in

რისი სწავლა შეუძლიათ ბრენდებს კრისტოფერ ნოლანისგან?

ოსკარის სეზონი ყოველთვის მრავალფეროვანია, მოახლოებასთან ერთად კი მოლოდინები სულ უფრო მძაფრდება. მით უმეტეს, როცა ასპარეზზე ისეთი ფილმი იბრძვის, როგორიც კრისტოფერ ნოლანის „ოპენჰაიმერია“. ამ უკანასკნელმა „ოქროს გლობუსზე“ გაიმარჯვა და PGA, DGA, AFI და BAFTA-ს ჯილდოები მოიპოვა.

საინტერესოა, როგორ მოახერხა საამსათიანმა სიუჟეტმა თეორიული ფიზიკოსის შესახებ $958 მილიონის გამომუშავება? შესაძლოა, პასუხი ძალიან მარტივი იყოს — „ის კრისტოფერ ნოლანის ფილმია“. ალფრედ ჰიჩკოკის მსგავსად 1950-იან და 1960-იან წლებში, როდესაც მან შექმნა ისეთი კლასიკა, როგორებიცაა „თავბრუსხვევა“ და „ფსიქო“, ნოლანი გახდა არა მხოლოდ სახელის ფენომენი, არამედ მიმზიდველობის ერთ-ერთი მთავარი ცენტრი კინომოყვარულებისთვის. ამ ორივე რეჟისორს ის საერთო აქვს, რომ სხვადასხვა შინაარსის სიუჟეტს სრულიად უნიკალურად ამუშავებენ — იქცნენ როგორც პოპულარული, ისე ინტელექტუალურად მდიდარი ფილმების ავტორებად. მარტივად რომ ვთქვათ, მათი ფილმები ერთდროულად სერიოზული და მომხიბვლელია.

ობიექტურად თუ შევაფასებთ, ბოლო 25 წლის განმავლობაში ნოლანს არცერთი ცუდი ფილმი არ გადაუღია. ფაქტობრივად, ყოველი მათგანი შესანიშნავია, რასაც ვერ ვიტყვით ისეთ რეჟისორებზეც კი, როგორებიც არიან სტივენ სპილბერგი, მარტინ სკორსეზე, კვენტინ ტარანტინო და რიდლი სკოტი. ამიტომაცაა, რომ მაყურებლები ყოველთვის გამორჩეულად ელიან ნოლანის ფილმებს — მოლოდინი კი, ალბათ, არასოდეს აღემატება საბოლოო შედეგს.

რა თქმა უნდა, წარმატების უკან უდიდესი შრომა დგას, რაც არა მხოლოდ რეჟისორებისა და სცენარისტებისთვის, არამედ ნებისმიერი ბრენდისთვის გაკვეთილია. მაგალითად, ნოლანის შემოქმედების საფუძველზე თამამად შეგვიძლია იმის თქმა, რომ კრისტოფერისთვის მთავარი ამოსავალი წერტილი ინოვაციურობა და კრეატიულობაა — ის ცნობილია საზღვრების გარღვევით. ხშირად უპირისპირდება ჩვეულებრივ ნარატივებს და უფრო კომპლექსურ სიუჟეტებს, არაწრფივ სტრუქტურებს მიჰყვება. ანალოგიურად, ბრენდებს შეუძლიათ, ჩარჩოს მიღმა იფიქრონ და რაღაც ახალი, უნიკალური შესთავაზონ აუდიტორიას.

გარდა ამისა, ნოლანის ფილმებში აშკარა აქცენტი იგრძნობა უნაკლო ხარისხსა და დეტალებისადმი ყურადღებაზე. თვალწარმტაცი ვიზუალებით დაწყებული, ზედმიწევნით შემუშავებული ნარატივებით დასრულებული, მისი ნამუშევრების ყველა ასპექტი სრულყოფილებისადმი ერთგულებას ასახავს. ამის მაგალითზე, ბრენდებს შეუძლიათ, ხარისხზე ორიენტირებულობა აიღონ პრიორიტეტად — ასე მომხმარებლების მხრიდან ნდობასა და ლოიალობას დაიმსახურებენ.

უბრალოდ, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებლად უნდა ვიფიქროთ ემოციურ ნაწილზეც. კრისტოფერის ფილმები ხშირად სიღრმისეული თემებისკენაა მიმართული, როგორებიცაა იდენტობა, ზნეობა, რეალობის ბუნება და ა. შ. ბრენდებსაც შეუძლიათ ამ მიდგომის გათვალისწინება — იზრუნონ ისეთ ნარატივებზე, რომლებიც უნივერსალურ ადამიანურ გამოცდილებასა და ღირებულებებს ეყრდნობა. რაც უფრო მეტ ემოციას აღძრავთ, მით მეტად დაამახსოვრდებით ხალხსაც…

და ბოლოს, კინოს მუდმივად ცვალებადი ლანდშაფტის მიუხედავად, ნოლანის ფილმებს „მარადიული ხასიათი აქვს“. სხვა სიტყვებით, ისინი ტრენდებსა და მოდას სცდება — ამიტომაცაა ბევრი თაობისთვის შესაბამისი, ერთნაირად საინტერესო. ანალოგიურად, ბრენდებიც ისეთი პროდუქტების თუ სერვისების შექმნისკენ უნდა ისწრაფოდნენ, რომლებიც დროს გაუძლებს. მუდმივ ღირებულებებსა და პრინციპებზე ფოკუსირებით, თავის დამკვიდრება გაცილებით ადვილია.

„თვითგამოხატვა ადამიანის ფუნდამენტური მოთხოვნილებაა” – Autogallery-ს საიმიჯო კამპანია

ბიტნეტმა მომხმარებელს პირველი ქართული კრიპტო თაიგული წარუდგინა