in

ხელოვნების ბაზრის მომავალი – კრისტის აუქციონი პირველ NFT ხელოვნების ნიმუშს ყიდის

სრულად ციფრული ნამუშევრის მფლობელი მხოლოდ დაშიფრულ ფაილს მიიღებს

რა არის NFT – ახირება თუ ხელოვნების ბაზრის მომავალი?

როგორც ჩანს, ამ კითხვაზე პასუხს Christie’s-სგან მივიღებთ, როდესაც ის პირველი ძირითადი აუქციონის სახლი გახდება, რომელიც NFT (Non-Fungible Token) ხელოვნების ნიმუშს შემოგვთავაზებს. NFT არის კრიპტო ვალუტა, რომელიც განუყოფელი და უნიკალურია. ის აურაცხელ არჩევანს გვთავაზობს ციფრული აქტივების შექმნისა და ვაჭრობისათვის, როგორიცაა ორიგინალური ხელოვნების ნიმუში.

ახლა კი აუქციონზე წარმოდგენილია პოპულარული Beeple-ის ნამუშევარი, სახელწოდებით Everydays: The First 5000 Day (2021). ის 5000 ინდივიდუალური სურათისგან შედგება, რომლებიც 2007 წლის პირველი მაისიდან ყოველდღიურადაა გადაღებული. ზემოთ ხსენებული აუქციონის სახლის უჩვეულო ხასიათიდან გამომდინარე, ბიპლის ნამუშევრის რეალური ღირებულება უცნობია. სატენდერო წინადადება 100 დოლარიდან იწყება.

საინტერესოა, რომ ბიპლის ნამუშევარი სრულად ციფრულია. აუქციონში გამარჯვებული მხოლოდ დაშიფრულ ფაილს მიიღებს, ნაცვლად რაიმე ფიზიკური და ხელშესახები ხელოვნების ნიმუშისა. თანაც ტრადიციული ხელოვნების სამყაროსგან განსხვავებით NFT-ის ყველა შესყიდვა საჯარო, უცვლელი და ბლოკჩეინზე ხელმისაწვდომია.

“კრისტის” ომისშემდგომი და თანამედროვე ხელოვნების სპეციალისტის ნოა დევისის აზრით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში NFT-მ სწრაფი აღმასვლა განიცადა. შესყიდვის მსურველებს შორის კოლექციონერების ისეთი თაობაც კია, რომლებიც დიდი ხანია ციფრული ხელოვნების გამოჩენასა და განვითარებას ელოდნენ.  “NFT-ის პოტენციური ბაზარი განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან ის მიმართავს აუდიტორიას, რომელიც ციფრულ ხელოვნებაში ტექნიკურად გაწაფულია” – ამბობს ნოა დევისი.

ბუნებრივია, NFT ხელოვნებას ყურადღების გარეშე არ დატოვებდნენ ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან ილონ მასკი და ჩამათ პალიჰაპიტია, რომელთათვისაც ციფრული სამყარო არა მხოლოდ მომავალი, არამედ რეალური აწმყოა. “მე ვფიქრობ, რომ ეს ციფრული ვალუტისა და აქტივების შემდეგი საზღვარია” – ამბობს პალიჰაპიტაი.

“კულტურისა და გავლენის ცენტრი დიდი ხანია, ანალოგიური სამყაროდან ციფრულ სამყაროში გადადის. პანდემია კი ამ ცვლილებებს კიდევ უფრო აჩქარებს. თანამედროვე თაობებს აქვს შეხედულებები, რომლებიც აჟიოტაჟის შემქმნელ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. ისინი უპირატესობას ანიჭებენ ინკლუზიურობას, დეცენტრალიზაციასა და ციფრულად შექმნილ გამოცდილებას” – განაცხადა ჯეისონ ბეილიმ, ანალიტიკური მონაცემთა ბაზის Artnome-ის დამფუძნებელმა და ციფრული ხელოვნების სპეციალისტმა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, როგორ განვითარდება NFT ხელოვნება – მიაღწევს წარმატებას თუ მალევე ამოწურავს საკუთარ თავს.

მედიკამენტები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად

ნახეთ McDonald’s-ის გლობალური შეფუთვის რედიზაინი