„არ არის საკმარისი მეხსიერება ამ გვერდის გასახსნელად“ — ჩვეულებრივ, ეს ხარვეზი მაშინ ჩნდება Chrome-ში, როცა ბრაუზერმა ხელმისაწვდომი ოპერატიული მეხსიერება უკვე სრულად გამოიყენა და მეტი გვერდის გახსნას ვეღარ ახერხებს. საბედნიეროდ, პრობლემა გამოსწორებადია, საჭირო გზებს კი სტატიაში გაგიზიარებთ.
გამორთეთ არასაჭირო ჩანართები
ეს მარტივი ფორმულაა: რაც უფრო მეტ ჩანართს გახსნით, მით მეტი ოპერატიული მეხსიერება სჭირდება Chrome-ს. თუ შეამჩნევთ, რომ ბრაუზერი მეხსიერების ნაკლებობის გამო ცუდად მუშაობს, გამოხშირეთ არასაჭირო ვებგვერდები. თანაც მათ შესანახად ბევრი პლატფორმის გამოყენება შეგიძლიათ — თუნდაც „ასანაში“ რომ ჩამოწეროთ ან კიდევ უფრო ადვილად, საკუთარ თავს გაუგზავნოთ ნებისმიერ სოციალურ ქსელში.
თუ არ იცით, რომელი ჩანართები იკავებს ყველაზე დიდ მეხსიერებას, შეამოწმეთ ქრომის Task Manager. ამისათვის ზედა მარჯვენა კუთხეში დააკლიკეთ სამი წერტილის ნიშანს და აირჩიეთ More Tools > Task Manager. აქვე ნახავთ Memory Footprint-ს, რომელიც ავტომატურად დაალაგებს ჩანართებს მეხსიერების სიდიდის მიხედვით.
განაახლეთ Google Chrome
ვიდრე ინტენსიურ ნაბიჯებს გადადგამთ, აუცილებლად უნდა განაახლოთ ბრაუზერი. შესაძლოა, ამან მარტივად მოაგვაროს პრობლემა — ნებისმიერი ხარვეზი აღმოიფხვრას და ახალი ჩანართებიც ჩვეულებრივ გაიხსნას.
ამისათვის კვლავ მარჯვენა კუთხეში განთავსებულ სამ წერტილს დააჭირეთ და აირჩიეთ: Help > About Google Chrome. თუკი განახლება სჭირდება ბრაუზერს, დააკლიკებთ დაინსტალირებას, შემდეგ კი — Relaunch-ს. ზოგადად, განახლება ყოველთვის კარგია, რადგან მუშაობის გაუმჯობესება და ახალი ფუნქციების გააქტიურება შეუძლია.
ჩართეთ მეხსიერების დაზოგვის რეჟიმი
ეს ფუნქცია გაასუფთავებს ნებისმიერ მეხსიერებას, რომელიც არააქტიური ჩანართებითაა დაკავებული. შესაბამისად, აქტიურ ვებგვერდებსა და კომპიუტერში არსებულ სხვა პროგრამებს მეტი ოპერატიული მეხსიერება ექნება სამუშაოდ.
ფუნქციის გასააქტიურებლად ამ ნაბიჯებს მიჰყევით: სამი წერტილის ხატულა > More Tools > Performance. აქ აირჩევთ მეხსიერებას და Memory Saver-ს, რომელზე დაკლიკვის შემდეგაც ავტომატურად ჩაირთვება.
გაასუფთავეთ cache და ქუქი-ფაილები
თითოეული ვებგვერდის გახსნისას, ბრაუზერში ეტაპობრივად გროვდება ე. წ. cache და ქუქი-ფაილები, რაც საკმაოდ დიდ მეხსიერებას იკავებს დროთა განმავლობაში. შესაბამისად, მათი გაწმენდაც მნიშვნელოვანია: სამი წერტილის ნიშნულზე დაკლიკვის შემდეგ, აირჩიეთ Cookies and Other Site Data > Cached Images and Files > Clear Data.
გამორთეთ Chrome Extensions
თუ ბრაუზერში ძალიან ბევრი დამატებითი აპლიკაცია ერთდროულად გაქვთ გახსნილი, შეიძლება, თითოეულ მათგანს დიდი ოპერატიული მეხსიერების გამოყენება დასჭირდეს. ამის გამოსასწორებლად, გამორთეთ ის დანამატები, რომლებსაც რეგულარულად არ იყენებთ.
მათ გამოსართავად სამი წერტილის მენიუდან გადადით Extensions-ში, დააკლიკეთ Manage Extensions-ს, სრული ჩამონათავლიდან კი კონკრეტულს გააუქმებთ.