ვინ ვარ? რა ფასეულობები გამაჩნია? მიფიქრია შეცდომებზე ან მათ გამოსწორებაზე? რა არის ის უცნობი ნაწილი, რომლის შეცნობასაც გავურბივარ? სხვაგან ხომ არ ვეძებ საჭირო პასუხებს? იქნებ, ამ პასუხების სულაც, მეშინია? – ეს იმ კითხვების მხოლოდ ნაწილია, რაზეც ხელოვან ნინო ჩუბინიშვილის, იგივე ჩუბიკას, ნამუშევარმა დამაფიქრა… გამოფენა, სახელწოდებით „მეხუთე ოთახი – შეცდომების კორექცია პროექტ „ტრიენალეს“ ფარგლებში იმართება. „ტრიენალეს“ მთავარი თემაა „The Will” ანუ “ნება“, „ნებელობა“…
მეცნიერებათა აკადემიის გუმბათოვან ნაწილს ჯერ კიდევ ეტყობა საბჭოური ნაკვალევი. გვიანი შემოდგომის საღამო კიდევ უფრო მისტიკურს ხდის ამ ადგილს. გუმბათისკენ სპირალურად ამავალ გზაზე მუდმივად მესმის უჩვეულო ხმები. გზადაგზა წითელი ფარდები მხვდება… ჩურჩულიც დაუსრულებლად გრძელდება და ვიწრო კიბით ღია გუმბათქვეშ ავდივარ… აქ უკვე ის მომენტია, რომელიც ყველამ თავად უნდა შეიგრძნოს და გაითავისოს. ამიტომ, დეტალების მოყოლის ნაცვლად, გეტყვით, რომ გამოფენის დათვალიერება, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში, რვა დეკემბრის ჩათვლით, ორშაბათის გარდა, ყოველდღეა შესაძლებელი. ჩვენ კი ჩუბიკას სამუშაო ოთახში გადავინაცვლოთ, ატმოსფეროში, სადაც დროის შეგრძნება სრულიად ქრება და რესპონდენტთან ერთად, სრულიად სხვა განზომილებაში ვიწყებ მოგზაურობას, “System Error”-ის, ანუ “სისტემური შეცდომის” ძიებაში…
M: გამოფენის სახელწოდებიდან თუ გამოვალთ, „შეცდომების კორექცია“ საბჭოთა პერიოდიდან გამოყოლილი შეცდომების გამოსწორებას გულისხმობს?
90-იანებში უცებ დაინგრა ყველაფერი. მე ვიყავი ზუსტად იმ თაობის ნაწილი, რომელზეც გადატყდა ეს ცვლილება. ჩემი მეგობრების ნახევარი დაიღუპა. გავიარეთ ძალიან პრობლემური ცხოვრება, იმ გაგებით, რომ ყველაფერი წყალში ჩაგვეყარა. მართალია, გონებრივად არ ვიყავით საბჭოთა სისტემის ნაწილი, თუმცა, დრო მოვიდა, როცა ყველაფერი უნდა გადაგვეფასებინა.
ქვეყანამ ამხელა ისტორიული ცვლილება განიცადა. ისეთი სიმახინჯე ამოვიდა ზედაპირზე, რაც საბჭოთა დროს კარგად იყო შენიღბული. ამ ყველაფერმა ველური ფორმა მიიღო. ჩაგვრა თვითმიზნად გადაიქცა… ეს System Error-ია. სისტემებს შორის გავიჭედეთ წარმოსახვით რეალობაში ვცხოვრობთ, ვაშენებთ წარმოსახვით დასავლეთს. საზოგადოება პრიმიტიულ დონეზეც კი გებრძვის, რომ არ გაგაჩნდეს შენი საკუთარი აზრი, არამედ “მეინსტრიმულად” უნდა ფიქრობდე, “ქუულ” უნდა იყო. ხშირად, ვიქექებით იქ, სადაც არ არის პრობლემა, ხოლო პრობლემაში გვეშინია ქექვის… ზოგჯერ იმდენად ჭარბია აგრესია, რომ ეს ნამდვილად არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. ეს რაღაცის ნიშანია. არ არის ადამიანი ერთმნიშვნელოვნად ასეთი ბოროტი…
რა გვჭირს და რა მოხდა? თუ არ გამოიკვლიე, საიდან დაიწყო და როგორ განვითარდა ეს პროცესი, მუდმივად გართულდება. ესაა კითხვის დასმა საკუთარი თავის მიმართ, რადგან მეც გავიარე ეს ცხოვრება, ახლაც გავდივარ… ამ სივრცემ ჩემში უამრავი კითხვა გააჩინა: რა იყო ეს სივრცე? როგორია ეს ექო ჩემს თავში?
