შევიტანეთ. USAID-ის მხარდაჭერაში იგულისხმებოდა ახალი ტურისტული ობიექტის შექმნა და ამუშავება. ვფიქრობდით, ხარისხიანი კვების ობიექტი, საკონფერენციო-სატრენინგო სივრცე მოთხოვნადი გახდებოდა რაჭაში და სწორედ ამ მიმართულებით გადავწყვიტეთ ჩვენი კომპანიის განვითარება.

M: როგორია ტურისტული გარემო ჭრებალოში, რამაც ამ მიმართულებით განვითარებისკენ გიბიძგათ?

სალომე: ტურისტული გარემო რაჭა-ლეჩხუმში ზოგადად არ არის მარტივი. პოტენციალი რომ უდიდესი აქვს ამ რეგიონს, ეს ყველამ ვიცით. ამიტომ ჩვათვალეთ, რომ ზუსტად ეხლა არის დრო ასეთი წამოწყებებისთვის. ნელ-ნელა იმატებს მსურველების რიცხვი, ვისაც სურს მოგზაურობა რაჭაში და არ არის საკმარისად სასტუმრო და საკვები ობიექტი, ამდენი ტურისტის სამასპინძლოდ. გვინდა, სტუმრებს შევთავაზოთ ყველა მომსახურება, რაც ამ სფეროს ესაჭიროება. ამ ეტაპზე, მარანი და რესტორანი, მოგვიანებით – სასტუმრო და ა.შ.

M: რითაა განსხვავებული და დასამახსოვრებელი სარესტორნო სამზარეულო სტუმრებისთვის?

მირიანი: ჩვენი სამზარეულოს კონცეფცია ქართულ, რაჭულ ტრადიციებზე შექმნა არაჩვეულებრივმა შეფმა, ნინო გვიმრაძემ. მანვე მოამზადა ადგილობრივი მზარეულები და დღეს ჩვენი სამზარეულოს მთელი გუნდი ადგილობრივი მაცხოვრებლებით არის დაკომპლექტებული.

USAID ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა დაგვეხმარა ამ ახალი რეგიონული, ტურისტული ჰაბის შექმნაში და ინფრასტრუქტურის გამართვაში.

დღეს ჩვენი პროექტი ერთდროულად არისგასტრონომიული, ბიზნეს და საგანამანათლებლო სივრცე, სადაც ადგილობრივ მწარმოებლებს სტუმრებისთვის საკუთარი პროდუქტის სტუმრებისთვის გაცნობა შეუძლიათ. დარბაზი მზადაა ასევე კონფერენციებისა და ტრეინინგების გასამართად. რეგიონში კი ამგვარი სივრცეების სერიოზული ნაკლებობაა.

M: „ჭრებალოს მარნის“ ინტერიერის სახით, როგორი ხასიათის გადმოცემა გსურდათ?

სალომე: ჩვენი მარნის შენობა 1896 წელსაა აშენებული. ჩვენამდე, ცხადია, მოვიდა მნიშვნელოვანი დაზიანებებით. ჩაუტარდა რესტავრაცია და აღუდგა პირვანდელი იერსახე. ჩვენი მიზანი იყო სტუმრებისთვის დაგვეხვედრებინა ის გარემო, რის გამოც ჩვენ თვითონ ბავშვობიდან გვიყვარს აქ ყოფნა – ეს არის სიმყუდროვის, სილაღის და მხიარულების ერთდროული განცდა, რომელიც ყველგან თან დაგყვება გარეთ – ბუნებაშიც და შინაც.

ინტერიერის დიზაინის კონცეფციის ავტორები ჩვენი მეგობრები არიან დოდოშკა და თაკო ჩხეიძეები და მათი კომპანია „დოდო დიზაინს“. მათი მადლობლები ვართ იმისთვის, რომ ინტერიერის თითოეული ელემენტი ჩვენი ბრენდის მთავარ იდეას ატარებს, ეძებს ძველს, ავთენტურს და მას დღევანდელობასთან აკავშირებს – თანამედროვესთან დიალოგში გვაჩვენებს.

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

სოფო: სტუმარმასპინძლობის სფეროს რაჭა-ლეჩხუმში ჯერ ძალიან გრძელი განვითარების გზა აქვს გასავლელი. დღეს მხოლოდ მის პოტენციალს ვხედავთ. ჩვენი მიზანია სწორედ ამ პოტენციალის გამოვლენას შევუწყოთ ხელი. ასეთ წამოწყებებს ყოველთვის ახალი ენერგია მოაქვს, ახალი სივრცეები ჩნდება, ჩამოდიან ახალი სტუმრები, ვინც ამ ადგილას დაბრუნების სურვილით მიდიან უკან. რაჭა-ლეჩხუმს კი ამ სტუმრების მიღების ჯერ ძალიან მცირე შესაძლებლობა აქვს, სულ რამდენიმე სასტუმროს და რესტორანს იპოვნით. ჩვენი პროექტი ამ საჭიროებების დანახვის საპასუხოდ ვითარდება – ჯერ პრემიუმ ხარისხის ღვინის წარმოებით დავიწყეთ, შემდეგ მარანი და რესტორანი გავხსენით, ახლა სასტუმროზე ვმუშაობთ.

 

ფოტოების ავტორი: ლუიზა ჩალათაშვილი

 

[R]

სასარგებლო ინსტრუმენტები Facebook-ის ინტერაქციების მართვისა და მოდერაციისთვის

ნახეთ: როგორია თაობა Z-ისთვის შექმნილი Polaroid-ი