ლინშოპინგის უნივერსიტეტის მკვლევრების მიერ შექმნილ ჭრილობის სახვევს შეუძლია, ინფექციის ადრეული ნიშნები მკურნალობის პროცესში ჩარევის გარეშე გამოავლინოს.
„იმის მალე დანახვა, არის თუ არა ინფექცია ჭრილობაზე, თანაც, სახვევის მოხსნის გარეშე, ჭრილობების მკურნალობის ახალ გზას ხსნის, რომელსაც უფრო ეფექტურ რეაბილიტაციის პროცესამდე და რთული ჭრილობების მქონე ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებამდეც მივყავართ. ამან ზედმეტი ანტიბიოტიკის მიღებაც კი შეიძლება აგვარიდოს თავიდან“, — აცხადებს დანიელ აილი, პროფესორი.
სახვევი ბადის მსგავსია და ხელს უშლის ბაქტერიებისა თუ მიკრობების მასში შეღწევას. ამავდროულად, სითხეს უშვებს, რაც ჭრილობის შეხორცებისთვის მნიშვნელოვანია. იდეა შემდეგია: სახვევის დადების შემდეგ იგი მასზე შეხორცების მთლიან პროცესში რჩება, ხოლო თუ მასში ინფექცია მოხვდება, ფერს იცვლის.
მაშინ, როცა არაინფიცირებული ჭრილობების pH 5.5-ს უდრის, ინფიცირებულის შემთხვევაში იგი 8 ან უფრო მაღალი ხდება. თანაც, ეს მაჩვენებელი იქამდე იწევს, სანამ გარეგანი გამოვლინებები ექნება — მაგალითად, ჩირქი, სიწითლე ან ტკივილი. ამის საჩვენებლად კი მკვლევრებმა ბრომთიმოლის ლურჯი (BTB) გამოიყენეს, საღებავი, რომელიც ფერს იცვლის და ყვითელს ლურჯად აქცევს. ამ შემთხვევაში ფერი მაშინ იცვლება, როცა pH 7-ს აღემატება.
„ანტიბიოტიკების მოხმარება ინფექციებს მეტად ართულებს, რადგან მულტირეზისტენტული ბაქტერიები უფრო ხშირად გვხვდება. ხოლო, თუ ჩვენ ანტიმიკრობული მასალის სახვევთან გაერთიანებას შევძლებთ, ინფექციის რისკებსა და ანტიბიოტიკების გამოყენების სიხშირესაც შევამცირებთ“, — განმარტავს აილი.