M: “მეხუთე ოთახი” რაიმეს სიმბოლოა?
მთელი ეს გამოფენა მთლიანად სიმბოლიკაა… მეხუთე ოთახი სივრცეა, რომელშიც მუდმივად შეიცნობ იმას, რაც არ იცოდი. ამ გაგებით, დაბადებაც იგივეა – ჩვენი ყოველი წუთი რაღაცის მიზეზი ხდება. მეხუთე ოთახი თვითონაა პროცესი…
M: წინა ოთხი ოთახი…
სულ პირველი ნამუშევარი, რომლის დროსაც გაჩნდა “მეხუთე ოთახის” იდეა, იყო ოთხოთახიანი კონსტრუქცია. თითოეულ ოთახში გარკვეული სცენა თამაშდებოდა… მეხუთე ოთახში კი, არ ვიცოდი, რა იქნებოდა. „მეხუთე ოთახის“ იდეა, შარშან, აბრეშუმის მუზეუმში, გამოფენის კეთებისას მომივიდა.
ეს გამოფენა უკვე პირდაპირ „მეხუთე ოთახია“. მოვხვდით სივრცეში, რომელმაც თავად გააჩინა კითხვები. დაგეგმილი კი არ მქონდა, იმ ადგილიდან ეს ყველაფერი. მეხუთე ოთახი არის მუდმივად ცვალებადი სივრცე. ყოველ ჯერზე, სხვადასხვა, ჯერ კიდევ შეუცნობელი ინფორმაცია შეიძლება მოვიდეს. ესაა ძალიან კონცენტრირებული და ცოცხალი პროცესი. გამოფენის მზადების ბოლო წუთებშიც კი, ჩემს კითხვებზე ვცემდი პასუხებს.
M: ჯერ გაცნობიერება მოდის და შემდეგ ქმნით ნამუშევარს, თუ პირიქით?
ამაზე ნაფიქრი მაქვს. ეს არ არის წრფე, ჯერ რომელიმე ერთი მოვა თუ მეორე… ესაა სპირალი. ჯერ რაღაც იმპულსია გრძნობით დონეზე, მივყვები და შეიძლება, იმავე წრის, სპირალურად სხვა წერტილში მიმიყვანოს. ვიღაცას აქვს ნათქვამი, რომ ინტუიციამ უფრო ადრე იცის, ვიდრე ცოდნამ. ინტუიცია მაინც ღვთაებრივია. ის, რაც ჩვენი ხედვის მიღმაა. რაც უფრო ვენდობი მას და არაა ჩემი კონტროლის ქვეშ, მით უფრო ღრმა რაღაცამდე მივყავარ. ეგეთი მომენტი მქონდა ზუსტად 98 წელს. როცა ნამდვილი პროცესი ვიგრძენი. თითქოს უფსკრულში, ფაქტობრივად, სიცარიელეში გადავხტი. საერთოდ არაფერი მქონდა შინაგანად „გახსნილი“ და არ ვიცოდი, როგორია ეს პროცესი. ნაბიჯი რომ გადავდგი და შევყევი, ისეთ ლანდშაფტებში აღმოვჩნდი, რაც ვერც წარმომედგინა. თუნდაც, ამ გამოფენაზე… მთელი თვის მანძილზე, საოცრება გავიარეთ. ეს ძალიან ცოცხალი პროცესია, ხან ვტიროდით, ხან ვიცინოდით.
M: როგორ იქმნებოდა გამოფენა?
ამ ექსპოზიციაზე მუშაობას ერთი თვე დასჭირდა. საგამოფენო ადგილი, საბჭოთა კავშირის დროინდელი, მიტოვებული სივრცე იყო, სადაც ძალიან ბევრი ნაგავი დაგროვილიყო. როცა მე შევედი, ყველაფერი ხელუხლებელი შემორჩენილიყო. სანამ ექსპოზიციის აწყობას დავიწყებდი, მინდოდა ისე დამელაგებინა, რომ ის მიტოვებულობა, ის სული, რაც იმ ადგილს ჰქონდა, არ მომეკლა. ვერცერთ დამლაგებელს ვერ ვეტყოდი, გაეტანა ნაგავი, მე უნდა მივმხვდარიყავი, რა იყო გასატანი და რა არა, ამიტომ მე ვალაგებდი. იქ ობობის ქსელები სპეციალურად არის დატოვებული… მთელი თვის განმავლობაში გამქონდა ნაგავი. ამას რომ ვალაგებდი, მივხვდი, რამხელა პატივია მენაგვეობა, რომ ასუფთავებ შენს პლანეტას.
