ბიზნესის წამოწყებისას, ეფექტური სახელწოდების მოფიქრებას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, როგორ უნდა შევარჩიოთ ისეთი სახელდება, რომელიც მჟღერიც იქნება, შინაარსიანიც და ღირსეულ კონკურენციასაც გასწევს? როგორი შეიძლება იყოს სახელი, რომლის გაგონებაზეც მომხმარებელს კონკრეტულად ჩვენი კომპანია გაახსენდება? ამ კითხვებზე პასუხი, დღესდღეობით, უამრავი კომპანიის გამოწვევაა. საკითხის აქტუალობამ შესაბამისი სერვისის არსებობა განაპირობა. სწორედ ამიტომ, შეიქმნა სააგენტო “ქრისტოფერ რობინი” (Christopher Robin), რომელიც უშუალოდ სახელდების შექმნაზე მუშაობს. როგორ იქმნება ეფექტური სახელდება და კონკრეტულად, რას აკეთებს “ქრისტოფერ რობინი”? – სააგენტოს შესახებ ჩვენს კითხვებს, “ქრისტოფერ რობინის” კრეატიულმა დირექტორმა, შოთა ჯინჭარაძემ უპასუხა.
M: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანიის სახელი, რომ გაამართლოს?
ჩვენთვის პირველი და უმთავრესი კრიტერიუმი განსხვავებულობაა, განსხვავებულობა აჩენს მარტივად დამახსოვრების საშუალებას და გვეხმარება პროდუქტის შემდეგ კომუნიკაციაში. ყოველთვის ვცდილობთ დამკვეთს შევთავაზოთ სახელის ისეთი ვარიანტები, რომლებიც შემდგომ მომხმარებელში გამოიწვევს პირველ ღიმილს, თუ ეს მიღწეულია, შენ უკვე გაქვს დადებითი განწყობა შექმნილი და შეგიძლია მომხმარებელთან გაცილებით ახლო და უშუალო კონტაქტი გქონდეს.
M: როგორ შეარჩიეთ სააგენტოს სახელი “ქრისტოფერ რობინი”?
ყველა სახელს აქვს ისტორია, ქრისტოფერის ისტორია შემდეგია: ის თითოეული ჩვენგანის საყვარელი წიგნისა და ეკრანიზაციის Winnie The Pooh ერთ-ერთი მოქმედი გმირია. ის ნამდვილი ბიჭია, მწერალ ალან მილნის შვილი. წიგნსა და ეკრანიზაციაში მისი რეალური სათამაშოებია გამოყენებული. სწორედ ქრისტოფერმა დაარქვა სხვა გმირებს სახელები. გარდა ამისა, ეკრანიზაციაში ქრისტოფერი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ვინმეს დახმარება ან რჩევა სჭირდება. ვინი თაფლს ვერ წვდება, თუ მუცელი სტკივა, ქრისტოფერი ყოველთვის მზადაა დაეხმაროს და პრობლემები გადაუჭრას მას. სწორედ ასეთ კომპანიად წარმოგვედგინა „ქრისტოფერ რობინი“, როცა მისი შექმნა გადავწყვიტეთ.
M: უკვე განხორციელებულ პროექტებზეც გვიამბეთ…
ბოლოდროინდელი პროექტებიდან მახსენდება „ბაკურიანი ციდა“ და „უმალი“. “ციდა”, მოგეხსენებათ, საბავშვო წყალია და მის სახელსაც ბავშვობაში გადავყავართ. ყველანი ვიყავით ერთი “ციდა”. გარდა ამისა, სახელის კონცეფციაში შესულია “ციდას”, როგორც ძველი საზომი ერთეულის დანიშნულებაც. “ბაკურიანი ციდას” ბოთლი, დაახლოებით, იმხელაა, რამხელაც ერთი ციდა.
“უმალის” ბრიფს რაც შეეხება, სახელი სჭირდებოდათ პროდუქტისთვის, რომლის ძირითად ბენეფიტებს წარმოადგენდა სწრაფად მომზადება, რადგან არ ჰქონდა ძვლები და ძირითადად წარმოდგენილი იყო ფილეს სახით. სახელი „უმალი“ თავის თავში შეიცავს სწრაფად მომზადებას – უმალ – და უძვლოსაც ანუ უმალოსაც.
M: სახელდობრ, რა სერვისები აქვს სააგენტოს Christopher Robin?
ძირითადი სერვისი ნეიმინგია. სახელწოდება, ლოგო, გამოყენების წესები და კომუნიკაციის სტრატეგია. თუმცა გვყავს ასევე გუნდი, რომელიც საციალურ მედიაში ჩვენი შექმნილი კომპანიებისთვის კომუნიკაციას აწარმოებენ.
M: რატომ გახდა საჭირო, სახელდების მომსახურებისთვის ცალკე სააგენტოს შექმნა?
ადამიანები ისედაც ცდილობენ თავადვე მოიფიქრონ თავიანთი კომპანიის სახელი და ამ დროს, როდესაც არ არსებობს კონკრეტული პროდუქტის შეთავაზება და მასზე პოზიციონირებული კომპანია მათთვის რთულია გამორკვევის პროცესი. ესეთი საჭიროების დროს უნდა მოხდეს „recall“ მომხმარებლის გონებაში და ქრისტოფერი ცდილობს, რომ სწორედ ის იყოს, ვინც პირველი გაახსენდებათ.
M: თქვენი პოზიციონირებიდან გამომდინარე, საკმაოდ ვიწრო ნიშა გაქვთ არჩეული. როგორ შეაფასებთ, გაამართლა ამ მიდგომამ?
ქრისტოფერმა “ასახელა” კომპანიები, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურობაში გვხვდებიან, იქნება ეს „ბაკურიანი ციდა“, „უმალი“, „პულსარი“ „Old School” თუ სხვა. ვფიქრობთ, ამ ჩამონათვალში მხოლოდ ერთი კომპანიაც რომ ყოფილიყო, უკვე გამართლებული იქნებოდა მისი არსებობა. ყოველი სახელის უკან, თავისი მოკლე ამბავი დგას, რომელიც ყოველ ჯერზე გვაღიმებს, სიამაყესა და თითოეულ ჩვენგანს თავდაჯერებულობას გვმატებს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ.