ღამით სიარულს რაღაც ჯადოსნური ელფერი გასდევს — მზეს სხვადასხვა ხელოვნური ნათება ანაცვლებს, რაც ერთგვარ მელანქოლიურ ეფექტს ქმნის. სწორედ ამ ყოველდღიურობის მშვენიერებას ასახავს მხატვარი Chris Cyprus, რომელიც ჩრდილოეთ ინგლისის ქუჩებზე დაკვირვებით ქმნის ნამუშევრებს.
„ჩრდილოეთის შუქების“ სერია წლების წინ ოთხი ნახატით დაიწყო. „2005 წელის ზამთარში ძლიერი თოვლის შემდეგ, შთაგონება მივიღე, რომ შებინდებისას ჩემი კამერით გადამეღო ყოველდღიური ცხოვრება. ეს იქცა ჩრდილოეთის შუქების სერიის საწყის წერტილად — ჯერ ყველაფერი ფირზე მქონდა გადაღებული, შემდეგ კი სტუდიაში ტილოზე გაცოცხლდა… შეზღუდული ფერთა პალიტრის გამოყენებით, ის ძირითადი განწყობა შევინარჩუნე, რომელიც ღამით სეირნობისას მუდამ თან მდევდა“, — ამბობს კრისი.
მის ნამუშევრებს თუ დავაკვირდებით, განათება ნოსტალგიის ამომავალ წერტილად ექცა არტისტს. „ზამთარში სკოლიდან სახლში დაბრუნებისას, ტერასიანი სახლების განათებული ფანჯრების თბილი შუქი ყოველთვის დამამშვიდებელი იყო. არაცნობიერად, სწორედ ამ გრძნობას ვუბრუნდებოდი ამ სერიის შექმნისას. ყოველთვის მიპყრობდა სცენები, რომლებიც დღის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩება — ისინი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია და ჯადოსნურ ნათებაში ცოცხლდება“.