M: გაქვთ ხოლმე შიში, რომ ვერ გაიგებენ თქვენს იდეას?
როგორ არა… თუმცა, წუხილის საგანი ის კი არაა, ვაითუ ვერ გაიგონ, არამედ, ვაითუ, არავის სჭირდება ეს ყველაფერი… რატომღაც ძალიან იშვიათია პროფესიონალური შეფასება… დასავლეთში ყველაფერს გიზიარებენ, შეუძლიათ კრიტიკული ანალიზი, აქვთ ემოცია, ნამუშევარს ყოველთვის სერიოზულად უყურებენ, უკუკავშირს გაძლევენ, გეკითხებიან, უღრმავდებიან, გაკრიტიკებენ, გიფასებენ… გრძნობ, რომ შენი ნამუშევარი იქ გრძელდება. გრძნობ, რომ იზრდები… ამ დროს გაჩენილი აზრები ნამუშევრის სრულყოფის საშუალებას გაძლევს.
ნამუშევრების შეფასებას, ჩემს მეგობარ პროფესიონალ მხატვრებს ვთხოვ ხოლმე. მქონია მომენტები, როდესაც ნამუშევარი ძალიან მომწონებია, თუმცა, ძალიან კარგია, როცა ახალი კითხვები გიჩნდება.
M: როდესაც ხელოვნებით დაინტერესდით, წარმოიდგენდით, რამხელა სიღრმეებთან იყო ის დაკავშირებული?
რაღაც ენერგიას სულ ვგრძნობდი, დიდ ენერგიას. 16 წლიდან მქონდა პატარა ოთახი, ჩემი სამყარო. არაფერი მქონდა გარკვეული, სულ ვიყავი ძიებაში. მგონია, რომ ასეთი ან ხარ ან არ ხარ. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი წინააღმდეგობა გარემოცვის მხრიდან, იმის გამო, რომ გაკვალულ გზას არ მიჰყვებიან. კი, ზოგი ადამიანი გაკვალულ გზაზე სიარულისთვისაა გაჩენილი და ეს კარგია, თუმცა არიან ისეთებიც, გაკვალულ გზაზე რომ ატარო, უბრალოდ, მოკლავ ამით.
M: წარმოგიდგენიათ თქვენი თავი ხელოვნების გარეშე?
ხელოვნება რომ არ მქონდეს, არც ვიცი, ცოცხალი ვიქნებოდი თუ არა. ამის გარეშე ვერ ვიზრდები, ვერ ვუმკლავდები. არ შემიძლია, დავჯდე და რაციონალურად გავიაზრო რაღაც, თუ არ გავიარე ეს გზა, სადაც კიდეც ვკვდები, განვიცდი, ვიბადები… რაც მეტი წინაღობა გაქვს, რაც მეტ ბარიერს უმკლავდები, მთელი „მუღამიც“ ეგაა. არ უნდა დაგენანოს საკუთარი ენერგია, განცდა იმისთვის, რასაც ქმნი. ტარკოვსკი ამბობს, რეჟისურა კი არ გამოიყენონ თავისთვის, არაფერი დაინანონ, რომ გასცენო… ვერ ცხოვრობ ადვილად… მე ეს მომწონს. მომწონს ილუზიების ნგრევა და რაღაც ნამდვილთან მიახლოება. ეს მზრდის.
M: რამდენად თავსებადია ერთმანეთთან კომერცია და ხელოვნება?
საერთოდ არ უნდა იფიქრო ამაზე, ეს სრულიად შეუთავსებელია… კი, ყველა დიდი ხელოვანი პურისთვის ქმნიდა ნამუშევრებს – ეს შენი საქმეა, რომელსაც აკეთებ. თუმცა, როცა კომერცია და კარიერა მთავარი ხდება, მაგ დროს კვდება ხელოვნება. ეს იგივეა, ვინმე ფულისთვის ან წარმატებისთვის გიყვარდეს. წარმატებას დრო განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ დონეზე, როცა შენს თავთან რაღაც პროცესს გაივლი და რაღაც ნამდვილს ეზიარები, ეს რაღაცნაირად არის წარმატება. შეიძლება ეს სხვისთვის სრულიად გაუგებარი იყოს. ვან გოგს თუ არ ჰქონდა ისეთი წარმატება, როგორიც პიკასოს, ამით რა?! ეს არ უნდა იყოს თვითმიზანი.
