in

კრისტოფერ ნოლანი: „AI ტროას ცხენია, რომელშიც ჯერ არ ვიცით, რა იმალება”

Lenovo
Lenovo

ოსკაროსანმა რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა, რომლის ახალი ფილმი “The Odyssey” ამჟამად კინოგაქირავებაში წარმატებას აღწევს, განაცხადა, რომ საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების, სკეპტიკური დამოკიდებულება ხელოვნური ინტელექტის მიმართ მისთვის „საკმაოდ დამაიმედებელია“.

ნოლანმა ეს კომენტარი YouTube-არხ HugoDécrypte-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. წამყვანმა საუბარი ტროას ცხენით დაიწყო – იმ სიმბოლოთი, რომელიც ნოლანის ახალ ფილმშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მისი თქმით, როგორც ტროას ცხენი აღმოჩნდა ერთი შეხედვით უვნებელი საჩუქარი, სინამდვილეში კი ბერძენი მებრძოლების ქალაქში შეღწევის საშუალებას წარმოადგენდა, შეიძლება ხელოვნური ინტელექტიც ისეთივე ტექნოლოგია იყოს, რომელსაც დღეს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვეულებრივ ვიღებთ, თუმცა მომავალში, შესაძლოა, გაცილებით ბნელი მხარე გამოავლინოს, რადგან მისი საფრთხეების შესახებ მინიშნებები უკვე აშკარაა.

ნოლანმა მაგალითად მოიყვანა AI-თ შექმნილი ვიდეოები, რომლებსაც ახალგაზრდები სოციალურ ქსელებში ხშირად „AI slop-ს” უწოდებენ. რეჟისორის აზრით, სიფრთხილე მხოლოდ ტექნოლოგიასთან კი არა, იმ კომპანიებთანაც მნიშვნელოვანია, რომლებიც ამ ტექნოლოგიას ავითარებენ, რადგან ჩვენ, რეალურად, არ ვიცით შემქმნელთა ნამდვილი მოტივები.

რეჟისორს ინტერვიუში კონკრეტულად არ განუმარტავს, რას მიიჩნევს AI-ს მთავარ საფრთხედ, თუმცა ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სადავო თემად რჩება. სწორედ AI-ს გამოყენება იყო 2023 წლის სცენარისტებისა და მსახიობების მასშტაბური გაფიცვების ერთ-ერთი მთავარი საკითხი.

გარდა ამისა, Directors Guild of America-მ, რომლის პრეზიდენტიც ნოლანია, ბოლო კოლექტიურ ხელშეკრულებაში გენერაციული AI-ს გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი დაცვის მექანიზმებიც შეიტანა.

ნოლანი წარსულშიც არაერთხელ გამოსულა თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ სკეპტიკური განცხადებებით. ის დღემდე რჩება ფირის ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ მხარდამჭერად და სწორედ მისი “The Odyssey” გახდა პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი, რომელიც მთლიანად IMAX-ის ფირზე და კამერებით გადაიღეს. მისი თქმით, კინოფირი დღემდე საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ეკრანზე სამყარო ისე გამოჩნდეს, როგორც მას ადამიანის თვალი აღიქვამს.

საბოლოო შეჯამებით, ნოლანი ამბობს, რომ ახალ ტექნოლოგიებს არ ეწინააღმდეგება, თუმცა ხშირად ისინი ძველი, ჯერ კიდევ ეფექტური სისტემების ხარჯზე ინერგება.

რა შესაძლებლობები აქვს Apple-ის განახლებულ ოპერაციულ სისტემა iOS 27-ს

„ტოიოტა ცენტრი ბათუმმა“ ახალი Toyota RAV4 ოფიციალურად წარადგინა