7
Mar
2019

„ჩუ“ – სამაგიდო თამაში, რომელიც ჟესტურ ენას გვასწავლის

7 Mar 2019

Startauperi
Startauperi


ჩუ“ არის სტარტაპი, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს ვისწავლოთ ჟესტური ენა და გავიმარტივოთ კომუნიკაცია სმენის პრობლემების მქონე ადამიანებთან. მისი იდეა 2017 წლიდან არსებობს. მაშინ, არქიტექტურის მიმართულების სტუდენტი –  სალომე წიქვაძე, ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით, ერთ-ერთ მეიქათონზე საკუთარი იდეის – ჟესტური ენის ანბანისგან შექმნილი მაცივრის მაგნიტების შესახებ საუბრობდა. თუმცა, თანამოაზრეები არ გამოჩნდნენ… „გამოვედი, ყველას ვაჩვენე ეს ანბანი და წარმოიდგინეთ, არავინ გადაწყვიტა, რომ ჩემს გუნდში ყოფილიყო. არავის აინტერესებდა ჟესტური ენის სწავლა“.

ეს იყო გამოცდილება, რომელმაც სალომე მიზნის მიღწევის ალტერნატიულ გზებზე დააფიქრა. მან გადაწყვიტა, ჟესტური ენის სწავლის პროცესი სახალისო და მარტივი გაეხადა, რასაც თამაშის მოფიქრების გზით მიაღწია. ასე გაჩნდა სამაგიდო თამაში „ჩუ“, სხვაგვარად კი ჟესტური ენის პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი სოციალური საწარმო, რომელიც სამაგიდო თამაშების მეშვეობით ცდილობს საზოგადოებაში თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას. „ჩუს“ უკვე ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. მას თამაშობენ სხვადასხვა ბარებში, სოციალურ კაფეებსა თუ სასკოლო სივრცეში. სალომეს მიერ, საკუთარი ბრენდისთვის შექმნილი პერსონაჟი – ჩუმენი კი მთელი საქართველოს მოვლასა და სხვადასხვა რეგიონში, ჟესტური ენის თამაშ-თამაშით პოპულარიზებას გეგმავს.

M: ვინ არის ჩუმენი?
ჩუმენი ჩვენი თამაშის პერსონაჟია. ვიზუალურად ჩარლი ჩაპლინს ჰგავს, რაც იდეურად, მუნჯ კინოსაც ებმის. სხვა მხრივ, ძალიან მინდოდა ჩუმენი ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი ყოფილიყო და ვფიქრობ, ამას სულ უფრო ახერხებს.

M: რა შეიცვალა 2017 წლიდან დღემდე და როგორ შეძელით იდეის განხორციელება?
ამ ორი წლის განმავლობაში ვცდილობდი, რომ განმეხორციელებინა იდეა. ამისთვის, მოვიძიე სხვადასხვა დაფინანსება. ამ პერიოდის განმავლობაში, შევისწავლე გრაფიკული დიზაინი, იმისათვის, რომ ჩემით გამეკეთებინა ვიზუალები და არ დამჭირვებოდა სხვების დახმარება.

M: როგორ დაიწყო თქვენი დაინტერესება ჟესტური ენით? რატომ გადაწყვიტეთ ამ მიმართულების პოპულარიზებაზე ზრუნვა?
ბავშვობიდან მაინტერესებს ჟესტური ენა. მქონია შეხება სმენის არ მქონე ადამიანებთან და მინდოდა, რომ გამემარტივებინა მათთან ჩემი კომუნიკაცია. მინდოდა, რომ სხვებისთვისაც მომეწოდებინა, რომ ესწავლათ. თავიდან, როცა ვქმნიდი ამ თამაშს, ვქმნიდი პრობლემის გადაჭრის მიზნით. საზოგადოების მიმღებლობა არის ძალიან დაბალი. ვერ ვაწარმოებთ ჯანსაღ კომუნიკაციას პირებთან, ვისაც აქვს სმენის პრობლემები და ა.შ. ასეთი აზრი მქონდა. შევქმენი ეს თამაში და ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თამაშობს უკვე. მივხვდი, რომ მიმღებლობა არც ისე დაბალია. მთავარია, ეს ყველაფერი სწორად გავაკეთოთ და ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს. 

M: როგორია თამაშის პრინციპი? შეუძლიათ, თუ არა სმენადაქვეითებულებს და სმენის პრობლემის არ მქონეებს ერთად ითამაშონ „ჩუ“?
დიახ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. სმენადაქვეითებულებს და სმენის პრობლემის არ მქონეებს ერთად შეუძლიათ თამაში, რაც ამარტივებს კომუნიკაციას. თამაშის პრინციპი სიტყვობანას მსგავსია. არის სიტყვა, რომლის ახსნაც ჟესტური ენის გამოყენებით უწევთ მოთამაშეებს. ბარათებზე არის გამოსახული ჟესტური სიტყვები და სხვა მოთამაშემ უნდა გამოიცნოს, რომელ სიტყვას ხსნიან.

M: სად შეიძლება „ჩუს“ თამაში, ან მისი შეძენა?
„ჩუს“ თამაში და შეძენა შესაძლებელია შემდეგ ადგილებში: Tsibakha Game Club, „ლიბრა“, „ზერო ეფექტი“, „მაიმუნობები“, „გარაჟი 11“. ასევე, შესაძლებელია შეკვეთა ჩვენს ფეისბუკ გვერდზე. 

M: რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? აპირებთ, თუ არა ჟესტური ენის პოპულარიზების მიზნით, ბაზარზე  სხვა სიახლეების შემოტანას?
მაქვს 5 თამაშის იდეა. რა თქმა უნდა, ფინანსები არის საჭირო ამისთვის. თუმცა, მინდა, რომ ჯერ ეს თამაში დამკვიდრდეს. სხვა თამაშების იდეებიც ჟესტურ ენას უკავშირდება. ახლა შევქმენით ჩუმენის მოგზაურობის ფონდი. თითოეული თამაშიდან თითო ლარი ირიცხება ამ ფონდში, იმისათვის, რომ ჩუმენმა იმოგზაუროს მთელი საქართველოს მასშტაბით. კვირას ვიწყებთ ჩვენს მოგზაურობას, მივდივართ წალკის მუნიციპალიტეტში და იქაური ბავშვები უნდა ვათამაშოთ. ვგეგმავთ, რომ საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდეთ და ადამიანებს ჟესტური ენა ვასწავლოთ.

განხილვა