M: დღევანდელ ხელოვანს თუ აქვს მხარდაჭერა?
მე თვითონ ხელოვანების ოჯახიდან ვარ. ბებიაჩემი მხატვარი იყო, ბაბუაჩემი – ხელოვნებათმცოდნე. გიორგი ჩუბინიშვილი. მათ შექმნეს ქართული ხელოვნების ისტორია. მათ დროს, ხელოვანი იყო ძალიან საპატივცემულო. იქამდე, ხელოვანებს, უბრალოდ, ხვრეტდნენ, რაც იმის ნიშანია, რომ მას დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე. ის დროც მახსოვს, როცა ხელოვანი როლდაკარგული ადამიანი იყო. ახლა ისევ იზრდება ხელოვანის როლი, ყურადღება მის მიმართ. ახლა არავინ ავიწროებს ხელოვანს და ეს უკვე ძალიან კარგია. თუ სათქმელი გაქვს, შეგიძლია გამოთქვა – მე ეს მირჩევნია, ვიდრე საბჭოთა დაფინანსებისა და კორუფციის პერიოდი. სამწუხაროდ, საბჭოთა კორუფციას ახლაც ვხედავ და ეს ძალიან დამთრგუნველია…
M: რას გულისხმობთ კორუფციაში?
ეს გამოფენა მიხეილ კობახიძეს მიეძღვნა. გენიალურ რეჟისორს, რომელმაც გადაიღო „ქორწილი“, „მუსიკოსები“, „ქოლგა“… ეს მოკლემეტრაჟიანი შედევრები. მიხეილ (მიშა) კობახიძე არ ეგუებოდა იმდროინდელი სისტემის წესებს. ამიტომ, მთელი მისი ცხოვრება თავისი იდეის გამო, წავიდა დასავლეთში, იქ იცხოვრა… ძალიან ტრაგიკული ცხოვრება განვლო. ესაა გენიოსი, რომელიც დღეს ძალიან ცოტას ახსოვს… ძალიან ხშირი და სიმპტომატურია ქართველებში, რომ თუ ადამიანი რომელიღაც „ჯოგთან“ არ არის ახლოს, ის რეალურად ჩაქოლილი და გაგდებულია ყველასგან… ამ დროს, პარიზში, „სინემატიკსში“, ყოველწლიურად მიდის მიხეილ კობახიძის რეტროსპექტივა… და როდესაც, ერთ დღეს, მიშა კობახიძე აღარ იქნება, თქვენ ნახავთ რიგს ადამიანებისა, რომლებიც მოყვებიან, როგორ უყვარდათ და რა ახლოს იყვნენ მასთან… ამ დროს, სამყარო დგას მიშა კობახიძისნაირ ადამიანებზე… სწორედ ასეთ ადამიანს შეუძლია მომაკვდავს იმედი მისცეს და არა მათ, ვინც ადამიანებზე ცდილობენ გამარჯვებას, ვინც სოციალურ შკალას ქმნიან… არ ვიცი, რატომ უნდა იყოს ყველაფერი დაყვანილი პერსონალურ დამოკიდებულებაზე. მთავარი ხომ იდეაა, ნამუშევარი, რომელიც უნდა შეაფასო იმისგან დამოუკიდებლად, თუ რას ფიქრობ მის ავტორზე…
იქნებ, ესაა მიზეზი, რატომაც არ გვაქვს უწყვეტი კულტურა, რაკი ყველას ვქოლავთ, ვინც პერიოდულად „წამოყოფს“ თავს ხელოვნების ასპარეზზე?! იქნებ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ასე გაიწელა ჩვენი ერის „ორმოდან ამოსვლა“?! ტვინი ფიქრობს იმაზე, რას იფიქრებენ სხვები, როგორ მოაწონოს თავი და არა ჭეშმარიტზე, ნამდვილზე… და უნივერსალურს სწირავს ამ ყველაფრის გამო. ეს არაა მხოლოდ ქართული ფენომენი, უბრალოდ, ჩვენთან ამ ფორმით ხდება. ესაა Corrupted mind…
ავტორი: თამარ მეფარიშვილი