12
ოქტ
2017

„ამიერიდან, მეზობლები კლუბებს დედას აღარ აგინებენ“! – ქართველი წყვილის „ჩუმი” სტარტაპი

12 ოქტ 2017



15 აგვისტოდან, საქართველოში ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდა. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა სხვადასხვა დაწესებულება, საიდანაც ღამის განმავლობაში ხმამაღალი მუსიკა ისმოდა. მათთან ერთად, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ღამის გართობის მოყვარული ადამიანებიც. მსოფლიო მასშტაბით, არსებობს Silent Disco-ს პრაქტიკა, რომლის ფარგლებშიც, ერთ სივრცეში მყოფი ადამიანები ირგებენ ყურსასმენებს, მათ ესმით ერთი და იგივე მუსიკა, ხოლო, ხმაური სივრცეში ან მის გარეთ აღარ გამოდის. ამ გადაწყვეტით, სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც კლუბური ცხოვრებისა და მუსიკის მოყვარულები, ასევე, მათთვის განკუთვნილი სივრცეების მეზობლად მცხოვრები ადამიანებიც კმაყოფილები არიან. 30 სექტემბრიდან საქართველოშიც ხელმისაწვდომი გახდა Silent Discos-ს ანალოგი – „ჩუმი”, რომლის დამსახურებითაც „ამიერიდან, მეზობლები კლუბებს დედას აღარ აგინებენ”! ეს ტექნოლოგია გვაძლევს შესაძლებლობას ვისიამოვნოთ მუსიკით ისე, რომ სხვა არ შევაწუხოთ, გავერთოთ სხვებთან ერთად, ერთ სივრცეში და ამავდროულად, შევარჩიოთ მუსიკა, რადგან „ჩუმი“ გვაძლევს ერთ სივრცეში სამგვარი მუსიკის მოსმენის, შერჩევისა და ხმის რეგულირების საშუალებას. უფრო დეტალურად, რას გულისხმობს გართობა ხმაურის გარეშე და რა პერსპექტივა აქვს მას საქართველოში? ამ თემებზე სტარტაპ „ჩუმის” შემქმნელს – რეზი ჯამაგიძეს ვესაუბრეთ:

M: როგორ გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ „ჩუმი” და როგორი იყო მისი შექმნის პროცესი?
მე და ჩემს მეუღლეს, ანა მენაბდეს იდეა გაგვიჩნდა იქიდან, რომ ხშირად დავდივართ ბარებში, კაფეებში და ისეთ ადგილებში, სადაც ხმამაღალი მუსიკაა. ბოლო დროს, მას შემდეგ, რაც ახალი კანონი შემოვიდა დეციბელებთან დაკავშირებით და ის ჯარიმას ითვალისწინებს, გარკვეული ადგილებში, რომლებიც მჭიდროდ დასახლებულ უბნებთან ახლოსაა, ღამის 11-12 საათის შემდეგ, ხმამაღალ მუსიკას ვეღარ რთავენ, რაც დისკომფორტს გვიქმნიდა როგორც ჩვენ, ასევე, ჩვენს მეგობრებსაც. გვინდოდა რაღაც ისეთი მოგვეძებნა, რომ ეს სიჩუმე აგვეცილებინა თავიდან და ადამიანს ესიამოვნა მუსიკით ისე, რომ სხვა არ შეეწუხებინა. ინტერნეტში ბევრი ძებნის შემდეგ, გადავაწყდით ამ იდეას, რომელსაც ჰქვია Silent Disco. ვიყავით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, სპეციალურად იმისათვის, რომ გვენახა რა შედეგი აქვს, როგორ მოსწონს ხალხს ის. ვნახეთ, რომ საკმაოდ კარგი, ხარისხიანი და საინტერესო გართობა იყო შესაძლებელი ამ საშუალების გამოყენებით და აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ საქართველოში შემოგვეტანა ეს სიახლე.

M: სად იქმნება თქვენი პროდუქცია და კონკრეტულად, რა არის ამ გადაწყვეტის უპირატესობა? 
ყურსასმენები მზადდება ჩინეთში. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს ჩუმ გართობას ივენთებზე, სხვა ადამიანების შეწუხების გარეშე. სისტემა არის დაახლოებით ასეთი: არტისტის მიერ დაკრული მუსიკა ხმამაღლა არ ისმის, ანუ სივრცეში არ გამოდის და მხოლოდ მათ, ვისაც უკეთია ყურსასმენი, აქვთ მუსიკის მოსმენის საშუალება, ისინი არეგულირებენ ხმას და ა.შ. გარდა ამისა, პროდუქტი საინტერესო იმითაა, რომ შესაძლებლობას გვაძლევს ერთ სივრცეში, ერთდროულად, ორმა ან სამმა არტისტმა დაუკრას. დიჯეი იქნება თუ ბენდი, თვითონ მსმენელი განსაზღვრავს, იმ კონკრეტულ მომენტში, რომელს მოუსმენს. 

M: როგორ ცდილობთ საზოგადოებასა და დაინტერესებულ ჯგუფებს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი შეთავაზების შესახებ და ამჟამად, თუ თანამშრომლობთ სხვადასხვა დაწესებულებასთან?
სისტემა ჩამოვიტანეთ სექტემბრის ბოლოს, 30-ში გვქონდა პირველი ივენთი განახლებულ აღმაშენებელზე, კაფე „არკაშიში“, სპონტანურად გადავწყვიტეთ მისი გაკეთება, ძირითადად, გამვლელებზე იყო გათვლილი ივენთი, გვაინტერესებდა, რამდენად მოეწონებოდა სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიისა თუ ინტერესის ადამიანს ჩვენი პროდუქტი. ახლა ვიწყებთ ვიდეო მასალის გავრცელებასა და თანამშრომლობას სხვადასხვა ბართან, კლუბთან. ვფიქრობთ, ჩვენი „ჩუმი“ კარგი იქნება ქორწილებისთვის, კორპორატიული წვეულებებისთვის თუ უბრალო ივენთებისთვის. 

M: როგორია თქვენი სამომავლო გეგმები და „ჩუმთან” თანამშრომლობის პირობები?
ძირითადი ჩვენი მიმართულება იქნება გაქირავება, თუმცა, თუ დაკვეთა იქნება, ივენთ მენეჯმენტამდეც მივდივართ. სრული მომსახურების შეთავაზებას შევძლებთ სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიისთვის. ამ
შემთხვევაში, ფასები დამოკიდებულია დამკვეთის მოთხოვნაზე და წინასწარ განსაზღვრული არ გვაქვს. რადგან საჭიროებები განსხვავებულია თითოეული ღონისძიებისთვის და ეს მოლაპარაკების საგანია. გაქირავებას რაც შეეხება, ერთი ყურსასმენის გაქირავების ფასი იქნება 5 ლარი. ყურსასმენებს მოყვება აპარატურა, რომელიც უნდა მიუერთდეს მუსიკის წყაროს და ძალიან მარტივია მისი მიერთება.

განხილვა